ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელსაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.
“საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ან აღნიშნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მიუხედავად ვერ მოიპოვებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას, შესაძლებლობა აქვთ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით ჩაირიცხონ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიღონ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა.
ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
აღნიშნული პირობებით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც წესი, აბიტურიენტები, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიდან არიან, გამოცდას ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში აბარებენ. ჩვენ ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრის ხემძღვანელსაც მივმართეთ კითხვით – არიან თუ არა ამ ცენტრში რეგისტრირებულები ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ქირიამ EDU.ARIS.GE-სთან განაცხადა, ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
,,არიან თუ არა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე რეგისტრირებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვები, ამის შესახებ ინფორმაცია წინა წლებშიც არ გვქონდა და ახლაც არ გვაქვს, ჩვენ ცენტრში დღეს სულ 295 აბიტურიენტია რეგისტრირებული”,- აღნიშნა ქირიამ.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება