GE

პროფესიულ პროგრამებზე სწავლება ერთი თვით გვიან დასრულდება, რეგისტრაციის დაწყება კი გადაიწევს  

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის პროფესიულ კოლეჯებში არდადეგები გახანგრძლივდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, მაისის დასაწყისში, ხოლო აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა დაიწყება სექტემბრიდან.

“აღსანიშნავია, რომ პროფესიულ განათლებაში არ არსებობს აკადემიური წელი და სემესტრები; ყოველ პროგრამას განსაზღვრული აქვს სხვადასხვა ხანგრძლივობა. შესაბამისად, არდადეგების გამოცხადებამ გამოიწია მხოლოდ სწავლის ერთი თვით გვიან დასრულება, რაც  არ უქმნის საფრთხეს სტუდენტების მიერ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დაძლევას;

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, მაისის დასაწყისში, ხოლო აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა დაიწყება სექტემბრიდან.

ახალი პროგრამების მოქნილი ავტორიზაციისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შემუშავებული აქვს ავტორიზაციის პროცესის ელექტრონულად წარმართვის მექანიზმი”, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უკვე ცნობილია, პროფესიული კოლეჯების ადმინისტრაცია უკვე გადასულია ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კოლეჯებს ასევე მიმართა რეკომენდაციით, მისცენ ანაზღაურებადი შვებულება იმ პროფესიულ მასწავლებლებს, რომლებიც ჩართულნი არიან დროებით შეჩერებული პროგრამების განხორციელებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური