GE

მინისტრი: „რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს“

სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლა დაიწყება, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახლანდელი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს.

„მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს და მივდივართ აქეთკენ“,- აღნიშნავს მინისტრი.

მიხეილ ჩხენკელი არ აკონკრეტებს არჩევითობა მოსწავლეებს შეეხებათ თუ სკოლებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ რელიგიის საკითხები სამოქალაქო განათლების ფარგლებში ახლაც ისწავლება. ამასთან, EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ 2016-2017 სასწავლო წლიდან სკოლაში უნდა შესულიყო საგანი, „მე და საზოგადოება“, რომელშიც სხვადასხვა საკითხთან ერთად რელიგიის ისტორიაც იქნებოდა წარმოდგენილი. საგანზე მუშაობა ჯერ კიდევ თამარ სანიკიძის მინისტრობის დროს დაიწყო და აღნიშნულის შესახებ განათლებისა და მეცნიერების წინა მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავაც საუბრობდა.

“ძალიან ბევრი მსჯელობა მოჰყვა რელიგიის სწავლების საკითხს, თუმცა მოახერხეს და ისეთ საკითხებზეც ვერ შევთანხმდით – შემოქმედის ცნება უნდა ისწავლებოდეს თუ არა. იმის გათვალისწინებთ, რომ შემოქმედი ყველა რელოგიაში არსებობს, ჩვენს შემთხვევაში მისი ცნება საერთოდ ამოღებულია. აქ მეორე პრობლემას სეიზლება წავაწყდეთ – მორწმუნე ოჯახის მორწმუნე ბავშვი რომ ჰკითხავს მასწავლებელს: განა თქვენ არ იცით, რომ სემოქმედი არსებობსო მაშინ რა ხდება… ახლა, თქმა იმის, რომ „მე და საზოგადოების“ ფარგლებში რელიგია ისწავლება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია.

ჩვენ ვასწავლით რელიგიის ისტორიის თვალსაზრისით: სად, რომელ საუკუნეში და როგორ გავრცელდა ესა თუ ის მრწამსი“, – განაცხადა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ საკითხი გადახედვას მომავალში საჭიროებს და არ არის გამორიცხული, მიდგომები შეიცვალოს.

აღნიშნულ საკითხზე  EDU.ARIS.GE-სთან ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავაც საუბრობს. მისი თქმით, საგანს „მე და საზოგადოება“ კვირაში 2 საათი დაეთმობა, ხოლო რელიგია უფრო კულტუროლოგიური კუთხით იქნება წარმოდგენილი.

„ამ საგნისთვის დათმობილია კვირაში 2 საათი, მასში გაშლილია სხვადასხვა თემა. თითო წელს არის სამი თემა. მაგალითად, მესამე კლასში არის „ჩემი ოჯახი“, „სასკოლო გარემო, მეგობრები, თანატოლები“ და „თემი, რომელშიც ვცხოვრობ“. მეოთხე კლასში გრძელდება – „მედია და ინფორმაცია“, „სად და როგორ ვიღებ განათლებას“ და „მე და ჩემი ქვეყანა“. რელიგია შესულია უფრო კულტუროლოგიური კუთხიტ, როდესაც საუბრობ შენს ქვეყანაზე, ტრადიციებზე, კულტურაზე… ბუნებრივია, ვერ გამორიცხავს რელიგიის თემას, იგი შესისხლხორცებული და გადაჯაჭვულია“, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

შეგახსენებთ, რომ „მე და საზოგადოების“ წიგნზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო, გამოცხადდა წიგნის გრიფირებაც. სახელმძღვანელოების შემოწმება კი ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერ – ოქტომბერში უნდა მომხდარიყო. ამასთან, მინისტრის ინიციატივა იყო, რომ წიგნის ვერსიები ატვირთულიყო ელექტრონულად და ყველას ჰქონოდა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, ანუ ყოფილიყო საზოგადოების ჩართულობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ წიგნი ჯერ ისევ არ არსებობს, შესაბამისად, ჯერ არც მისი შემოწმება და არც განხილვა არ მომხდარა.

რას ასწავლის და რა საკითხებს უნდა ფლობდეს მოსწავლე საგნის ”მე და საზოგადოება” დასრულების შემდეგ

მიხეილ ჩხენკელმა ზემოაღმნიშნული განცხადება ipn-თან ინტერვიუში გააკეთა.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური