პირველკლასელების ბუკებს ვარდნის ტესტს ჩაუტარებენ
ახალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელების ბუკების შესაძენად საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. უწყებამ 55 000 ერთეული პორტაბელური კომპიუტერი უნდა შეიძინოს, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 31 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
სატენდერო განცხადების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ტექნიკის მიწოდება ორ ეტაპად უნდა განახორციელოს. პირველ ეტაპზე 12 900 ცალი პორტაბელური კომპიუტერი „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ 2020 წლის 25 მაისამდე უნდა გადაეცეს, რადგან ნაეკი ამ ტექნიკას ეროვნულ გამოცდებზე იყენებს. მეორე ეტაპზე კი 42 100 ცალი კომპიუტერი, 2020 წლის 1 სექტემბრამდე საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უნდა მიაწოდონ.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მოთხოვნის თანახმად, პირველკლასელების და მათი პედაგოგებისთვის განკუთვნილი კომპიუტერები არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს და უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი. ამის დასადასტურებლად კი, ტენდერში მოანეწილე კომპანიამ შესაბამისი სერტიფიკატები უნდა წარადგინოს.
სატენდერო განცხადების თანახმად ასევე ირკვევა, რომ კომპიუტერების საგარანტიო ვადა არ უნდა იყოს ერთ წელზე ნაკლები, უნდა იყოს ცნობილი მსოფლიო ბრენდის და ტექნიკას გავლილი უნდა ჰქონდეს სტანდარტული ვარდნის ტესტი
„შესყიდვის ობიექტს გავლილი უნდა ჰქონდეს სტანდარტული (ქარხნული) ვარდნის ტესტი, რაზეც მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, ან სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის დასკვნა, ან უცხო ქვეყნის აკრედიტირებული ან სერტიფიცირებული საექსპერტო დაწესებულების ან ლაბორატორიის დასკვნა.
„შენიშვნა: ვინაიდან კომპიუტერები განკუთვნილია I-III კლასის მოსწავლეებისათვის და მათი დამრიგებლებისათვის, რა შემთხვევაშიც მოსწავლის მაგიდის სიმაღლე დასაშვები ცდომილების გათვალისწინებით შეადგენს მაქსიმუმ 66 სმ-ს, ხოლო მასწავლებლის მაგიდის სიმაღლეა 75 სმ, სტანდარტული ვარდნის ტესტი ჩატარებული უნდა იქნას მინიმუმ 75სმ სიმაღლიდან ვარდნაზე. კომპიუტერი უნდა იყოს გაშლილი, ჩართულ მდგომარეობაში, იატაკი ხის ან ლამინატის“ – ვკითხულობთ სატენდერო განცხადებაში.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოში 2011 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარები საჯარო სკოლების პირველკლასელი მოსწავლეები და მათი დამრიგებლები არიან. პროგრამის მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნა. 2020-2021 სასწავლო წლის ბუკების შესაძენად ტენდერი 2020 წლის 26 თებერვალს გამოცხადდა და წინადადებების მიღების ვადა 2020 წლის 30 მარტს სრულდება.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE