„მე სახლიდან უნდა ვიზეიმო 100 წლის იუბილე – სტუდენტებისთვის ყველა კარი დაკეტილი იქნება“
ხვალ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. სტუდენტების მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციით კი, მათ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში შესვლის უფლებაც არ ექნებათ.
„დღეს საღამოს, ანუ 7-ში სტუდენტებისთვის მართავენ კონცერტს, როცა თსუ-ის დაბადების დღე ხვალ არის. ხოლო 8 თებერვალს, აბსოლუტურად ყველა კარი იქნება დაკეტილი სტუდენტებისთვის და შენობაში ვერავინ შევა.
„დილის 08:30 საათზე დაიბარეს უნივერსიტეტის პირველი ცვლის თანამშრომლები, მეორე ცვლის თანამშრომლებმა კი უნდა დაურეკონ დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, რომლებმაც თავის მხრივ დაცვის სამსახურის უფროსს უნდა დაურეკონ, რომ მისი ნებართვით შეუშვან თანამშრომლები შენობაში, ისე მათაც ვერ შეუშვებენ.
„მთავარი ის არის, რომ ხვალ მე, თსუ-ის აღზრდილი სტუდენტი, ვერ შევალ უნივერისტეტის შენობაში და სახლიდან უნდა ვიზეიმო თსუ-ის იუბილე“, – ამბობს სალომე.
EDU.ARIS.GE უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. სამსახურის ხელმძღვანელი სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ინფორმაცია არასწორია, თუმცა მისივე განმარტებით, ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტები სხვადასხვა კრიტერიუმით შეირჩნენ.
„არასწორი ინფორმაციაა. ინდივიდუალურად თავიანთ პოზიციებს თუ ავრცელებენ, ეს მათი ნება და უფლებაა, დარბაზი არის 700-ადგილიანი, იქ იქნებიან სტუდნტები შერჩევის კრიტერიუმებით. 22 ათასი სტუდენტიდან ყველა ვერ მოხვდებოდა დარბაზში, ამიტომ იქნებიან მაღალრეიტინგული სტუდენტები, რომელთა გვარებიც ფაკულტეტებმა მოგვაწოდეს, ასევე ის სტუდენტები, რომლებმაც სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო ოლიმპიადებსა და გაცვლით პროგრამებში“, – გვითხრა ნანა მამაგულიშვილმა.
EDU.ARIS.GE–ს ინფორმაციით, ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი მთაწმინდის ერთ–ერთ რესტორანში, ბანკეტით აღინიშნება, რომელიც უნივერსიტეტის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ჩამონათვალში არ არის.
ჩვენს კითხვაზე, რა ოდენობის თანხა გამოიყო უნივერსიტეტის იუბილის აღსანიშნავად და იყო თუ არა ეს თანხა მხოლოდ უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გაწერილი, მამაგულიშვილი ასე პასუხობს:
„რაც შეეხება ბიუჯეტს, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მერე. ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ნამდლივად არ ვიცი, ახლა ვერაფერს გეტყვით“.
ჩვენ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მისივე სურვილით, დამატებითი კითხვები გადავუგზავნეთ, თუმცა კითხვებზე პასუხი რედაქციამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებები 2017 წლის 15 დეკემბრიდან დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება 7-9 თებერვლის ღონისძიებებს, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები არამარტო მოწვეული არიან, ასევე მონაწილეობენ საორგანიზაციო კუთხით. იუბილეზე მოწვეული საერთაშორისო დელეგაციებთან სწორედ თსუ-ს სტუდენტები მუშაობენ მოხალისეებად.
8 თებერვლის ღონისძიებებზე შეზღუდვის დაწესება არაა სწორი ფორმულირება. სააქტო დარბაზი, სადაც საზეიმო ცერემონია ტარდება, მხოლოდ გარკვეული რაოდენობის სტუმრების მოწვევის საშუალებას იძლევა. საიუბილეო ცერემონიაზე მოწვეული არიან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები. რადგან თსუ-ს სტუდენტების რაოდენობა 20 ათასზე მეტია, ცხადია ყველას დასწრება შეუძლებელია. ღონისძიებას დაესწრებიან მაღალრეიტინგული სტუდენტები, გაცვლითი პროგრამების მონაწილეები, საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებულები.
რაც შეეხება თანამშრომლების დაშვებას, შეზღუდვა არც მათთვისაა დაწესებული. ყველა თანამშრომელი საიუბილეო დღეებში ჩვეული სამუშაო განრიგით იმუშავებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების მთელი ქვეყნის მასშტაბითა და საერთაშორისო დონეზე დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია. აღნიშნული კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის #2606 განკარგულების ფარგლებში გამოიყო დაფინანსება საიუბილეო ღონისძიებების განსახორციელებლად. ამას გარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს თანადაფინანსებას”, – აღნიშნულია საპასუხო წერილში.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება