პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლა დაიწყო
საქართველოს მასშტაბით 15-მა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ პირველად დაიწყო 40-მდე ინტეგრირებული პროფესიული პროგრამის განხორციელება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი კაჭრეთის კოლეჯში „აისი“ ინტეგრირებული სწავლების პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებსა და პროფესიულ მასწავლებლებს შეხვდა და სწავლის დაწყება პირადად მიულოცა. მინისტრის მოადგილემ სასწავლო გარემო და ის ლაბორატორიებიც დაათვალიერა, რომლებიც სპეციალურად ინტეგრირებული პროგრამების განხორციელების მიზნით მოეწყო.
2020 წელს პირველად გამოცხადდა რეგისტრაცია იმ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. სამწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომთან ერთად, სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს, რომელიც სურვილის შემთხვევაში, მას უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.
კოლეჯი „აისი“ ერთ-ერთი პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩართული იყო პროფესიული განათლების საფეხურზე ზოგადი განათლების ინტეგრირების პილოტირების პროცესში. წარმატებული პილოტირების შემდეგ, კოლეჯმა კაჭრეთის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს ბაზებზე ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების, მეტყევეობისა და შედუღების ინტეგრირებული პროგრამები შესთავაზა დაინტერესებულ პირებს.
დანერგვის პირველივე ეტაპზე აღნიშნული სიახლით სარგებლობის შესაძლებლობა გაჩნდა ერთდროულად თბილისში, გურიაში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში.
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები