GE

მასწავლებელის სქემის ცვლილებასა და სერტიფიცირებულთა დანამატებზე პარლამენტი შესაბამის უწყებებთან ერთად იმსჯელებს

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა განიხილა დეპუტატ სერგო რატიანის ინიციატივა, რომელიც სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესში არსებულ ბარიერს ეხება. კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის ინიციატივით, დოკუმენტის განხილვა გადაიდო. რამდენიმე დღეში დაინიშნება შეხვედრა, კომიტეტის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებიც სქემის ცვლილებებს და ანაზღაურების საკითხებსაც განიხილავენ. სწორედ ამის შემდეგ მოხდება სერგო რატიანის მიერ წარდგენილი ინიციატივის მოდიფიცირება, რასაც გამორიცხული არაა მხარი უმრავლესობამაც დაუჭიროს.

„შინაარსში მოგყვებით, ფინანსური ბარიერი არის, დაახლოებით 1/3 პედაგოგს ეკუთვნის სტატუსის შესაბამისი დანამატი, 2/3 არის სტატუსის გარეშე, ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ საკადრო რესურსების მართვის ცვლილებასაც სკოლის დონეზე, ეს არის რეალურად გასათვალისწინებელი და არა ის, რომ 40 მილიონი ლარი გვქონდეს. გთავაზობთ მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელ ბერიკა შუკაკიძესთან და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გავაკეთოთ უახლოეს პერიოდში შეხვედრა, შეგვიძლია ამ კვირაშიც და გავიაროთ როგორც სქემით გათვალისწინებული ცვლილებები, ასევე ეს საკითხი. სექტემბრიდან, როგორც ვიცით, იგეგმება ხელფასების ზრდა, გუშინაც მქონდა შეხვედრა სამგორის რაიონის სკოლების პროფკავშირების წარმომადგენლებთან, ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება არის კატასტროფულად დაბალი, ამას უნდა მიეხედოს, ამიტომ საერთო კონტექსტში სახელფასო ბადის ზრდა, როგორც ადმინისტრაციის, ასევე ტექნიკური პერსონალის და პედაგოგებისთვის სექტემბრიდან იგეგმება. გადავდოთ ამ საკითხის განხილვა, ნამდვილად არ მინდა მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩავაგდოთ ეს პროექტი, მნიშვნელოვანი საკითხია და ვნახოთ რა მოდიფიცირებით შეიძლება გავიდეს. მე მართლა სიამოვნებით დავუჭერ მხარს ოპოზიციის წინადადებას, პოლიტიკურად უნდა მივიდეთ განვითარების ეტაპზე, რომ იყოს შინაარსობრივი განხილვა და არა მხოლოდ პოლიტიკური“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ამავე თემაზე:

40 მილიონი ლარი სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო დანამატებისთვის – პარლამენტი დადგენილების პროექტს განიხილავს

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური