„მასწავლებლის მაღალი ანაზღაურება მხოლოდ იმ საფეხურის საათებზე გავრცელდება“ – საგნები, საფეხურები და ანაზღაურების ახალი წესი
მენტორი მასწავლებელი, მზია კახაძე მასწავლებლის სახელფასო ფორმულის იმ ნაწილს განმარტავს, რომელზეც განათლების სამინისტროს ღიად არ უსაუბრია, თუმცა 2026 წლის სექტემბრიდან უკვე ამოქმედდება და პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინონ.
კერძოდ, როგორ უკავშირდება მასწავლებლის სტატუსი და ჩაბარებული გამოცდები ახალი სახელფასო ფორმულით გათვალისწინებულ მაღალ ანაზღაურებას.
როგორც მზია კახაძემ 31 მარტს EDU.ARIS.GE-ს განუმარტა, საგნები, საფეხურები და ანაზღაურების ახალი წესის დათქმები, რომლებზეც ის პედაგოგების ყურადღებას ამახვილებს, განათლების სამინისტრომაც დაადასტურა.
“ბოლო პერიოდში გაჩენილი კითხვების საპასუხოდ, გვსურს განვმარტოთ, როგორ უკავშირდება თქვენი სტატუსი და ჩაბარებული გამოცდები ახალი სახელფასო ფორმულით გათვალისწინებულ მაღალ ანაზღაურებას:
ერთი საგნობრივი ჯგუფის საგნები და ანაზღაურება:
თუ თქვენ ასწავლით ერთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ რამდენიმე საგანს (მაგალითად: ისტორიას, გეოგრაფიას და მოქალაქეობას), თქვენ გაქვთ ამ საგნების სწავლების უფლება, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს ყველა საათზე სტატუსის შესაბამისი მაღალი ტარიფით დარიცხვას.
სტატუსის შესაბამისი მაღალი ანაზღაურება დაგერიცხებათ მხოლოდ იმ საგნის საათებზე, რომელშიც დადასტურებული გაქვთ კომპეტენცია.
იმისათვის, რომ მეორე საგნის საათებიც (მაგ. ჩაბარებული გაქვს ისტორია და ასწავლი მოქალაქეობას) იმავე მაღალი განაკვეთით ანაზღაურდეს, აუცილებელია ამ საგანშიც კომპეტენციის დადასტურება.
საფეხურების გამიჯვნა (ქართული ენა და მათემატიკა):
განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან როგორც დაწყებით (I-VI), ისე საბაზო/საშუალო (VII-XII) საფეხურებზე.
იმისათვის, რომ ყველა საათზე მიიღოთ თქვენი სტატუსის შესაბამისი მაღალი ანაზღაურება, კომპეტენცია უნდა გქონდეთ დადასტურებული ორივე საფეხურზე.
თუ გამოცდა მხოლოდ ერთ საფეხურზე გაქვთ ჩაბარებული, მაღალი ანაზღაურება მხოლოდ იმ საფეხურის საათებზე გავრცელდება. სხვა საფეხურის საათები ანაზღაურდება სტატუსის გათვალისწინების გარეშე.
მათემატიკა, ფიზიკა და ტექნოლოგიები (ისტ)
ახალი სქემის 31-ე მუხლის თანახმად, ამ საგნებს შორის მოქმედებს ურთიერთჩანაცვლების პრინციპი:
მათემატიკის, ფიზიკის და ტექნოლოგიების მასწავლებლებს აქვთ ერთმანეთის საგნების სწავლების უფლება. ასევე, მათ შეუძლიათ ასწავლონ ბუნებისმეტყველება (I-VI კლასებში).
თუმცა, მიუხედავად სწავლების უფლებისა, მაღალი ანაზღაურება „მიჰყვება“ მხოლოდ იმ საგანს, რომელშიც მასწავლებელს მინიჭებული აქვს სტატუსი.
მაგალითად, თუ მათემატიკის მასწავლებელი ასწავლის ისტ-ს, ისტ-ის საათები ანაზღაურდება ჩვეულებრივი ტარიფით (სტატუსის გარეშე), თუ მას ამ საგანშიც არ აქვს კომპეტენცია დადასტურებული.
მთავარი დასკვნა: ახალი სახელფასო ფორმულით, თქვენი სტატუსი რეალურ ასახვას ჰპოვებს მხოლოდ იმ საათებზე, რომლებიც შეესაბამება თქვენს მიერ დადასტურებულ საგანსა და საფეხურს. სხვა საათები ანაზღაურდება საბაზისო განაკვეთით”.
ასევე იხილეთ:
-
5000 წლის თამაში ისტორიის გაკვეთილზე, როგორც სწავლების ინსტრუმენტი – სენეტი კლასში
by განათლებული ბლოგი
-
„2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება“ – მთავრობის გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების რაოდენობა 240 და 120 იქნება – სია და პირობების ახალი ჩამონათვალი
by ARIS.GE-განათლება