„შეუძლებელია, ეს შრომის ბაზარს ეკარნახა“ – არგუმენტები უნივერსიტეტებში პროგრამების განაწილებაზე განათლების მკვლევრისგან
ავტორი: ლელა ჩახაია, განათლების საკითხების მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:
უმაღლესი განათლების მიმდინარე რეფორმას ბევრი ასპექტი აქვს და მისი კრიტიკა მრავალი სხვადასხვა კუთხით შეიძლება. აქ კონკრეტულად შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე კვოტების განსაზღვრის შესახებ მინდა განვიხილო რამდენიმე საკითხი (თუ გნებავთ, არგუმენტი):
1. შრომის ბაზრის მოთხოვნა არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტებში მიღების განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი. რეფორმის ავტორები მუდმივად ამბობენ, რომ კვოტები განისაზღვრა შრომის ბაზრის კვლევის შედეგად. უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ არსებობს ისეთი სპეციალობები, რომლებიც საერთოდ შეიძლება არ აისახოს შრომის ბაზრის მოთხოვნაში, მაგრამ მათი განვითარება იყოს ეროვნული ინტერესის სფერო, სტრატეგიული საკითხი, ეროვნული უსაფრთხოების თემა, მომავლის განჭვრეტაზე დაფუძნებული საკითხი და ა.შ. მაგალითად, შრომის ბაზრის ანალიზი ვერ მოგვცემს ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ფილოსოფოსი ან არმენოლოგი სჭირდება ქვეყანას ყოველწლიურად.
2. დიდი ალბათობით, კვოტების დადგენისას არავის გაუთვალისწინებია სხვადასხვა პროგრამების კურსდამთავრებულთა რეალური დასაქმების მაჩვენებლები. რეფორმის ავტორები ამბობენ, რომ ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ კურსდამთავრებულები დასაქმდნენ საკუთარი სპეციალობით და არ იყვნენ „იმთავითვე იმისთვის… განწირული, რომ ისინი უნივერსიტეტში დაუფლებული სპეციალობით და დიპლომით ვერასდროს ისარგებლებენ“. ამისათვის ყველაზე ეფექტური იქნებოდა სხვადასხვა პროგრამების კურსდამთავრებულთა რეალური დასაქმების მაჩვენებლების შესწავლა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არ მომხდარა, რადგან მაგალითად ისეთ პროგრამაზე, როგორიც არის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, სადაც პროფესიით დასაქმების მაჩვენებელი 99%-ია, 165-დან 100-მდე შეუმცირდა კვოტა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას, რომელსაც პროფესიით დასაქმების ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს, მხოლოდ 5 სტუდენტის მიღების უფლება მიეცა.
3. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შრომის ბაზრის ანალიზი არ ჩატარებულა რიგ მსხვილ დამსაქმებლებში, მაგალითად, სკოლებში. ასე რომ ყოფილიყო, მთლიანად არ გაუქმდებოდა დაწყებითი კლასების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა. 2026-2027 წლისთვის საქართველოს არც ერთ საჯარო უნივერსიტეტში არ არის გამოცხადებული დაწყებითი კლასის მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე მიღება.
4. დადგენილი კვოტები ზოგ შემთხვევაში უბრალოდ არალოგიკურად გამოიყურება და საღ აზრს თუ გამოვიყენებთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ შეუძლებელია ასეთი განაწილება შრომის ბაზარს ეკარნახა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ასტროენათმეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის უკვე ცნობილი პროგრამა, რომელმაც 20 სტუდენტი უნდა მიიღოს საბაკალავრო პროგრამაზე. თუმცა არანაკლებ საინტერესო სხვა მაგალითებიც გვხვდება. ასე, მაგალითად, ირანისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე გამოცხადებულია 40 ადგილი (30 თსუ-ში და 10 ქუთაისის უნივერსიტეტში), ხოლო სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე – 30 (თსუ-ში). სოციოლოგთა დასაქმების არეალი და შესაძლებლობა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უფრო დიდია, ვიდრე ირანისტების.
5. შრომის ბაზრის და დასაქმების ანალიზი არ შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ რამდენიმე ბიზნესის გამოკითხვას იმის თაობაზე, თუ რა სპეციალობის მუშახელი სჭირდებათ უახლოეს პერიოდში. იმ ანალიზის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ შემოდგომაზე ჩატარდა, თითქმის არაფერი ვიცით. მაგრამ რეფორმის ავტორთა საჯარო გამოსვლებიდან ჩანს, რომ მათ სწორედ ამ მეთოდით იხელმძღვანელეს: ჰკითხეს ბიზნესის წარმომადგენლებს, რა უნარების და სპეციალობის მუშახელი სჭირდებათ. თუმცა, შესაძლებელია, რომ სხვა მიდგომებიც გამოიყენეს და ამას მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა ეს ანალიზი და მისი ჩატარების მეთოდოლოგია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება.
6. რადგან კვოტირება მხოლოდ საჯარო უნივერსიტეტს ეხება, შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულთა შანსებზე ეს გავლენას მაინც ვერ იქონიებს. გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში ეს მაგალითი მოიყვანა:
„მაგალითად, გასული 5 წლის განმავლობაში, სხვადასხვა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტებზე საშუალოდ 3 598 სტუდენტი აბარებდა, ხოლო სწავლას საშუალოდ 2 047 სტუდენტი ამთავრებდა, იურისტებზე საშუალო წლიური მოთხოვნა კი 700-ზე ნაკლებია. შესაბამისად, არასწორი პრაქტიკა იურიდიულ ფაკულტეტებზე ჩარიცხულ 3 600დან 2 900 სტუდენტს იმისთვის სწირავდა, რომ ისინი მომავალში იურისტად ვერასოდეს დასაქმდებოდნენ”.
დადგენილების თანახმად, სამართლის საბაკალავრო პროგრამებზე 1670 ადგილი განისაზღვრა (რატომ ორჯერზე მეტი, ვიდრე 700, ეს არ ვიცით). თუმცა, კერძო უნივერსიტეტებში სამართლის პროგრამაზე წინა წლებში ბევრი გამოყოფილი ადგილი (1500-მდე) რჩებოდა შეუვსებელი. შესაბამისად, სტუდენტებმა, შესაძლოა, ისევ სამართლის პროგრამაზე ჩაბარება არჩიონ, ოღონდ კერძო უნივერსიტეტში. შესაბამისად, შესაძლოა, ისევ იგივე რაოდენობის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი აღმოჩნდეს „განწირული“.
8. შრომის ბაზრის კვლევა და ანალიზი საქართველოში რეგულარულად ტარდება, თუმცა, როგორც ჩანს, არავინ იყენებს ამ მონაცემებს. რეფორმის ავტორები ამტკიცებენ, რომ კვოტების დასადგენად ეკონომიკის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად ჩაატარა შრომის ბაზრის სიღრმისეული ანალიზი 2025 წლის შემოდგომაზე (ზუსტი თარიღები ისევე, როგორც ამ ანალიზის სხვა დეტალები, უცნობია). შრომის ბაზრის, უნარებზე მოთხოვნის კვლევას და ანალიზს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე სხვა ორგანიზაციები რეგულარულად ატარებენ. უფრო მეტიც, არსებობს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა, რომელიც აგროვებს და აანალიზებს შრომის ბაზართან, დასაქმებასთან და მოთხოვნასთან დაკავშირებულ ყველა კვლევას, მონაცემს და ინფორმაციას. შესაბამისად, არ არის ნათელი, რატომ გახდა საჭირო ფორს-მაჟორულად, ორ თვეში (დაახლოებით, რადგან დეტალები არ ვიცით) ახალი ანალიზის ჩატარება და რატომ არ გამოიყენეს უკვე არსებული მონაცემები.
ასევე იხილეთ:
-
რას და როგორ ისწავლით ამ პროგრამაზე მაგისტრატურაში – დამტკიცდა ბავშვის უფლებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი
by ARIS.GE-განათლება
-
დარჩება თუ არა სკოლებში მუსიკა და ხელოვნება? – „განათლებაზე“ ვზრუნავთ, მაგრამ მთავარი ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება!“
by განათლებული ბლოგი
-
როგორი ხელფასებია NAEC-სა და EMIS-ში 2026 წელს – ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები
by ARIS.GE-განათლება