მიმდინარე ზაფხულს ექსკურსიები არც აკრძალულია და არც ნებადართული
„გთხოვთ გვითხრათ, შეგვიძლია თუ არა ამ ზაფხულს კლასელები ექსკურსიაზე წავიდეთ? ბავშვების ექსკურსიაზე წაყვანის უფლება გვაქვს მთავრობისგან?“ – EDU.ARIS.GE-მ ამ შინაარსის უკვე არაერთი კითხვა მიიღო. მოსწავლეები, ქვეყნის სხვადასხვა სკოლიდან, შემსუბუქებული შეზღუდვების ფონზე, ინტერესდებიან დასაშვებია თუ არა კლასის ორგანიზებით ექსკურსიაზე წასვლა და თუ არა, როდიდან შეეძლებათ ეს.
კითხვაზე პასუხის მისაღებად სხვადასხვა სკოლის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ. როგორც აღმოჩნდა, ექსკურსიები აკრძალული არ არის, თუმცა არც რეკომენდებულია.
177-ე სკოლის დირექტორი გელა ოდიშელიძე ამბობს, რომ მიუხედავად მკაცრი აკრძალვის არარსებობისა, შემოღებული რეგულაციების დაცვისთვის ექსკურსია შეუსაბამოა.
„რეგულაციები, რომლებიც ახლა ძალაშია, არ გვაძლევს საშუალებას რამდენიმე ათეული ადამიანი ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადავიყვანოთ. როცა კლასში 25 მოსწავლეა, ერთი სატრანსპორტო საშუალებით ვერ წავლენ. ამას ემატება ჰიგიენური ნორმები, რომლებიც აუცილებელია დაცული იყოს თავად ავტობუსში და ავტობუსის მიღმაც, როცა მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან. ამიტომ, რეგულაციების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ექსკურსიები ორგანიზება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. თუმცა მკაცრი მითითება, რომ უფლება არ გვაქვს, არ არსებობს. საუბარი ამ ზაფხულზე მაქვს.
„რაც შეეხება შემოდგომას, ჩვენს გარშემო სიტუაცია იმდენად სწრაფად იცვლება, რომ შორეულ პერსპექტივაზე საუბარი მიჭირს. ამ მოცემულობაში კი, ჩვენი პოზიცია ასეთია – მსგავსი აქტივობისაგან თავი შევიკავოთ, რადგან დაწესებული რეგულაციების დაცვა რთული იქნება. ჩვენს სკოლაში სურვილი არც გამოთქმულა. საუბრის დონეზე იყო, მაგრამ თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა. თავად მშობლების დამოკიდებულებაც ასეთია, რომ საჯარო და ხალხმრავალი ღონისძიებებისაგან, სკოლაში, ან სკოლის მიღმა, ჯობია, თავი შევიკავოთ“, – ამბობს გელა ოდიშელიძე.
დაახლოებით იგივე შინაარსის პასუხი მოვისმინეთ თბილისის 59-ე საჯარო სკოლის დირექტორისგანაც. მაია ლელაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, ექსკურსიების გამო რამდენიმე ათეული ადამიანის ერთად შეკრება მიზანშეწონილი არ არის.
„ჩვენთვის ამ სურვილით არავის მოუმართავს. რომ მოემართათ, ვურჩევდი, რომ ექსკურსიაზე წასვლისაგან თავი შეეკავებინათ. არც მგონია რომელიმე კლასმა ეს შეძლოს, რადგან დისტანციური სწავლის პერიოდში, ძირითადად, რეგიონებში წავიდნენ და ალბათ შეკრებასაც ვერც მოახერხებენ. თუმცა, სურვილის გამოთქმის შემთხვევაში, ვურჩევდი, რომ არ წასულიყვნენ“,- აღნიშნავს 59-ე სკოლის დირექტორი.
მისივე თქმით, სამინისტროსგან მიიღეს უსაფრთხოების წესები – თუ როგორ უნდა დამუშავდეს შენობა სველი წესით და როგორ და რა სიხშირით გაისუფთაონ ხელები მოსწავლეებმა, მაგრამ ამ მითითებებში, კონკრეტულად ექსკურსიების თაობაზე, არაფერი თქმულა.
ექსკურსიაზე, ამ ზაფხულს, ვერც თბილისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები წავლენ. დირექტორი, რევაზ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ სკოლის, ან კლასის ორგანიზებით, ახლა, ეს შეუძლებელია. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა თავისუფლად დაშვებული შემოდგომიდან, აღნიშნავს, რომ ამის შესახებ მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რაც მედიაში საჯაროდ ქვეყნდება.
უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროსაც მივმართეთ, თუმცა, რამდენიმედღიანი ლოდინის მიუხედავად, კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.
„თუ ამ დინამიკით წავედით, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის სწავლის დაწყებას“
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება