პანდემიისას მოსწავლეთა ტრანსპორტირების შეწყვეტით 8 მილიონის ეკონომია გაკეთდა
2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტში, რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის დასაფინანსებლად წარმოადგინა, მკვეთრად შემცირდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა სამინისტროს დაფინანსება.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, თანხების დაზოგვა ძირითადად ეკონომიების ხარჯზე მოხერხდა, მათ შორის განათლების ნაწილის დაფინანსებაშიც, რომელიც ჯამში 35 მილიონი ლარითაა შემცირებული.
„ყველაზე დიდი შემცირება, სადაც გვაქვს ეს არის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჯამში 127 მილიონი ლარით მცირდება აღნიშნული უწყების დაფინანსება. უშუალოდ განათლების მიმართულებით 35 მილიონი ლარია შემცირებული და აქაც დიდი ნაწილი არის ეკონომიები. მაგალითად ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ვინაიდან წლის პირველ ნახევარში სკოლები პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა და არც ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფა იყო აუცილებელი, მხოლოდ ამ კომპონენტში 8 მილიონი ლარის ეკონომია იყო წარმოქმნილი წლის პირველ ნახევარში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისივე თქმით, ყველაზე დიდი შემცირება არის სპორტის მიმართულებით 53 მილიონი ლარი, კულტურის დაფინანსება შემცირებულია 20,7 მილიონი ლარით, ხოლო განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის ნაწილში 17 მილიონი ლარი მოაკლდება.
ანტიკრიზისული ბიუჯეტი საპარლამენტო კომიტეტებზე უკვე განიხილეს. პლენარულ სხდომაზე კი პირველი მოსმენით კენჭს დღეს უყრიან.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- ტკბილ-მწარე გაკვეთილები ქართული განათლების სისტემისგან – 2024 წელი განათლებაში by ARIS.GE-განათლება
- „უკანა წინას სჯობია!“ – რა შეცვალა 2024-მა წელმა საქართველოში განათლების კუთხით? by ARIS.GE-განათლება
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს ავტორიზაციის საბჭო ხელახლა განიხილავს – ილიაუნის კანცლერი by ARIS.GE-განათლება