მიიღებს თუ არა წიგნებს ყველა მოსწავლე 15 სექტემბრამდე და შექმნის თუ არა პრობლემას უტრანსპორტო დედაქალაქი?
2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე 11 დღე რჩება. თბილისში სწავლის განახლებას 200 ათასზე მეტი მოსწავლე ელოდება. ექნებათ თუ არა სახელმძღვანელოები ბავშვებს 15 სექტემბერს? როდის დაიწყება წიგნების გაცემა და შეაფერხებს თუ არა პროცესს, დედაქალაქში 13 სექტემბრამდე გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი?
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წიგნების დარიგებაზე EDU.ARIS.GE-სთან სკოლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, და, როგორც ჩანს, სკოლების იმედი აქვს:
„საქართველოს ყველა სკოლაში წიგნების დარიგება თითქმის დასრულებულია. დარჩენილია წიგნები, რომლებსაც გრიფი წელს მიენიჭა, მიმდინარეობს მათი დარიგება და 10 სექტემბრისთვის ესეც დასრულდება. მშობლები დაუკავშირდნენ სკოლებს და აუცილებლად ექნებათ მოქნილი მექანიზმი“.
10 სექტემბერი – პარასკევი;
11 სექტემბერი – შაბათი;
12 სექტემბერი – კვირა;
13, 14 – სექტემბერი, იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
15 სექტემბერი – იწყება სკოლა;
მოახერხებენ თუ არა სკოლები ამ განრიგით წიგნების სრულ დარიგებას სწავლის დაწყებამდე?
მოახერხებენ!, – დარწმუნებულები არიან თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში, თუმცა როგორ უნდა მოხერხდეს ორგანიზება ვერ აკონკრეტებენ და სკოლის პასუხისმგებლობად განიხილავენ:
„სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ყველა სკოლას ჰყავს დირექტორი და ეს არის თავიდან ბოლომდე სკოლის დირექტორის გადასაწყვეტი საკითხი. რთული სიტუაციაა მოგეხსენებათ, ტრანსპორტი არც პედაგოგებისთვის არის და ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, ყველა რაღაც გზებს ვპოულობთ“.
თითქმის ყველა უბნიდან იყრიან თავს მოსწავლეები თბილისის N24 საჯარო სკოლაში და არ არის გამორიცხული წიგნების ასაღებად მშობლების სკოლაში გამოცხადებას პრობლემა გაჩერებულმა ტრანსპორტმა შეუქმნას. ამის მოლოდინი აქვს და სწორედ ამიტომ სახელმძღვანელოების გადაცემას ტრანსპორტის ამოქმედების შემდეგ გეგმავს სკოლის დირექტორი, გიორგი კაკაბაძე.
„დარიგებას ალბათ მალე დავიწყებთ, მაგრამ ჯერ – არა. სწორედ იმიტომ, რომ ტრანსპორტი არ იქნება, სავარაუდოდ, 13-მდე არც დავარიგებთ. ჩვენი ისეთი სკოლაა, მთელი თბილისიდან დადიან ბავშვები – ავჭალიდანაც, მესამე მასივიდანაც. ადრე რომ დავიწყოთ, ახლოს ვინც არაა ვერ მოვა, მერე კლასები აირევა, ამიტომ სჯობს, ტრანსპორტის გახსნის შემდეგ“, – განაცხადა გიორგი კაკაბაძემ, რომელსაც ჩვენ ასევე ვკითხეთ, მოასწრებს თუ არა სკოლა წიგნების სრულად გაცემას ბოლო ორ დღეში.
„ორი დღე პრინციპში საკმარისია, რომ უმრავლესობამ წაიღოს, შეიძლება ვინმემ ვერ მოახერხოს მოსვლა, მაგრამ მერეც გავცემთ წიგნებს. 15-16 სექტემბერი რომ მივამატოთ, არაფერი აირევა ისეთი, ამ ორ დღეში საორგანიზაციო საკითხებს მოვაგვარებთ“, – უპასუხა EDU.ARIS.GE-ს N24 სკოლის ხელძღვანელმა და ჩვენც, პირველად ამ საკითხზე მუშაობის დაწყებიდან, პატარა იმედი გაგვიჩინა.
სკოლა 15 სექტემბერს დისტანციურად იწყება, მაგრამ, რეალურად რომელი რიცხვიდან ჩატარდება ყველა კლასში სრულყოფილი გაკვეთილები? იმ დროისთვის, ალბათ, წიგნებსაც დაარიგებენ, მითუმეტეს, თუ მშობელი შვილის წიგნით დროული უზრუნველყოფით თავად იქნება დაინტერესებული.
ასევე იხილეთ:
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება