GE

„პედაგოგიკა დეფიციტური მიმართულებაა“ – შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაცია (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციას გამართა, რომელსაც განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეისწავლეს დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა 5-წლიან პერსპექტივაში და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად, შეადგენს 64 095-ს, აქედან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, 21 779-ის საჯარო სექტორში. (აქ იგულისხმება მათ შორის ჩანაცვლების მოსალოდნელი მაჩვენებელიც).

იხილეთ: პრეზენტაციის ვიდეო

პრემიერ-მინისტრმა თქვა: “იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ამის თავიდან არიდება და, სწორედ, ამიტომ ჩატარდა შრომის ბაზრის ანალიზი… შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ წესით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს ყოველწლიურად უნივერსიტეტებში”.

საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი: „უნივერსიტეტებში ყოველწლიურად სულ 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს“

მოთხოვნადი პროფესიული ჯგუფები:

„მოთხოვნად პროფესიულ ჯგუფებში უმაღლესი განათლების საჭიროებას რაც შეეხება, აქ ლიდერობს კონკრეტული პროფესიები. ეს არის საშუალო სკოლის მასწავლებლები, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, ექთნები, ექიმები, მშენებლობის მენეჯერები, პროგრამისტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, მშენებლობის ზედამხედველები, ელექტრიკოსები, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები. კვლევამ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ პროფესიებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა შრომის ბაზარზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, კვლევაში წარმოდგენილია მონაცემები, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რომელია დეფიციტით გამორჩეული მიმართულებები:

“აშკარად ჩანს, რომ პედაგოგიკა არის ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, სადაც გვყავს ნაკლები სტუდენტი, ვიდრე არის შრომის ბაზრის მოთხოვნა. საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებებში არის უმეტეს შემთხვევებში დაფიქსირებული დეფიციტი, ეს ეხება მშენებლობას, ანუ გვჭირდება იმაზე მეტი მშენებელი, ვიდრე, დღეს, უმაღლესი განათლების სისტემა აწვდის შრომის ბაზარს. ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ამ მიმართულებებითაც არის ნაკლებობა. საექთნო და სამეანო საქმე, სოციალური მუშაობა, ეს არის ის სფეროები, სადაც მკვეთრი დეფიციტი ფიქსირდება მიწოდების კუთხით.

რაც შეეხება სიჭარბის მაგალითებს:

“არის სპეციალობები, სადაც გამოვლინდა სიჭარბე. მაგალითისთვის რომ ავიღოთ სამართლის მიმართულება, აქ ჩარიცხვების საშუალო წლიური რაოდენობა გასული 5 წლის განმავლობაში იყო 3598. საშუალოდ, წლიურად ირიცხებოდა სამართლის ფაკულტეტებზე კურსდამთავრებულთა რაოდენობა შეადგენდა 2047-ს. ესეც შემაშფოთებელი მაჩვენებელია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად გაუმჯობესება. როდესაც კურსდამთავრებულთა მაჩვენებელი ჩარიცხვასთან შედარებით 40%-ია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ გვაქვს სერიოზული გამოწვევები უმაღლესი განათლების სფეროში. ამ კუთხით გამონაკლისი არ არის არც სამართლის მიმართულება.

რაც შეეხება მოთხოვნას, კვლევამ გამოავლინა, რომ წელიწადში, საშუალოდ გვჭირდება 678 იურისტი შრომის ბაზარზე, მაშინ, როცა 3600 იურისტი აბარებს იურიდიულზე და ამთავრებს 2050…

სამართალი უკვე ვახსენე, სადაც არის მკვეთრი სიჭარბე, ანალოგიურად – ეკონომიკაშიც გვაქვს სიჭარბე, რაც შეეხება ბიზნესის ადმინისტრირებას, აქ, რეალურად, დაბალანსებულია მონაცემები, თუმცა აქ სხვა პრობლემას ვაწყდებით, იმის გამო, რომ კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის დონე არ არის საკმარისად მაღალი, რეალურად, შრომის ბაზარზე მაინც ფიქსირდება მკვეთრი დეფიციტი. აქ არის თავსებადობა რიცხვებს შორის, ანუ რამდენსაც უშვებს უმაღლესი განათლების სისტემა, იმდენზე არის მოთხოვნა შრომის ბაზარზე, თუმცა კვალიფიკაციის პრობლემის გამო, რეალურად, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის დეფიციტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებითაც შრომის ბაზარზე.

სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები – აქაც ფიქსირდება ძალიან მკვეთრი დისბალანსი. არის მოთხოვნადი სპეციალობა, ძალიან ბევრი ამთავრებს, თუმცა შრომის ბაზარზე არის დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები მოთხოვნა, ვიდრე გვყავს კურსდამთავრებულები სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. იგივე ეხება უცხო ენებს, სადაც არის მკვეთრი სიჭარბე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა დღეს, 24 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული პრეზენტაციისას.

კვლევის დოკუმენტი ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

ამავე თემაზე:

„შეუძლებელია, ეს შრომის ბაზარს ეკარნახა“ – არგუმენტები უნივერსიტეტებში პროგრამების განაწილებაზე განათლების მკვლევრისგან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური