GE

პროფესიული კოლეჯი, სადაც 1 ადგილზე 5 მსურველი მოდის – დასაქმების პერსპექტივები „იკაროსის“ სტუდენტებისთვის

ადგილი, სადაც სრულყოფილ სამუშაო პრაქტიკას სასწავლებლის კედლებშივე გაივლი და საკუთარ შესაძლებლობებს მსოფლიოს საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებებით დაამტკიცებ! ყოველწლიურად  პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“ თავს იყრის  ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული, ამ სფეროში სხვადასხვა მიმართულებით სწავლისა და მუშაობის მსურველი ასობით ადამიანი, რომელთა 85% სწავლის დასრულების შემდეგ საქმდება. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც კურსდამთავრებული მუშაობის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ სამუშაო ადგილს ვერ შოულობს. მათი ანაზღაურება კი, საწყის ეტაპზევე, 1500 ლარამდეა.

„იკაროსი“ ტურიზმის სფეროში მოღვაწე 250 კომპანიასთან თანამშრომლობს, რომელთაგანაც კოლეჯის კურსდამთავრებულებზე დიდი მოთხოვნაა. სწორედ ამიტომ, სასწავლებელს უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებიც აქტიურად აკითხავენ. სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯში სწავლა უფასოა, მსურველთა ჩარიცხვა კი ერთიანი ეროვნული პროფესიული ტესტირების  გზით ხორციელდება.

კოლეჯის შესახებ

კოლეჯი „იკაროსი“ 2006 წელს გაიხსნა. იგი ტურიზმისა და მომსახურეობის სფეროში მოღვაწეობს. მას 9 საგანმანათლებლო პროგრამა აქვს: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, სომელიე, ბართენდერი, მიმღებ რეცეფციონისტი, ტუროპერატორი და გიდი. ყველაზე მოთხოვნადი კი მზარეულის პროფესიაა.

კოლეჯში ყოველწლიურად 800-მდე სტუდენტი სწავლობს. აღსანიშნავია, რომ კოლეჯში მოსახვედრად აპლიკანტებს საკმაოდ მაღალი კონკურსის გავლა უწევს. როგორც „იკაროსის“ ადმინისტრაცია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებს, ერთ ადგილზე ხშირად 5-6 მსურველი მოდის. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად 700-800 აპლიკანტი კოლეჯს გარეთ რჩება.

გარდა სადიპლომო პროგრამებისა, კოლეჯში ფუნქციონირებს მოკლევადიანი კურსები თბილისის მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით.

„იკაროსი“ პენიტენციალურ დაწესებულებებშიც ამზადებს ბენეფიციარებს. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ პატიმრობაში მყოფი ადამიანები განსაკუთრებით ინტერესდებიან სამზარეულოს საქმით, რაც ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტია. ჯამში, პენიტენციალურ დაწესებულებებში, “იკაროსმა“ უკვე 300-ზე მეტი ბენეფიციარი გადაამზადა, რომელთა ნაწილმაც საპატიმროები უკვე დატოვა და დასაქმდა კიდეც. კოლეჯი ყოფილ პატიმრებთანაც თანამშრომლობს. კოლეჯის პროგრამები საკმაოდ პოპულარულია გოგონებში და სასწავლებელი მათი წარმატების ისტორიებსაც ინახავს. სტუდენტებს შორის არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებიც.

„დამსაქმებლისთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი ყოფილი პატიმარია თუ არა. მათთვის მთავარია გააჩნდეს უნარები და სურვილი“ – აცხადებენ „იკაროსში“.

აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია „იკაროსის“ საქმიანობა სკოლებში მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდებასა და მათთან სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელებასაც გულისხმობს სამზარეულო, საკონდიტრო და სარესტორნო მიმართულებით. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსწავლეების საკმაოდ დიდი ნაწილი დაინტერესდა და სურვილი გამოთქვა სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა პროფესიული განათლების მიმართულებით გააგრძელოს.

სწავლის ეტაპი და პრაქტიკის შესაძლებლობა

პროგრამათა გარკვეული ნაწილი საგნობრივია და შესაბამისად, მილევად რეჟიმში იმყოფება. რამდენიმე პროგრამა უკვე გადავიდა მოდულარული სწავლების მეთოდზე. მოკლე ხანში კი კოლეჯს მოდულურ-დუალური პროგრამებიც დაემატება. ამ ეტაპზე ყველაზე მოკლევადიანი – მიმღებ-რეცეფციონისტის პროგრამა 5 თვიანია, ყველაზე ხანგრძლივი კი კონდიტერისა და ბართენდერის პროფესიაა, სადაც სწავლა 2 წელი გრძელდება.

სწავლების ეტაპი 30%-იანი თეორიული კურსისა და 70%-იანი პრაქტიკული სწავლებისაგან შედგება. თეორიული ნაწილი კი უცხო ენის სწავლებასაც მოიცავს.

რაც შეეხება პრაქტიკას, კოლეჯი სრულად აღჭურვილ სამზარეულოებს, საკონდიტროებს, სასტუმრო მომსახურეობის სფეროს ოთახებს, ბარს და სარესტორნო ოთახებს ფლობს. შესაბამისად, სტუდენტები პრაქტიკულს საქმეს კოლეჯშივე საკმაოდ მაღალ დონეზე ითვისებენ. თუმცა, სწავლის დასრულების შემდგომ ისინი სასწავლო პრაქტიკაზე ინაცვლებენ, რომელიც 1,5-2 თვე გრძელდება. ეს განსაკუთრებით აადვილებს სტუდენტთა დასაქმებას, ვინაიდან მათ უკვე პოტენციურ დამსაქმებლებთან აქვთ საქმე.

ადმინისტრაცია სტუდენტებს პრაქტიკის გასავლელად რამდენიმე ობიექტს სთავაზობს. სტუდენტები ობიექტებს ათვალიერებენ, მუშაობის პროცესს ეცნობიან და არჩევანს აკეთებენ. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ შრომით ბაზარზე საკმაოდ მომზადებული, კვალიფიციური კადრი გადის. სწორედ მრავალფეროვანი და აქტიური პრაქტიკა ხიბლავთ განსაკუთრებით ადამიანებს, რომელთაც უმაღლესი განათლება უკვე მიიღეს.

კოლეჯის სტუდენტები შეღავათიან ფასად მგზავრობენ. დევნილ სტუდენტებს კი მგზავრობა სრულად უფინანსდებათ, მათ შორის რეგიონებიდან.

პარტნიორების როლი

კოლეჯი 250 პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მათი თანამშრომლობა საკმაოდ მტკიცე და მრავალფეროვანია, რაც დასაქმების მაჩვენებელზეც აისახება.

“გუდვილი“ იკაროსის ერთ-ერთი პარტნიორია. „გუდვილის“ სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ კომპანია „იკაროსის“ გარდა სხვა ბევრ პროფესიულ კოლეჯთან თუ უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობს, თუმცა აცხადებენ, რომ პროფესიული კოლეჯებიდან უფრო მომზადებული კადრებს იღებენ, ვინაიდან მათ საკმაოდ მრავალფეროვანი პრაქტიკული სამუშაო აქვთ გავლილი.

„ბოლო პერიოდში მუდმივად ეწყობა შეხვედრები, რომელთაც პროფესიული კოლეჯების ადმინისტრაცია და დამსაქმებელი კომპანიები ესწრებიან. განვიხილავთ ჩვენს საჭიროებებს და ეს ბევრად გვიადვილებს ურთიერთობას, რადგან ვიცით ვის რა მოთხოვნა გვაქვს. „იკაროსი“ ჩვენი ყველაზე აქტიური თანამშრომელია, რომელთან ურთიერთობაც ძალიან ადვილია. მათგან მოსული კადრი ყოველთვის გამოირჩევა მომზადების დონით.

„აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში საზოგადოებაში შეიცვალა დამოკიდებულება პროფესიული განათლების მიმართ. ხალხმა გააცნობიერა, რომ პროფესიულ სასწავლებელში სწავლა სადამსჯელო ქმედება არ არის. თუმცა, მეტი ინფორმაცია და თავად პროფესიულის წავლების მეტი დახვეწაც, რა თქმა უნდა, უკეთესია. მივესალმები დუალური სწავლების მეთოდს, რომელიც ხანგრძლივ საწარმოო პრაქტიკას გულისხმობს,“ – აცხადებს ხათუნა ჩხარტიშვილი.

დასაქმება

„იკაროსის“ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 85 პროცენტია. ამ პროცესში კოლეჯი აქტიურ როლს თამაშობს.  აცხადებენ, რომ ტურიზმის  სფერო უზარმაზარი და ყოველდღიურად მზარდია, სწორედ ამიტომ სამუშაო ადგილების ნაკლებობას არ განიცდიან.

„ყოველ დღე ახალი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები თუ რესტორნები იხსნება. შესაბამისად, კადრებზე მუდმივად არის მოთხოვნა და შეიძლება ითქვას, რომ ამ მოთხოვნას ვერ ავუდივართ, ბაზარი უფრო მეტ კადრს საჭიროებს. დამსაქმებლები არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდანაც მოდიან.

„ჩვენს კურსდამთავრებულებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ყოველდღიურად 3-4 დამსაქმებელი მაინც მოდის კოლეჯში კადრების ასაყვანად.კურსდამთავრებულების ბაზა გვაქვს და როგორც კი დამსაქმებელი სურვილს გამოთქვამს, მათ ვუკავშირდებით. ეს მუდმივი პროცესია. ეს სფერო ისეთია, რომ ნაკლებადმოთხოვანდი სპეციალობა არც გვაქვს. ყველა პროფესიაზე დიდი მოთხოვნაა როგორც დამსაქმებლების, ისე სტუდენტების მხრიდან,“ – ამბობს „იკაროსის“ ხელმძღვანელი რუსუდან ჩართოლანი.

ანაზღაურება

სასწავლებლის კურსდამთავრებულების ანაზღაურება, პირველივე ეტაპზე, მინიმუმ 500 ლარია და 1500 ლარამდე ადის. დროთა განმავლობაში ანაზღაურება, ცხადია, იმატებს.

„განსაკუთრებით მაღალანაზღაურებადი მზარეულის პოზიციაა. როდესაც მზარეული მაღალ პოზიციაზე ინაცვლებს – სუ-შეფი ან შეფი ხდება, მაშინ ანაზღაურება 2 000 ლარს აღწევს. ეს სულაც არაა შეუძლებელი, ვინც მოინდომა,  ყველამ შეძლო კარიერულ საფეხურზე ანაცვლება. ასევე კარგი შემოსავალი აქვთ მიმტანებს, რომლებიც  ფიქსირებული ხელფასის გარდა „ჩაისაც“ იღებენ, რაც ხელფასს ბევრად აღემატება“, – აღნიშნავენ სასწავლებელში.

„იკაროსში“ თვლიან, რომ ნებისმიერ დარგს სჭირდება პოპულარიზაცია და დარგის ხიბლის სწორად წარდგენა, მათ შორის პროფესიულ განათლებასაც.

„ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ამა თუ იმ სპეციალობის შესწავლის შემდეგ არა მხოლოდ უბრალოდ სამსახურს იშოვნის, არამედ წარმატებას მიაღწევს, მისი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება. მაგალითად, ჩვენი სტუდენტები ყოველწლიურად გადიან საზღვარგარეთ სხვადასხვა კონკურსზე. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან. ამას რომ სხვები უყურებენ, სურვილი უჩნდებათ თავადაც მიაღწიონ ასეთ წარმატებას. მართალია დასაქმება და ხელფასი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა, მუდმივი განვითარება და წარმატება სჭირდებათ. თუკი ადამიანებს ამას დავანახებთ, ისინი აუცილებლად აირჩევენ პროფესიულ განათლებას“, – ასეთია „იკაროსის“ შემართება.

აღნიშნული სტატია მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. ინფორმაცია, რომელიც მოცემულია აღნიშნულ გამოცემაში არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პოზიციას.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური