40 მილიონი ლარი სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო დანამატებისთვის – პარლამენტი დადგენილების პროექტს განიხილავს
დეპუტატი სერგო რატიანი პარლამენტს სთხოვს მიიღოს დადგენილება, რომლის თანახმადაც, 2020 წლიდან სახელფასო დანამატს ყველა სერტიფიცირებული მასწავლებელი მიიღებს. საკითხის განხილვა დღეს, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე უნდა მოხდეს.
სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №74 დადგენილებით დამტკიცებული ხელფასის გაანგარიშების წესი სტატუსის მქონე პედაგოგს უპირატეს პოზიციაში არ ამყოფებს, რადგან ამ კატეგორიის მასწავლებელი სრულად იმ შემთხვევაში იღებს სტატუსის დანამატს, თუ მისი კვირეული დატვირთვა 13 (დაწყებითი 1-4კლასი) და 15 (საბაზო და საშუალო საფეხური) საათს შეადგენს.
დეპუტატი დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში სტატისტიკურ მონაცემებზეც საუბრობს, მისი ინფორმაციით, 2018/19 სასწავლო წლის დასაწყისში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მითითებული საგაკვეთილო დატვირთვის ოფიციალური მონაცემების შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით 26 401 სტატუსის მქონე პედაგოგია დასაქმებული. აქედან, საჯარო სკოლებში 25 800-მდე მასწავლებელი მუშაობს და მათ შორის სრული დანამატის მისაღებად საჭირო საათების რაოდენობა 5 869 პედაგოგს აქვს, რაც საჯარო სკოლებში დასაქმებულ სტატუსის მქონე მასწავლებელთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 23% -ს შეადგენს.
იგივე დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით სტატუსის სრული ოდენობის თანამდებობრივი სარგოს დანამატს უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მქონე 13 და 15-საათიანი დატვირთვით მომუშავე პედაგოგები იღებენ, უფროსის სტატუსის მქონე 25200-მდე პედაგოგიდან სრული დატვირთვით 5724 მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ 320- ლარიანი დანამატი სწორედ ამდენივეს ეძლევა, დასაქმებული წამყვანის სტატუსის მქონე 494 პედაგოგიდან – 136-ს (700-ლარიანი დანამატით), ხოლო 39 მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლიდან შესაბამისი დატვირთვით 9 პედაგოგი მუშაობს (1000-ლარიანი დანამატით).
სტატისტიკიდან გამომდინარე, „ევროპული საქართველოს“ წევრი პარლამენტს შემდეგი სახის დადგენილების მიღებას სთავაზობს:
„სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ის პედაგოგები, რომლებმაც შეძლეს დაედასტურებინათ მაღალი კვალიფიკაცია სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, უზრუნველყოს შესაბამისი საათობრივი დატვირთვით, რაც ამ ეტაპისთვის ვერ ხერხდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 20.000-მდე კვალიფიციური პედაგოგი ვერ იღებს კუთვნილ სახელფასო დანამატს, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება, როგორც პროფესიული განვითარების მოტივაციაზე, ისე განათლების ხარისხზე.
“აღსანიშნავია, რომ სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა უნდა გაიაროს პროფესიული განვითარების თანმიმდევრული გზა, დაადასტუროს კომპეტენცია, რომელიც უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის ამაღლებას. შესაბამისად, სტატუსით განსაზღვრული დანამატი პედაგოგებს ეძლევათ არა მხოლოდ შესრულებული სამუშაოს გამო (კონკრეტულად ჩატარებული საათებიდან გამომდინარე, რომელთა რაოდენობას თავად არ განსაზღვრავენ), არამედ სწორედ იმიტომ, რომ მათ გააჩნიათ შესაძლებლობა, სასწავლო პროცესის კანონმდებლობით განსაზღვრული სრული დატვირთვა წარმართონ საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყონ საგაკვეთილო პროცესის მაღალი ხარისხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი:
ადგენს, რომ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე უნდა გაიცეს სტატუსის შესაბამისი დანამატის სრული ოდენობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს უარს, დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურების გათვალისწინებით, შეთავაზებულ 13 და 15 საათიან დატვირთვაზე“, – ვკითხულობთ დეპუტატის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში.
იმ შემთხვევაში, თუ სერგო რატიანს უმრავლესობა დაეთანხმება, 2020 წლის ბიუჯეტში აღნიშნული დანამატების გასაცემად დაახლოებით 40 მილიონი ლარის მობილიზება იქნება აუცილებელი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება