მშობლების მიერ არჩეული დისტანციური სწავლების ხარჯებს საჯარო სკოლებს განათლების სამინისტრო აუნაზღაურებს
უკვე ცნობილია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში, საკლასო ოთახებში სწავლას პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები განაგრძობენ, ფოთსა და გორში კი საკლასო ოთახებში სწავლას ყველა კლასის მოსწავლეები შეძლებენ.
ამის მიუხედავად, მშობლებს შეეძლებათ აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა.
ამ გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა გააჩინა, პირველ რიგში კი ფინანსური კუთხით – როგორ ანაზღაურდება დამატებით დისტანციური სწავლებისას მასწავლებლების შრომა და როგორ დაფარავს სკოლა ამ დამატებითი საათების ხარჯებს?
განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მშობლებს დისტნციური სწავლების მოდელის არჩევის შესახებ განცხადების დაწერა სკოლებში ორშაბათიდან შეეძლებათ, სწავლების ხარჯებს კი, სკოლას მთლიანად სამინისტრო აუნაზღაურებს.
„იმის გამო რომ არსებობს შფოთვა, არსებობს შიში მშობლების მხრიდან, რომ შვილები კიდევ უფრო მეტად დაიცვან, ვთავაზობთ ასეთ რაღაცას, რომ აირჩიონ დიდ ქალაქებში, მივიდნენ სკოლაში, განცხადება დაწერონ და თქვან: ორშაბათიდან, მე მინდა ჩემი შვილი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე. დღეს შემიძლია ვთქვა და დავამშვიდო სკოლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომ განათლების სამინისტრო დააფინანსებს იმ ჩატარებულ საათებს, რომელსაც ჩაატარებს სკოლა. სკოლას შეუძლია სკოლის სივრცეში არსებული მასწავლებელი [ჩართოს], თავისი კლასის მასწავლებლებმა ჩაატარონ ეს დისტანციური გაკვეთილები. აქ არის საუბარი საჯარო სკოლებზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ჩავერევით და ვერ გადავიხდით კერძო სკოლებზე“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
როგორც სამინისტრომ უკვე განმარტა, პროცედურა მშობლებისთვის ასეთი იქნება: თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, მას ამის შესაძლებლობა ექნება. ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება ორგანიზებული. სწავლის დისტანციურად გაგრძელების თაობაზე მშობელი მიმართავს სკოლას, რომელიც მას დაარეგისტრირებს და მის მოთხოვნას უზრუნველყოფს.
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება