სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა, რომლის სამუშაო დოკუმენტი EDU.ARIS.GE-მ ჯერ კიდევ 2025 წლის 4 დეკემბერს გაგაცნოთ.
მასწავლებელთა ახალი სქემის პროექტი სკოლებს გადაეგზავნათ – EDU.ARIS.GE დოკუმენტს გიზიარებთ
გაეცანით დეტალურად, როგორ განხორციელდება სხვადასხვა დონეზე ახალი სქემის იმპლემენტაცია:
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა
თავი I.
ზოგადი დებულებები
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის რეგულირების სფერო
1. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა (შემდგომ – სქემა) ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და განსაზღვრავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ამ სქემაში ჩართვის პირობებს, მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზებსა და საშუალებებს.
2. სქემის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა (შემდგომ – სკოლა) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ტერიტორიული ორგანოებზე – საგანმანათლებლო რესურსცენტრებზე (შემდგომ – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) ამ სქემით მასზე სპეციალურად მითითებულ შემთხვევებში. ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე (შემდგომ – კერძო სკოლა) ვრცელდება სქემის მე-4 – მე-5 მუხლების, IV თავის, 24-ე მუხლის, 27-ე მუხლის, 28-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, 29-ე მუხლის, 30-ე მუხლის, IX თავის და 34-ე – 39-ე მუხლების მოქმედება, ხოლო წერილობითი მომართვის შემთხვევაში -მე-10, მე-11, მე-14 და 33-ე მუხლების მოქმედება.
3. სქემა ვრცელდება მასწავლებლებზე (გარდა მოწვეული, უცხოელი მოწვეული და შემცვლელი მასწავლებლებისა, ხოლო კერძო სკოლის მასწავლებელზე − მხოლოდ ამ სქემით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში), ხოლო სპეციალურ მასწავლებელზე ამ სქემით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება მასზე სპეციალურად მითითებულ შემთხვევებში.
მუხლი 2. სქემის ძირითადი პრინციპები და ამოცანები
1. სქემა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) ავტონომიურობა – სქემა ითვალისწინებს სკოლის/საგანმანათლებლო რესურსცენტრის ავტონომიურობას მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სკოლის/სკოლების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით;
ბ) უწყვეტობა და მრავალფეროვნება – სქემა ითვალისწინებს სკოლის ბაზაზე მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და მისთვის მრავალფეროვანი კარიერული წინსვლის შესაძლებლობების შექმნას სკოლისა და მუნიციპალიტეტის დონეზე;
გ) ნებაყოფლობითობა – მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა ეფუძნება ნებაყოფლობით არჩევანს და არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას;
დ) სამართლიანობა და ობიექტურობა – სქემა უზრუნველყოფს თანაბარ პირობებსა და მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შეფასების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, დისკრიმინაციისა და მიკერძოების გარეშე.
2. სქემის ამოცანებია:
ა) განსაზღვროს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის სქემაში ჩართვისა და ნებაყოფლობითი კარიერული წინსვლის სტრუქტურირებული გზები, მიმართულებები და შესაბამისი დონეები;
ბ) დაადგინოს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის თითოეულ დონეზე მიმართულების შესაბამისი ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვების პირობები, კრიტერიუმები და მოთხოვნები;
გ) შეიმუშაოს პროცედურული ჩარჩო მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლისთვის ფუნქციის დაკისრების, სტატუსის/მიმართულების/ფუნქციის შესრულების ვალდებულების შეჩერებისა და აღდგენის პროცესებისთვის;
დ) უზრუნველყოს სამართლიანი და სანდო შეფასების სისტემა, შესაბამისი კრიტერიუმებითა და ინსტრუმენტებით;
ე) დაარეგულიროს მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემის წარმოების საკითხები;
ვ) წაახალისოს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა და პროფესიული განვითარება, როგორც განათლების ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
სქემაში გამოყენებულ ტერმინებს, სქემის მიზნებისათვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მასწავლებელი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით“ (შემდგომ – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;
გ) მასწავლებლის სტატუსი – უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი, რომელიც მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
დ) პრაქტიკოსი მასწავლებელი – პირი, რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით ჩართულია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და არ აქვს უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი და რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასწავლის არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სექტორზე;
ე) უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
ვ) წამყვანი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;
ზ) მენტორი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება მენტორი მასწავლებლის სტატუსი;
თ) სპეციალური მასწავლებლის სტატუსი – უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, რომელიც სპეციალურ მასწავლებელს სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის ან/და განხორციელებული აქტივობების საფუძველზე ენიჭება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ი) უფროსი სპეციალური მასწავლებელი – სპეციალური მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი;
კ) წამყვანი სპეციალური მასწავლებელი – სპეციალური მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი;
ლ) მენტორი სპეციალური მასწავლებელი – სპეციალური მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი;
მ) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომ – ელექტრონული სისტემა), რომლის საშუალებით ხდება მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსების, შეფასების შედეგებისა და საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა და რომელიც წარმოადგენს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ ადმინისტრირებად ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს.
ნ) მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შეფასება – მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისი საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების/სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგებს, სკოლისა და/ან მუნიციპალიტეტის დონეზე შექმნილი შესაბამისი კომისიის მიერ განხორციელებულ შეფასებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული სტატუსის და/ან ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვების სპეციალური კურსი;
ო) საგნის გამოცდა – მასწავლებლობის მსურველის ან პრაქტიკოსი მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება/დადასტურება, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
პ) საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება – მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
ჟ) სპეციალური მასწავლებლის გამოცდა − უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
რ) მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა – ნებაყოფლობითი პროცესი, რომელიც გულისხმობს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერულ ზრდას სწავლა-სწავლების, მართვა/ადმინისტრირებისა და საგანმანათლებლო კვლევის მიმართულებით სკოლისა ან მუნიციპალიტეტის დონეზე;
ს) სწავლა-სწავლების მიმართულება – ფოკუსირებულია სკოლაში/სკოლებში სწავლა-სწავლების/ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და უზრუნველყოფს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის წინსვლას სასწავლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და განვითარების მეთოდოლოგიური მხარდაჭერის მიმართულებით.
ტ) მართვა/ადმინისტრირების მიმართულება – ფოკუსირებულია სკოლაში/სკოლებში სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე. უზრუნველყოფს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის წინსვლას მმართველობითი/ძირითადი/დამხმარე პროცესების მართვის მიმართულებით.
უ) საგანმანათლებლო კვლევის მიმართულება – ფოკუსირებულია სკოლაში/სკოლებში საგანმანათლებლო კვლევების ხელშეწყობასა და განვითარებაზე. უზრუნველყოფს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის წინსვლას საგანმანათლებლო კვლევების მიმართულებით;
ფ) კომისია – მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაბამის დონეზე უფლებამოსილი პირის მიერ შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის განაცხადს და ანიჭებს მას შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას, აფასებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგებს და რომლის საქმიანობის წესიც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ქ) შეფასების ინსტრუმენტები – მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ შესაბამისი ფუნქციის შესრულების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგების შეფასების საშუალება, რომელიც დამტკიცებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ღ) სტატუსის და/ან ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვების სპეციალური კურსი (შემდგომში – სპეციალური კურსი) – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული წამყვანი მასწავლებლის/ წამყვანი სპეციალური მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის/მენტორი სპეციალური მასწავლებლის შესაბამისი მიმართულების მიხედვით სტატუსისა და/ან ფუნქციის შესრულების უფლების მოსაპოვებელი კურსი;
ყ) თვითშეფასება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, უწყვეტი განვითარების მიზნით, საკუთარი საქმიანობის შესწავლის, ანალიზისა და შეფასების პროცესი;
შ) ფუნქცია – მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაბამის დონეზე, იდენტიფიცირებული საჭიროების შესაბამისად, კარიერული წინსვლის რომელიმე მიმართულებით განსაზღვრული კონკრეტული საქმიანობა;
ჩ) მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი და უმაღლესი განათლების დიპლომით უდასტურდება აღნიშნული საგნებიდან (გარდა იმ საგნისა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი) ერთ-ერთი საგნის სწავლების უფლება ან დიპლომის დანართით უდასტურდება შესაბამისი საგნის გავლა;
ც) სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა − მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების მიზნით დასაქმებული სპეციალური მასწავლებლის მიერ გასავლელი საგანმანათლებლო კურსი, რომელიც მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ძ) პროფესიული უნარების გამოცდა – წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
თავი II.
მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის მიმართულებები და სტატუსის სახეები
მუხლი 4. მასწავლებლის სტატუსის სახეები:
1. მასწავლებლის სტატუსის სახეებია:
ა) უფროსი მასწავლებელი;
ბ) წამყვანი მასწავლებელი:
გ) მენტორი მასწავლებელი.
2. მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს ამ მუხლით განსაზღვრული მხოლოდ ერთი სტატუსი.
3. მასწავლებლის იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო ყველაზე მაღალი სტატუსია – მენტორი მასწავლებლის სტატუსი.
მუხლი 5. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეები
1. სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეებია:
ა) უფროსი სპეციალური მასწავლებელი;
ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებელი:
გ) მენტორი სპეციალური მასწავლებელი:
2. სპეციალურ მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს ამ მუხლით განსაზღვრული მხოლოდ ერთი სტატუსი.
3. სპეციალური მასწავლებლის იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, ხოლო ყველაზე მაღალი სტატუსია – მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.
მუხლი 6. კარიერული წინსვლის მიმართულებები და დონეები
1. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა მოიცავს სამ მიმართულებას:
ა) სწავლა-სწავლება;
ბ) მართვა/ადმინისტრირება;
გ) საგანმანათლებლო კვლევა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული მიმართულება მოიცავს ორ დონეს:
ა) სკოლის დონე;
ბ) მუნიციპალიტეტის დონე.
3. თითოეულ მიმართულებაში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა ფასდება შესაბამის დონეზე შექმნილი კომისიის მიერ.
მუხლი 7. სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულება
1. სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს:
ა) იმ წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც არჩეულ მიმართულებაში მოპოვებული აქვს შესაბამისი ფუნქციის შესრულების უფლება;
ბ) იმ მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც არჩეულ მიმართულებაში მხოლოდ სკოლის დონეზე აქვს მოპოვებული შესაბამისი ფუნქციის შესრულების უფლება.
2. სკოლის დონეზე კარიერული წინსვლის სურვილის შემთხვევაში ფუნქციის შესრულების უფლება აქვს:
ა) უფროს მასწავლებელს/უფროს სპეციალურ მასწავლებელს;
ბ) წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კარიერული წინსვლისთვის არჩეულ მიმართულებაში არ აქვს მოპოვებული სკოლის დონეზე ფუნქციის განხორციელების უფლება;
გ) მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კარიერული წინსვლისთვის არჩეულ მიმართულებაში არ აქვს მოპოვებული სკოლის დონეზე ფუნქციის განხორციელების უფლება.
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის დონეზე ფუნქციის შესრულება
1. მუნიციპალიტეტის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც არჩეულ მიმართულებაში მოპოვებული აქვს შესაბამისი ფუნქციის შესრულების უფლება მუნიციპალიტეტის დონეზე.
2. მუნიციპალიტეტის დონეზე კარიერული წინსვლის სურვილის შემთხევაში ფუნქციის შესრულების უფლება აქვს:
ა) წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კარიერული წინსვლისთვის არჩეულ მიმართულებაში მოპოვებული აქვს მხოლოდ სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების უფლება;
ბ) მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კარიერული წინსვლისთვის არჩეულ მიმართულებაში მოპოვებული აქვს მხოლოდ სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების უფლება;
მუხლი 9. კარიერული წინსვლის მიმართულებისა და დონის არჩევა
1. წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალურ მასწავლებელსა და მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს ვალდებულება აქვს ფუნქცია შეასრულოს მხოლოდ ერთ დონეზე, მხოლოდ ერთი მიმართულებით.
2. ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვების მსურველ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს კარიერული წინსვლისთვის ფუნქცია შეასრულოს მხოლოდ ერთ დონეზე, მხოლოდ ერთი მიმართულებით.
3. თუ მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი იცვლის კარიერული წინსვლის მიმართულებას, სხვა მიმართულებით კარიერულ წინსვლას იწყებს მისთვის სქემით განსაზღვრული საწყისი დონიდან.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ იწვევს მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის მინიჭებული სტატუსის ცვლილებას.
5. თუ პირი ერთდროულად დასაქმებულია როგორც სპეციალური მასწავლებლის, ასევე საგნის მასწავლებლის პოზიციაზე, ფუნქციის შესრულებისთვის/ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვებისთვის, მან უნდა შეარჩიოს ერთ-ერთი პოზიცია.
6. თუ მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი დასაქმებულია ორ ან მეტ სკოლაში, სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულებისთვის/ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვებისთვის, მან უნდა შეარჩიოს ერთ-ერთი სკოლა.
7. თუ მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი დასაქმებულია ორ ან მეტ სკოლაში, რომლებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს, მუნიციპალიტეტის დონეზე ფუნქციის შესრულებისთვის/ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვებისთვის, მან უნდა შეარჩიოს კონკრეტული საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
თავი III.
უფროსი მასწავლებლის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
მუხლი 10. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
1. უფროსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას, გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებსა და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
ბ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით;
2. უფროსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭება სახელოვნებო/სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს, რომელიც აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და აქვს:
ა) სრული ზოგადი განათლება;
ბ) შესაბამისი სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი განათლება ან/და სახელოვნებო ან სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
3. უფროსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
ბ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით;
დ) წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა.
ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში წარმატებით უნდა ჰქონდეს დასრულებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;
მუხლი 11. უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;
ბ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ამ პროგრამის ფარგლებში გავლილი ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
გ) უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;
დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან, სულ მცირე, ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;
ე) უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი;
ვ) ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით.
მუხლი 12. წამყვანი მასწავლებლის/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
1. წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ენიჭება უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-იანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების საფუძველზე და რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) კომისიის მიერ დადებითად შეფასდა სკოლის დონეზე მის მიერ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კარიერული წინსვლის იმ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რომელი მიმართულებითაც სურს კარიერული წინსვლა;
ბ) წარმატებით გაიარა მის მიერ არჩეული კარიერული წინსვლის მიმართულებისა და შესაბამისი დონის სპეციალური კურსი.
2. იმ შემთხვევაში, თუ უფროს მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს 50%-ზე ნაკლები შედეგით, უფლებამოსილია, განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
3. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ენიჭება უფროს სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) კომისიის მიერ დადებითად შეფასდა სკოლის დონეზე მის მიერ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კარიერული წინსვლის იმ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რომელი მიმართულებითაც სურს კარიერული წინსვლა;
ბ) წარმატებით გაიარა მის მიერ არჩეული კარიერული წინსვლის მიმართულებისა და შესაბამისი დონის სპეციალური კურსი.
მუხლი 13. მენტორი მასწავლებლის/მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
1. მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-იანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების საფუძველზე და რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) კომისიის მიერ დადებითად შეფასდა მუნიციპალიტეტის დონეზე მის მიერ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კარიერული წინსვლის იმ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რომელი მიმართულებითაც სურს კარიერული წინსვლა;
ბ) კომისიის მიერ დადებითად შეფასდა სკოლის დონეზე იმავე სასწავლო წლის განმავლობაში კარიერული წინსვლის იმ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რომელი მიმართულებითაც სურს კარიერული წინსვლა;
გ) წარმატებით გაიარა მის მიერ არჩეული კარიერული წინსვლის მიმართულებისა და შესაბამისი დონის სპეციალური კურსი.
2. იმ შემთხვევაში, თუ წამყვან მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს 50%-ზე ნაკლები შედეგით, უფლებამოსილია, განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
3. მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ენიჭება წამყვან სპეციალურ მასწავლებელს რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) კომისიის მიერ დადებითად შეფასდა მუნიციპალიტეტის დონეზე მის მიერ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კარიერული წინსვლის იმ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რომელი მიმართულებითაც სურს კარიერული წინსვლა;
ბ) კომისიის მიერ დადებითად შეფასდა სკოლის დონეზე იმავე სასწავლო წლის განმავლობაში კარიერული წინსვლის იმ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რომელი მიმართულებითაც სურს კარიერული წინსვლა;
გ) წარმატებით გაიარა მის მიერ არჩეული კარიერული წინსვლის მიმართულებისა და შესაბამისი დონის სპეციალური კურსი.
მუხლი 14. მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების დადასტურება
1. მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით, რომლის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სერტიფიკატების იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი და არჩეული აქვს კარიერული წინსვლისთვის.
3. საგანმანათლებლო რესურსცენტრი მასწავლებელთა სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი პირის/პირებისთვის მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატების გაცემას/ხელმისაწვდომობას.
თავი IV.
მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარება
მუხლი 15. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარება
1. ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აამოქმედოს სკოლის ბაზაზე მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების შეფასებისა და პროფესიული განვითარების დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც მოიცავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის საქმიანობის შეფასების, მისი პროფესიული საჭიროებების დადგენისა და საჭიროებების შესაბამისი პროფესიული განვითარების მექანიზმებს.
2. სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის და მუშაობს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, გავლილი უნდა ჰქონდეს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სწავლების სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა.
თავი V.
მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვება, ფუნქციის შესრულება და კარიერული წინსვლა სკოლის დონეზე
მუხლი 16. სკოლის მიერ საჭიროებების განსაზღვრა და ფუნქციის გადანაწილება
1. სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლა თვითშეფასების მიზნით აანალიზებს საკუთარ საქმიანობას და განსაზღვრავს საჭიროებებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის სამი მიმართულების შესაბამისად.
2. სკოლის მიერ საჭიროებების განსაზღვრა ეფუძნება თვითშეფასებით იდენტიფიცირებულ გამოწვევებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნებს.
3. საჭიროებების საფუძველზე, სკოლა განსაზღვრავს შესაბამის ფუნქციებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის თითოეული მიმართულებით და სასწავლო წლის დასაწყისში უნაწილებს მათ სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს.
4. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს დაასაქმებს ფუნქციების გადანაწილების შემდგომ, სკოლა ვალდებულია, აღნიშნულ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს გადაუნაწილოს არჩეული კარიერული მიმართულებით არსებული ვაკანტური ფუნქცია ან არსებული საჭიროების შესაბამისად განსაზღვროს დამატებითი ფუნქცია.
მუხლი 17. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასება
1. კომისია განიხილავს და აფასებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგებს.
2. კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საქმიანობის შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ) საქმიანობის შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
3. კომისიის შეფასების შედეგს სკოლა ასახავს ელექტრონულ სისტემაში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ეკისრება უარყოფითად შეფასებულ მიმართულებაში პროფესიული განვითარების ვალდებულება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ვალდებულება აქვს პროფესიული განვითარების პროცესის პარალელურად შეასრულოს ფუნქცია იმავე მიმართულებით.
6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის პროფესიული განვითარების აქტივობების ხელმისაწვდომობა და აღნიშნული პროცესის მონიტორინგი.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 18. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ სტატუსის და/ან ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვება
1. სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ფუნქციის განაწილების შემდეგ, შესასრულებელი ფუნქციის/ფუნქციების არსებობის შემთხვევაში, კარიერული წინსვლის მსურველ მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს უფლება აქვთ, ელექტრონულ სისტემაში გააკეთონ განაცხადი, კარიერული წინსვლის სასურველი მიმართულებით.
2. განაცხადთან ერთად მასწავლებელმა/სპეციალურმა მასწავლებელმა ელექტრონული სისტემით უნდა წარადგინოს საკუთარი ხედვა სასურველი მიმართულებით ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით.
3. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ წარდგენილ განაცხადს განიხილავს შესაბამისი კომისია.
4. კომისია აფასებს წარმოდგენილი ხედვის შესაბამისობას კონკრეტული მიმართულებით განსაზღვრულ სკოლის საჭიროებებთან.
5. წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს უფლება ეძლევა, შეასრულოს არჩეული მიმართულების შესაბამისად განსაზღვრული ფუნქცია ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.
7. საქმიანობის განხორციელების პარალელურად, მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს შესაბამისი დონისა და მიმართულების სპეციალური კურსი.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, კომისია ვალდებულია გასცეს არგუმენტირებული უკუკავშირი.
9. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 19. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ კარიერული წინსვლის მიზნებისთვის განხორციელებული საქმიანობის შეფასება
1. კომისია განიხილავს და აფასებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების მიზნით განხორციელებული საქმიანობის შედეგებს.
2. კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საქმიანობის შედეგების დადებითად შეფასებისა და მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის ცვლილებაზე წარდგინების ან/და ფუნქციის შესრულების უფლების მინიჭების შესახებ;
ბ) საქმიანობის შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
3. კომისიის შეფასების შედეგს სკოლა ასახავს ელექტრონულ სისტემაში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, კომისია ვალდებულია გასცეს არგუმენტირებული უკუკავშირი.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მასწავლებელს/სპეციალური მასწავლებელს უნარჩუნდება დადებითად შეფასებული სპეციალური კურსის შედეგები;
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI.
მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვება, ფუნქციის შესრულება და კარიერული წინსვლა მუნიციპალიტეტის დონეზე
მუხლი 20. საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ საჭიროებების განსაზღვრა
1. სასწავლო წლის დაწყებამდე საგანმანათლებლო რესურსცენტრი აანალიზებს და განსაზღვრავს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების საჭიროებებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის სამი მიმართულების შესაბამისად.
2. საჭიროებების განსაზღვრა ეფუძნება რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების თვითშეფასებით იდენტიფიცირებულ გამოწვევებს, მათი საქმიანობის შეფასების შედეგებსა და მუნიციპალური განვითარების მიზნებს.
3. საჭიროებების საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრი განსაზღვრავს შესაბამის ფუნქციებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის თითოეული მიმართულებით და სასწავლო წლის დასაწყისში უნაწილებს მათ მუნიციპალიტეტის დონეზე ფუნქციების შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებლებს/სპეციალური მასწავლებლებს.
4. იმ შემთხვევაში, თუ სკოლა მუნიციპალიტეტის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს დაასაქმებს ფუნქციების გადანაწილების შემდგომ, საგანმანათლებლო რესურსცენტრი ვალდებულია, აღნიშნულ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს გადაუნაწილოს არჩეული კარიერული მიმართულებით არსებული ვაკანტური ფუნქცია ან არსებული საჭიროების შესაბამისად განსაზღვროს დამატებითი ფუნქცია.
მუხლი 21. მენტორი მასწავლებლის/მენტორი სპეციალური მასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასება
1. კომისია განიხილავს და აფასებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებს.
2. კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საქმიანობის შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ) საქმიანობის შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
3. კომისიის შეფასების შედეგს საგანმანათლებლო რესურსცენტრი ასახავს ელექტრონულ სისტემაში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს ეკისრება უარყოფითად შეფასებულ მიმართულებაში პროფესიული განვითარების ვალდებულება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს ვალდებულება აქვს პროფესიული განვითარების პროცესის პარალელურად შეასრულოს ფუნქცია იმავე მიმართულებით.
6. საგანმანათლებლო რესურსცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს მენტორი მასწავლებლისთვის/მენტორი სპეციალური მასწავლებლისთვის პროფესიული განვითარების აქტივობების ხელმისაწვდომობა და აღნიშნული პროცესის მონიტორინგი.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 22. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ სტატუსის და/ან ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვება
1. მენტორი მასწავლებლისთვის/მენტორი სპეციალური მასწავლებლისთვის ფუნქციის განაწილების შემდეგ, შესასრულებელი ფუნქციის არსებობის შემთხვევაში, კარიერული წინსვლის მსურველ მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს უფლება აქვთ, ელექტრონულ სისტემაში გააკეთონ განაცხადი, კარიერული წინსვლის სასურველი მიმართულებით.
2. განაცხადთან ერთად მასწავლებელმა/სპეციალურმა მასწავლებელმა ელექტრონული სისტემით უნდა წარადგინოს საკუთარი ხედვა სასურველი მიმართულებით ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით.
3. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ წარდგენილ განაცხადს განიხილავს შესაბამისი კომისია.
4. კომისია აფასებს წარმოდგენილი ხედვის შესაბამისობას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების საჭიროებებთან.
5. წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უფლება ეძლევა, შეასრულოს არჩეული მიმართულების შესაბამისად განსაზღვრული ფუნქცია ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.
7. საქმიანობის განხორციელების პარალელურად, მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს შესაბამისი დონისა და მიმართულების სპეციალური კურსი.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, კომისია ვალდებულია გასცეს არგუმენტირებული უკუკავშირი.
9. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 23. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ კარიერული წინსვლის მიზნებისთვის განხორციელებული საქმიანობის შეფასება
1. კომისია განიხილავს და აფასებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების მიზნით განხორციელებული საქმიანობის შედეგებს.
2. კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საქმიანობის შედეგების დადებითად შეფასებისა და მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის ცვლილებაზე წარდგინების ან/და ფუნქციის შესრულების უფლების მინიჭების შესახებ;
ბ) საქმიანობის შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
3. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის საქმიანობის შედეგების დადებითად შეფასებისა და სტატუსის ცვლილებაზე წარდგინების ან/და ფუნქციის შესრულების უფლების მინიჭებისთვის აუცილებელია, მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს იმავე სასწავლო წელს სკოლის დონეზე დადებითად შეუფასდეს იმ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რომელი მიმართულებითაც სურს კარიერული წინსვლა.
4. კომისიის შეფასების შედეგს საგანმანათლებლო რესურსცენტრი ასახავს ელექტრონულ სისტემაში.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, კომისია ვალდებულია გასცეს არგუმენტირებული უკუკავშირი.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს უნარჩუნდება დადებითად შეფასებული სპეციალური კურსის შედეგები;
7. ამ მუხლის მე-2 „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VII.
მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსისა და კარიერული წინსვლის მიმართულების შეჩერება/აღდგენა
მუხლი 24. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შეჩერება/აღდგენა
1. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
2. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი, სტატუსის აღდგენის მიზნით, მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც წარმოიშობა ახალი შრომითი ურთიერთობა.
3. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის აღდგენის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობის აღდგენა/ახალი შრომითი ურთიერთობის წარმოშობა.
მუხლი 25. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების ვალდებულების შეჩერება/აღდგენა
1. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების ვალდებულების შეჩერების საფუძველია ერთდროულად საგნის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმებული პირის მიერ კარიერული წინსვლის მიზნებისთვის ერთ-ერთი პოზიციის არჩევის შესახებ განაცხადის გაკეთება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებული მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი ფუნქციის შესულების ვალდებულების აღდგენის მიზნით, სასწავლო წლის დაწყებამდე მიმართავს შესაბამის სკოლას ან საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებულ მასწავლებელს/სპეციალური მასწავლებელს ფუნქციის შესრულების ვალდებულება აღუდგება მის მიერ არჩეული მიმართულებით სკოლაში ან საგანმანათლებლო რესურსცენტრში გადასანაწილებელი ფუნქციების არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 26. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის მიმართულების შეჩერება/აღდგენა
1. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის მიმართულების შეჩერების საფუძველია მასწავლებლის სპეციალური მასწავლებლის მიერ კარიერული წინსვლის მიმართულების ცვლილება სხვა მიმართულებით ფუნქციის შესრულების მიზნით.
2. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის მიმართულების შეჩერების შემთხვევაში, მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი, იმავე მიმართულების აღდგენის მიზნით, მიმართავს შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ან საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
3. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ კარიერული წინსვლის მიმართულების აღდგენის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან საგანმანათლებლო რესურსცენტრში გადასანაწილებელი ფუნქციის არსებობა მის მიერ არჩეულ მიმართულებაში.
თავი VIII.
ელექტრონული სისტემის წარმოების წესი
მუხლი 27. ელექტრონული სისტემის წარმოება
1. ელექტრონული სისტემის წარმოების მიზანია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა.
2. ელექტრონული სისტემის წარმოებაზე უფლებამოსილნი არიან:
ა) სკოლა;
ბ) მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი;
გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
დ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
მუხლი 28. ელექტრონულ სისტემაში შესატანი ინფორმაცია და ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელი პირები
1. მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის წამყვანი/მენტორი მასწავლებლისა და წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების, ფუნქციის გადანაწილებისა და ფუნქციის შესრულების უფლების მინიჭების მიზნით ელექტრონულ სისტემაში სკოლის/საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ უნდა განთავსდეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ინფორმაცია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის მიმართულებების მიხედვით არსებული ფუნქციის შესახებ;
ბ) ინფორმაცია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის მიმართულებების მიხედვით გადანაწილებული მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების შესახებ;
გ) ინფორმაცია მასწავლებლის/სპეციალური კომისიის მიერ განხორციელებული შეფასების შედეგების შესახებ;
დ) ინფორმაცია კომისიის წევრების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პოზიცია).
2. მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის წამყვანი/მენტორი მასწავლებლისა და წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების, ფუნქციის გადანაწილებისა და ფუნქციის შესრულების უფლების მინიჭების მიზნით ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ უნდა განთავსდეს:
ა) განაცხადი და ხედვა;
ბ) სამოქმედო გეგმა და განხორციელებული საქმიანობის მტკიცებულებები;
გ) პროფესიული განვითარების გეგმა;
დ) პროფესიული განვითარების მტკიცებულებები.
3. საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების/სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის, შესაბამისი სკოლის დირექტორისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის, ელექტრონულ სისტემაში უნდა აისახოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიეწოდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
4. ელექტრონულ სისტემაში, კონკრეტული მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია ასახოს, მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭებასთან, ფუნქციის გადანაწილებისა, ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვებასთან და სპეციალური კურსის შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
5. ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 29. ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომის გასწორება ან/და ჩანაწერში ცვლილების შეტანა
1. ელექტრონული სისტემის წარმოებისას დაშვებული შეცდომის ან მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მის გასწორებას უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის შემყვანი დაწესებულების წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი.
2. ელექტრონული სისტემის წარმოებისას მექანიკური შეცდომის გასწორებას ახორციელებს ამ ინფორმაციის შემყვანი დაწესებულების შესაბამისი სისტემის წარმოებასა და ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მიმართვის საფუძველზე. შეცდომის/უზუსტობის გასწორება ხდება შესაბამისი სისტემის შესაბამისი განყოფილების იმავე გრაფაში, შეცდომის/უზუსტობის გასწორების საფუძვლისა და თარიღის მითითებით.
3. პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, ელექტრონული საქმისწარმოებისას დაშვებული შეცდომა/უზუსტობა გამოასწოროს იმ ვადაში, რა ვადაც ჰქონდა განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განთავსებაზე.
მუხლი 30. ელექტრონული სისტემის წარმოებისას განთავსებულ მონაცემებზე წვდომის დონეები
1. ელექტრონული სისტემის წარმოებისას განთავსებულ მონაცემებზე წვდომა გულისხმობს ელექტრონული სისტემის პასუხისმგებელი პირების მიერ მონაცემების შეტანის, ნახვისა და შეცვლის უფლებას იმ მოდულების ფარგლებში, რომელზეც აქვს დაშვება შესაბამის პასუხისმგებელ პირს.
2. ელექტრონული სისტემის წარმოებისას მონაცემებზე წვდომის დონეები განისაზღვრება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ელექტრონული სისტემის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, თითოეულ პირს მისცეს ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი წვდომის დონე.
თავი IX
მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი
მუხლი 31. მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი
1. მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი ასწავლის შემდეგი წესით:
ა) მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;
ბ) ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი – ფიზიკა;
გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის მასწავლებელი უფლებამოსილია, იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს მათემატიკა ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები.
2. სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროსი, წამყვანი ან/და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში, და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე.
თავი X
გარდამავალი დებულებები
მუხლი 32. მასწავლებელთა/სპეციალურ მასწავლებელთა კარიერული წინსვლა, მოქმედი მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების ფუნქციის გადანაწილება
1. მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც 2025 წლის ბოლომდე მოპოვებული ჰქონდა წამყვანი მასწავლებლის/წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების უფლება აქვთ კარიერული წინსვლის ნებისმიერი მიმართულებით.
2. მასწავლებელს, რომელსაც 2025 წლის ბოლომდე მოპოვებული ჰქონდა მენტორი მასწავლებლის სტატუსი, მუნიციპალიტეტის დონეზე ფუნქციის შესრულების უფლება აქვთ კარიერული წინსვლის ნებისმიერი მიმართულებით.
3. სქემაში გადანაწილებულ წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალური მასწავლებელსა და მენტორ მასწავლებელს, რომელიც დასაქმებულია ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უფლება ეძლევა სტატუსის შესაბამისი ფუნქციები შეასრულოს თითოეულ სკოლაში.
მუხლი 33. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებს პირობები
1. უფროსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭება 2015 წლის პირველი იანვრისთვის მოქმედ მასწავლებელს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას, გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს.
2. უფროსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭება 2015 წლის პირველი იანვრისთვის სერტიფიცირებულ პირს.
მუხლი 34. სპეციალური კურის გავლის ვალდებულებისგან გათავისუფლების პირობები
1. ის უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც 2026 წლის პირველ იანვრამდე ჩაბარებული ჰქონდათ პროფესიული უნარების გამოცდა და გადალახული ჰქონდათ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ წამყვანი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებული ზღვარი, სკოლის დონისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით;
2. ის უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც 2026 წლის პირველ იანვრამდე ჩაბარებული ჰქონდათ პროფესიული უნარების გამოცდა და გადალახული ჰქონდათ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის დაწესებული ზღვარი, მუნიციპალიტეტის დონისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით;
3. ის წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2026 წლის პირველ იანვრამდე ჩაბარებული ჰქონდათ პროფესიული უნარების გამოცდა და გადალახული ჰქონდათ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის დაწესებული ზღვარი, მუნიციპალიტეტის დონისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით;
4. უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც 2026 წლის პირველ იანვრამდე მოპოვებული აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თავისუფლდებიან სკოლისა და მუნიციპალიტეტის დონეზე სპეციალური კურსის გავლის ვალდებულებისგან კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით.
მუხლი 35. სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების და კარიერული წინსვლის პირობები
1. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
2. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
მუხლი 36. სპეციალური მასწავლებლის განათლების განსაკუთრებული პირობები
სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2024 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 37. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოს მასწავლებელთა სქემაში განაწილება და კარიერული წინსვლის პირობები
1. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.
2. 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს ან წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგების გათვალისწინებით მიენიჭება 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულა. მას უფლება მიეცემა, გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
3. იმ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან რუსულენოვან სკოლებში/სექტორებზე რუსულს, როგორც მშობლიურ ენასა და ლიტერატურას და ჩაბარებული ან ნაწილობრივ დადასტურებული აქვთ რუსული, როგორც უცხო ენის გამოცდა 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
4. 2022 წლის პირველი იანვრისთვის არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სექტორებზე დასაქმებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული აქვთ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
5. 2022 წლის პირველი იანვრისთვის არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სექტორებზე დასაქმებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
6. 2026 წლის პირველი იანვრისთვის არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სექტორებზე დასაქმებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
7. იმ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე დასაქმებული პრაქტიკოსი მასწავლებლების ადგილას, რომლებიც 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ვერ შეიცვლიან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე.
8. 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგები შესაძლებელია, დაანგარიშდეს 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულად, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 38. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებელთა კარიერული წინსვლის პირობები
1. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.
2. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული აქვს მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვა მინიმალური ქულა), მინიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
3. არაქართულენოვან სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
მუხლი 39. მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის მოპოვების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ
ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც დაწყებულია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის მოპოვების/მინიჭების მიზნით, ამ დადგენილების ამოქმედებამდე უნდა დასრულდეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ეს ურთიერთობა სხვაგვარად არ რეგულირდება, ამავე დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული მოთხოვნებით.
მუხლი 40. ელექტრონული სისტემის სრულად ამოქმედებამდე განსაზღვრული პირობები
ელექტრონული სისტემის სრულად ამოქმედებამდე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მართვის სისტემა უზრუნველყოფს, სქემის 28-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვას.
რა ვიცით სქემის ამოქმედების ვადების თაობაზე:
მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მე-6 − მე-9 მუხლებისა, მე-12 და მე-13 მუხლებისა, მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, მე-17 − მე-19 მუხლებისა, მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, 21-ე − 23-ე მუხლებისა, 25-ე და 26-ე მუხლებისა, 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 33-ე მუხლისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
2. დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მე-6 − მე-9 მუხლები, მე-12 და მე-13 მუხლები, მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, მე-17 − მე-19 მუხლები, მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, 21-ე − 23-ე მუხლები, 25-ე და 26-ე მუხლები, 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და 33-ე მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
-
„რეფორმის ლოგიკაა, მივცეთ ნაკლები განათლება ახალგაზრდებს და იაფ მუშახელად დარჩებიან“ – მოსალოდნელ რისკებზე ილიაუნიში ისაუბრეს
by ARIS.GE-განათლება
-
შემაჯამებელი დვალების, წერის აღდგენის ჩანიშვნა კონკრეტულ მოსწავლეებთან – ინსტრუქცია და შემაჯამებელი ტესტური დავალების ნიმუში
by ARIS.GE-განათლება
-
რა შეიცვალა 2026 წლის აბიტურიენტებისთვის მათემატიკის პროგრამაში – სპეციალისტი სიახლეებს გვაცნობს და სასკოლო რეფორმას მიმოიხილავს
by განათლებული ბლოგი

