GE

პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა „კულინარიის ხელოვნებაში“

მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს საქართველოში პირველად გაიმართა დუალური პროფესიული განათლების პროგრამის „კულინარიის ხელოვნება“ საკვალიფიკაციო გამოცდა, სახელმწიფო კოლეჯების „ბლექსისა“ და „ახალი ტალღის“ 21 პროფესიული სტუდენტისათვის.

ეს დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 2017 წლის შემოდგომიდან ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. დუალური პროგრამების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი შემუშავება-განხორციელების ყველა ეტაპზე აქტიურად და პირდაპირ არის ჩართული კერძო სექტორი, სადაც სწავლების შედეგების დაახლოებით 60% მიიღწევა.

საკვალიფიკაციო გამოცდის თეორიული ნაწილი ჩატარდა კოლეჯებში, ხოლო პრაქტიკული კი სასტუმრო „პარაგრაფში“, სადაც პროფესიულმა სტუდენტებმა ორწლიანი პროგრამის ფარგლებში მიღწეული უნარ-ჩვევების შესაბამისად მოამზადეს კერძები.

საგამოცდო კომისია შედგებოდა სასწავლო კომპანიების ინსტრუქტორებისა და კოლეჯების პედაგოგებისგან.

საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების გამოცდილების გაზიარებისა და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველსაყოფად გამოცდას აკვირდებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური