„მოდი, პირჯვარი აიღე, წყალი გადაიწერე და შედი!“ – ეროვნული გამოცდები 2020-ის მარგალიტები
ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. მთელი საგამოცდო პერიოდი EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებმა საგამოცდო ცენტრებთან გაატარეს, რათა თქვენ პირველებს შეგეტყოთ თითოეული სიახლე გამოცდებიდან. გულშემატკივრებთან ერთად გაიზიარეს მათი მოლოდინი, ნერვიულობა, სიხარული თუ იმედი. გაგაცნეს რომანტიკოსი შეყვარებული ბიჭი თავისი სახალისო ბანერით და იუბილარი აბიტურიენტი, რომელსაც გარეთ დედა, ბუშტებით ხელში, მზის გულზე, რამდენიმე საათი ელოდა.
ამ ყველაფერთან ერთად კი, მათ ის სახალისო ფრაზებიც მოაგროვეს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საგამოცდო ცენტრებთან მოისმინეს. მაშ ასე, გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ფრთიან ფრაზებს 2020 წლის ეროვნული გამოცდებიდან:
– „გამოცდა აქ ტარდება“?
– „აბა დილის 8 საათზე „საბირჟაოდ“ მოვედით?“
– „მოდი, პირჯვარი აიღე, წყალი გადაიწერე და შედი!“
მშობელი: „უკვე ჩამერთო ნერვები!“
-მშობელი დაცვას: შემოვალთ ჩრდილში
დაცვა: იქითაც ბევრი ჩრდილია ქალბატონო
მშობელი: აქედან უფრო კარგად ვნერვიულობ!
– „არსად არ მოიხსენიება ოქროს მედალი, არც ატესტატში, არც არსად, დადე სახლში და გქონდეს.“
– „ამან ისე კარგად ილაპარაკა, 70%-იან გრანტს აიღებს, უეჭველი!“
– „ვაიმე ტელეფონს თუ ართმევენ რამე რომ გაუჭირდეს, როგორ გამაგებინებს ბავშვი?“
– „თქვენ სახლში საერთოდ ლოცულობთ?“
– „იცით რას გეტყვით ქალბატონო, მე სახლში იერუსალიმიდან ჩამოტანილი სანთელი მაქვს!“
– „აუდიტორიაში რომ შეხვალ დამირეკე!“
– „ წერას რომ დავიწყებ მაშინ დაგირეკავ, მა!“
– „აბა ვინ იყო შერმადინი? ჟურნალისტი ხარ უნდა გახსოვდეს!“
– „ნანა, ამოიღე ერთი ის „პერაშკები!“
– „მაღაზია მასწავლეთ სადაა აქ, ბავშვი რომ გამოვა წვენი და მიწის თხილი უნდა დავახვედრო.“
– „რეპეტიტორები არიან ეშმაკები და ჭინკები, ყველა სკოლაში მუშაობს და არ ასწავლიან ბავშვებს, რომ შემდეგ ფული აიღონ!“
გულშემატკივარი 1:“ ბიჭები უფრო გენიოსები არიან“. გულშემატკივარი 2: „ჭკვიანი ბავშვი ყველა კარგია“.
– „თქვენი შვილი როგორ სწავლობდა?“
– „რა ვიცი, როგორც ბიჭებს შეეფერებათ.“
გულშემატკივარი დისტანციით მოწყობილ აბიტურიენტებზე: „რა უბედურებაა ზონაა თუ სკოლა? თან კედლებზე ამდენი წარწერები!“
– „ჩემ უკან ისეთი სიმპატიური ბიჭი იჯდა, მომეღრიცა კისერი“.
– „ჩემი ბიჭი ძალიან სხვანაირია, ყველაფერი იცის, მაგრამ გამოხატვა არ უყვარს, ეხათრება. შევეხვეწე, გამოცდაზე მაინც ყველაფერი დაწერე, რაც იცი- მეთქი“.
აბიტურიენტი: „შუბლზე ის პისტოლეტი მომადეს და მერე შემიშვეს (გულისხმობს ტემპერატურის საზომ ხელსაწყოს).“
– “ქართულის გამოცდაზე ისეთი ლამაზი თეთრკაბიანი გოგონა იყო,არ შეგინიშნავს? ჩემი შვილისთვის მომეწონა, ისეთი მოკრძალებული და ლამაზი იყო, ვიფიქრე მივალ, გამოვკითხავ ვინაობას და სადაურობას – მეთქი, მაგრამ მამა დახვდა და ვერ გავბედე. მამაც ისეთი სიმპათიური იყო. ახლა ვათვალიერებ, იქნებ ისტორიის გამოცდაზე დავინახო.”
– „ეს თუ ჩემი გოგო გამოვიდა ასე უცებ, თმით უნდა ვითრიო (მისი გოგო არ აღმოჩნდა, გადარჩა J )!“
დაცვა მიმართავს გულშემატკივარს, რომ დაიშალონ და დისტანცია დაიცვან.
პასუხი: “ვიდგებით, ერთი კლასტერიდან ვართ!”
– „დედა შენი 31 ზარი დამხვდა ტელეფონზე, ხო იცოდი რო გამოცდაზე ვარ?!“
– „რავიცი, გირეკავდი მაინც“.
– „თქვენ გამოცდაზე ხართ?“
-„რაღა დროს ჩემი გამოცდაა, საცაა პენსია უნდა ავიღო“.
– „წამო მამი, კაი სალათა და თონის პური ჩემზე იყოს!“
– „ჟურნალისტი თუ ხართ კამერა რატომ არ გიჭირავთ? წერთ? მე არ გამიგია ჟურნალისტი წერდეს.“
– „რთული იყო?“
– „არც ისე, მაგრამ ძნელი იყო.“
– „გამოცდები იყო ჩვენ დროს, ახლა ამას ჰქვია მაიმუნობა!“
– „ჩემი შვილი ვაკე-საბურთალოს არ გასცდენია. გლდანში რას დაგვინიშნეს გამოცდა!“
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი: „ერიკ ემანუელ შმიდტის მოთხრობა შეგვხვდა.“
მშობელი მეორე მშობელს: „ვიღაცა ერიკასა და ემანუელას მოთხობები შეხვედრიათ.“
მშობელი: „ამ გამოცდებზე ნერვიულობისაგან 5 კილო დავიკელი. აფსუს, მთავრდება, თორემ მოვასწრებდი კიდე ორ-სამ კილოს.“
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება