GE

მოთხოვნები, რომლებიც მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მაძიებლებმა უნდა დააკმაყოფილონ – ცვლილება კანონში

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლები და მასწავლებლობის მაძიებლები. აღნიშნული ცვლილებით განისაზღვრა თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლები თანამდებობების მიხედვით.

უფრო კონკრეტულად, დაწყებითი, საბაზო/საშუალო და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებსა და ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

1. უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

2. უნდა ჰქონდეთ განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

3. უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან ამ პროგრამის დისტანციური კურსი;

4 . უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

5. უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

6. უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, ასევე განისაზღვრა მასწავლებლის მაძიებლის სტატუსით სკოლაში საქმიანობის ვადები და უფლებები:

მასწავლებლობის მაძიებელი არის პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში) და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. რა უფლებები და მოვალეობები აქვს მასწავლებლობის მაძიებელ პირს კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით:

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლობის მაძიებელთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით.
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა საჯარო სკოლის მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების შესაბამისად.
  • მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა შეღავათითა და უფლებით, გარდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა.
  • მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 2 წლისა. ამ პერიოდში მან უნდა გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს ამ კანონის 21​3 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ეთვლება.
  • მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ამტკიცებს და წარმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
  • მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებლის ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელია ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც იგი ასწავლის.
  • თუ მასწავლებლობის მაძიებელი ვერ დაძლევს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას, მას უწყდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.
  • მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

იხ. კანონი

აღნიშნული ცვლილებები კანონში 2018 წლის 20 ივლისს შევიდა, თუმცა დოკუმენტი საჯარო რამდენიმე დღის წინ გახდა.

იხილეთ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალური მასწავლებელი კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური