რა მიზეზებით ტოვებენ გოგონები სკოლას – მძიმე სტატისტიკის ანალიზი და სამინისტროს პრაქტიკა ტენდენციასთან საბრძოლველად
დღეს უფრო მეტი გოგო დადის სკოლაში, ვიდრე ოდესმე, თუმცა, პროგრესის მიუხედავად, განათლების უფლების კუთხით კვლავაც აწყდებიან მრავალ ბარიერს. როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კვლევები ადასტურებენ, რომ ბარიერები, რომლებსაც არასრულწლოვან გოგონებს ექმნებათ, განათლების რეალიზებას ხელს უშლის.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის ანგარიშში, „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“ ვკითხულობთ: „გოგონების მხრიდან სწავლის მიტოვების მიზეზებად განათლების სამინისტროს მიერ უმეტესწილად მოსწავლის დაოჯახება, სკოლიდან გაყვანის შესახებ მშობლის, (მეურვის ან მოსწავლის განცხადება) და მუშაობის დაწყება სახელდება“. აქვე ნათქვამია: „2021 წელს სწავლა 520 გოგომ შეწყვიტა, მათ შორის დაოჯახების გამო იყო-19, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მოსწავლის განცხადებით-455, მუშაობის დაწყების გამო – 46“.
ანგარიშში სათანადო და სრულყოფილი განათლების მიღებისთვის ხელისშემშლელ ბარიერებად დასახელებულია:
- მავნე და არასწორი გენდერული სტერეოტიპები;
- გენდერული ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ;
- ბავშვთა ქორწინება, ადრეული და არასასურველი ორსულობა;
- ინკლუზიური და ხარისხიანი სასწავლო გარემოს ნაკლებობა, არაადეკვატური და სახიფათო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სანიტარიული პირობები;
- სიღარიბე.
EDU.ARIS.GE-მ ზემოაღნიშნული სტატისტიკის ანალიზი და შეფასება რუსუდან ბუზიაშვილს სთხოვა, რომელიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და სწავლის პარალელურად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში, მოზარდებთან მუშაობს და მათ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს.
– რუსუდან, რას ფიქრობთ სტატისტიკაზე, როგორია თქვენი პრაქტიკა, რა მიზეზით ტოვებენ გოგონები სკოლას და რა ბარიერებს აწყდებიან?
– როდესაც გოგონების განათლებაზე ვსაუბრობთ, ავტომატურად, ჩვენდა უნებურად, ვაწყდებით დაბრკოლებებს, რომლებიც შემდგომ მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. გოგონების დიდ ნაწილს, რომლებსაც 9 კლასის ან უფრო ნაკლების განათლება აქვთ, თუ ჰკითხავთ, რატომ მიატოვეს სკოლა, აუცილებლად მოისმენთ: „ოჯახმა გადაწყვიტა”, ,,გავთხოვდი”, „მუშაობა ვარჩიე სწავლას“, „ოჯახს უნდა დავხმარებოდი”… სამწუხაროდ, მქონია შემთხვევები, როდესაც მათგან მომისმენია „გამოცდებისთვის მომზადების საშუალება არ მქონდა, აზრი არ ჰქონდა სწავლის გაგრძელებას“, „ჩემი ძმის განათლება იყო პრიორიტეტი, ბიჭიაო“, – ეს ძალიან უსამართლო რეალობაა, რომელშიც მათ ცხოვრება უწევდათ.
– რას უნდა აკეთებდეს ამ დროს სკოლა, მშობელი, სახელმწიფო და რას ურჩევდით გოგონებს, რომლებიც ახლა ფიქრობენ სკოლის დატოვებაზე?
– საქართველოში ჯერ კიდევ არიან გოგონები, რომლებსაც განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ, მიუხედავად კანონის გამკაცრებისა. მნიშვნელოვანია სოციალური სამსახურისა და სკოლის ადმინისტრაციისა ჩართვა. აქტიურად უნდა იმუშაოს ფსიქოლოგმა გოგონებს განუვითაროს საკუთარი თავის რწმენა. საზოგადოებამ უნდა გაიზროს, რომ სანამ იარსებებს დამოკიდებულება – „ჩემი რა საქმეა” ყოველთვის იქნებიან ტრადიციებსა და სტერეოტიპებს შეწირული პატარა გოგონები დანგრეული მომავლითა და ჯანმრთელობით. თუ გვინდა, მსგავსი შედეგები არ დადგეს, ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
მათ კი, ვინც სკოლა დაოჯახების, მშობლების გადაწყვეტილების ან სამსახურის დაწყების გამო დატოვეს ვეტყვი: გოგონებო, პირველ რიგში გეტყვით, რომ თქვენ გაქვთ დიდი ძალა და უნდა ისწავლოთ მისი გამოყენება. ყველას აქვს უფლება ჰქონდეს მიზნები, ოცნებები და არჩევანი. განათლება კი შესაძლებლობაა, რომელიც თქვენს გზას გაპოვნინებთ. გახსოვდეთ, რომ არავის აქვს უფლება, თქვენი ცხოვრება დაგეგმოს. უნდა იყოთ ლამაზები, ბედნიერები და პირველ რიგში ირწმუნოთ საკუთარი თავის.
გოგონების მხრიდან სკოლის დატოვების საპრევენციოდ სახელმწიფოს როლისა და დღეს არსებული გამოცდილების დასადგენად EDU.ARIS.GE-მ კითხვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ჩვენ ისიც გვაინტერესებდა, თუ რა კონკრეტული ღონისძიებების გატარება შეუძლია სკოლას ასეთი შემთხვევების დროს. უწყების იურიდიულ დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ არდადეგების პერიოდშიც კი, „სკოლები მაქსიმალურად ჩართულნი არიან დაიცვან ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მოახდინონ დროული რეაგირება“.
„არდადეგების პერიოდშიც კი, როცა სკოლებში სასწავლო პროცესი დასრულებულია, მსგავსი შემთხვევების დაფიქსირების დროს, აქტიურად იწყებენ მუშაობას სოციალური მუშაკები და რასაკვირველია, მანდატურების სამსახური, რომელიც ყოველთვის მზადაა მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს სამართალდამცველ უწყებებთან. არსებობს მთავრობის 437 დადგენილება, ბავშვთა დაცვის რეფერირების საკითხებზე და ღონისძიებები, რომელიც ამ კუთხით ტარდება, როგორც სკოლის, ისე სამინისტროს მხრიდან შესაბამისია ყველა ნორმატიული აქტის დაცვით. ამასთან, ყველა ჩართულ თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა სამინისტროსგან გამოითხოვოს და დეტალურად მიიღოს ინფორმაცია, რა კონკრეტულ სამუშაოებს ახორციელებს სამინისტრო“.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება