GE

პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით სამშენებლო სექტორთან თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა პროქტის „კერძო სექტორის ხელშეწყობა და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილება. შეხვედრა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა და მისი მიზანი იყო პროფესიული განათლების განვითარების პროცესში კერძო სამშენებლო სექტორის ჩართულობისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.

თამარ ქიტიაშვილმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას ღონისძიების მხარდაჭერისთვის და სამშენებლო სფეროს კერძო სექტორის წარმომადგენლებს- პროფესიული განათლების განვითარების პროცესში აქტიური თანამშრომლობისთვის. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროფესიული განათლების განვითარება, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის გარეშე, ვინაიდან პროფესიული განათლების მიზანი სწორედ კერძო სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფორმატში, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ წარმოადგინა ხედვა, თუ როგორ შეუწყობს ხელს ასოციაცია პროფესიულ განათლებასთან მშენებლობის სექტორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ღონისძიების ფარგლებში გაჟღერდა სიახლე ასოციაციის მიერ განათლებისა და დასაქმების კომიტეტის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც იქნება პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ისეთ პროცესებში აქტიური თანამონაწილეობა, როგორიცაა: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავება, პროფესიული პროგრამებისა და დუალური სწავლების ძირითადი ასპექტების შესახებ სამშენებლო ბიზნესის ინფორმირება და სხვ. ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა ასევე იმსჯელეს ასოციაციასა და „უნარების სააგენტოს“ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და იმ გზებზე, თუ როგორ მოხდება სამშენებლო ბიზნესის მხრიდან ინიციატივების წარმოდგენა და მათი გათვალისწინება პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის წევრმა 30-მდე კერძო სამშენებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამშენებლო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების იმიტირებული სამუშაოები შეასრულეს და პროგრამების განხორციელების პროცესის ეტაპები განიხილეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური