მთავრობა: 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის მილიარდიანი პროექტის განსახორციელებლად ტენდერები შემოდგომაზე გამოცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება – 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 17 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.
რაც შეეხება ვადებს, მთავრობის ადმინისტრაცია წერს, რომ პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
“აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის”, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა მთავრობის მეთაურთან ერთად პროექტის დეტალები განიხილეს.
პროექტის ღირებულება 1 მლრდ ლარს შეადგენს.
ასევე იხილეთ:
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები