პედაგოგი კოლეჯ „იკაროსიდან“, რომელმაც ასეულობით მზარეული გამოზარდა – მანუელის ჯადოსნური სამზარეულოს წარმატების ისტორიები
„პროფესიული განათლება არ არის მხოლოდ განათლება. ესაა ამავდროულად აღზრდა და ადამიანის ჩამოყალიბება, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია“, – ეს სიტყვები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და სახელგანთქმულ კულინარს მანუელ ფაუნდეს ბარანდას ეკუთვნის, რომელიც პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ პედაგოგია. მეთორმეტე წელია მომავალ პროფესიონალ მზარეულებს ამზადებს და ამ წლების განმავლობაში მან ასეულობით სტუდენტი გამოზარდა, რომელთა დიდი ნაწილიც ახლა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ წამყვანი რესტორნების შეფ–მზარეულები არიან.
ამბობს, რომ მზარეულის პროფესია ქვეყანაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რასაც ხელს დიდწილად ტელევიზია უწყობს. ამავდროულად, მუდმივად იხსნება ახალ-ახალი კვების ობიექტები და სულ უფრო იზრდება ხარისხიც. შესაბამისად, პროფესიონალ მზარეულებზე მოთხოვნა მზარდია. კოლეჯი თავადვე ზრუნავს სტუდენტების პრაქტიკასა და დასაქმებაზეც, შესაბამისად ჩვენი რესპონდენტისგან წარმატების არაერთი ისტორია მოვისმინეთ.
იხილეთ პროფესიული კოლეჯი “იკაროსის” საგანმანათლებლო პროგრამები
მანუელ ფაუნდეს ბარანდა: ჩვენს სფეროში დასაქმება უფრო ხელმისაწვდომია. ანუ, კურსდამთავრებული შედეგს მალევე ხედავს, თუკი ამის სურვილი აქვს. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მივცეთ ის ცოდნა, რაც დასჭირდებათ. შედეგად, დასაქმების მაჩვენებელიც მაღალია. თბილისში, თითქმის ყველა დიდი კვების ობიექტში „იკაროსის“ კურსდამთავრებულები მუშაობენ. ძალიან ბევრი კურსდამთავრებული გვყავს რეგიონებშიც.
–და რამდენად მაღალ პოზიციებს იკავებენ თავიანთ სფეროში თქვენთან მომზადებული კადრები?
–დიახ, მე სწორედ მათზე მოგახსენებთ, ახალგაზრდებზე, რომლებიც უკვე მაღალ პოზიციებს იკავებენ. საკმაოდ ბევრი კურსდამთავრებული გვყავს შეფ–მზარეულის პოზიციაზე.
ერთ-ერთი მათგანია მაგალითად თამუნა გოგრიჭიანი, რომელმაც კოლეჯი ახლახან დაამთავრა და უკვე სასტუმრო „ბილტმორში“ მუშაობს. კარიერულ კიბეზე საკმაოდ სწრაფად ავიდა და ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან მალე შეფ-მზარეულიც გახდება. პარალელურად უმაღლეს სასწავლებელშიც სწავლობს. გარდა ამისა, წელს თამუნა წარდგენილი იყო ნომინაციაზე „პროფესიული სასწავლებლების საუკეთესო სტუდენტი“ და გაიმარჯვა კიდეც. არადა, ჯერ სულ პატარაა, 21 წლის.
ასევე, მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ ბათუმში მდებარე სასტუმრო „ჰილტონი“, სადაც ჩვენი კურსდამთავრებული ბიჭია სუ-შეფი. უფრო მეტიც შეეძლო, კიდევ უფრო დაწინაურების შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ თავად თქვა უარი, რადგან პარალელურად სწავლობს.
–რამდენად ხშირია უცხოეთში დასაქმების შემთხვევები?
–საკმაოდ ხშირია. ჩვენი კურსდამთავრებულები მუშაობენ გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, აშშ-ში, კანადაში, იტალიაში და ა.შ. რა თქმა უნდა, მუშაობენ თავიანთი პროფესიით – მზარეულებად. მაგალითად, ერთი ჩვენი კურსდამთავრებული – სანდრო უკვე ექვსი წელია აშშ-ში, ჩიკაგოში ერთ ძალიან კარგ რესტორანში შეფად მუშაობს.
–როგორც ვიცით, პროფესიულ სასწავლებლებში თითოეულ პროგრამაზე სწავლა ნულიდან იწყება. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ნიჭს, თუ მონდომების შემთხვევაში მზარეულის პროფესიის შესწავლა ყველას შეუძლია? არის წარუმატებლობის შემთხვევებიც?
–ნიჭსაც აქვს მნიშვნელობა და მოტივაციასაც. თუ სტუდენტი მოტივირებულია, როგორც წესი, აღწევს იმ მიზანს, რომელსაც ჩვენ ვუსახავთ. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა არ არიან მოტივირებულები. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ პროგრამაზე მშობლების დაჟინებული მოთხოვნით ჩააბარეს, ან არ აინტერესებთ, არჩევანში შეცდნენ და ა.შ. გამოცდებზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა – ერთ ადგილზე 4-5 ადამიანი მოდის, მაგრამ ასეთი შემთხვევები მაინც ხდება. ალბათ, გამოცდებამდე გარკვეული ფილტრი უნდა არსებობდეს, რათა უფრო ხარისხიანი კონტინგენტი მივიღოთ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ დასაქმების პროცენტი საკმაოდ მაღალია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არამოტივირებული სტუდენტი ცოტაა.
–რა შეგიძლიათ გვითხრათ კურსების ხანგრძლივობის შესახებ?
–კოლეჯში ფუნქციონირებს მოკლე და გრძელვადიანი კურსები. კოლეჯის პროგრამები, სამივე საფეხური, პრაქტიკის ჩართვით, 7–თვიანია. პრაქტიკას ჩვენვე უზრუნველვყოფთ მოწინავე სასტუმროებსა და რესტორნებში.
რაც შეეხება მოკლევადიან კურსებს, ისინი 2-3–თვიანია და სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიისთვის ტარდება. გვყავს ჯგუფები, რომლებიც მერიის, ან ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით სწავლობენ. გვყავს პრობაციონერთა ჯგუფებიც, რომელთა სწავლასაც სასჯელაღსრულების სამინისტრო აფინანსებს. თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც ვამზადებდით მსჯავრდებულებს. იქვე გვქონდა მოწყობილი სამზარეულო და ადგილზე ვასწავლიდით. ეს საკმაოდ წარმატებული პროექტია, რომლის მეორე ეტაპიც წელს დავასრულეთ.
–რამდენად ადვილია პრობაციონერების დასაქმება?
–თუ კარგი და მომზადებული კადრია, დამსაქმებლები იმას არ აქცევენ ყურადღებას, რომ ის ყოფილი პატიმარია.
–თქვით, რომ დასაქმება არ არის რთული. რამდენად მაღალია ანაზღაურება?
–ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგალითად, სამუშაო საათებზე. მზარეულის პროფესია დაახლოებით 12-საათიან სამუშაო დღეს მაინც ითვალისწინებს. ასევე გააჩნია კვალიფიკაციას, ადგილს და ა.შ. ზოგადად, ეს შემოსავალი ახალგაზრდა ასაკშივე იძლევა იმის საშუალებას, რომ საკმაოდ ნორმალურად იცხოვრო.
–როგორც წესი, სამზარეულო ძირითადად ქალების საქმედაა მიჩნეული. რამდენად დაცულია სტუდენტებს შორის გენდერული ბალანსი?
–ვერ ვიტყვი, რომ სტუდენტებს შორის გოგონები ჭარბობენ. მყავს ჯგუფები, სადაც მარტო ბიჭები სწავლობენ. სტერეოტიპი რომ სამზარეულო ქალის საქმეა, დაირღვა. რეალურად ძალიან მძიმე სამუშაოა. ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს.
–ისიც მიჩნეულია, რომ ქალის და კაცის მომზადებული საჭმელი ერთმანეთისაგან განსხვავდება. ასეა?
–მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ასეა. ქალს სხვანაირი ხედვა აქვს ყველაფრის მიმართ და მამაკაცს სხვანაირი. ქალი ფორმაზეც ფიქრობს და ამის შემდეგ ფიქრობს გემოზე. მამაკაცს უფრო გემო აინტერესებს. განსხვავებული რომ არის ფაქტია, თუმცა ვინ არის უკეთესი, ამაზე ნუ ვიდავებთ.
–რამდენად მნიშვნელოვანია კარგი მზარეულისთვის ზოგადი განათლება? თითქოს მიჩნეულია, რომ მზარეულს მხოლოდ კერძის ინგრედიენტების ცოდნა ესაჭიროება და მეტი არაფრის…
–არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ თუ გინდა ამ სფეროში წარმატებას მიაღწიო, საკმაოდ მაღალი დონის ერუდიციაა საჭირო. რა თქმა უნდა, პროფესიული განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა ენები. მზარეულის საქმიანობა არ ნიშნავს მხოლოდ ჩაკეტილ სივრცეში – სამზარეულოში მუშაობს. თვითგანვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ არ იცი ენები, ვერ ერკვევი გეოგრაფიაში, თუნდაც მუსიკასა და ლიტერატურაში, გაგიჭირდება რეცეპტის გაგება, რადგან თითოეულ რეცეპტს თავისი ისტორია აქვს. სტუდენტებს სულ ვუყვები ამ ისტორიებს და ვეუბნები თავადაც მოიძიონ ინფორმაცია, წაიკითხონ. სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გავლისას იმ ქვეყანაზე ვესაუბრები, ვაცნობ სხვადასხვა სუნელის წარმოშობის ისტორიას და ა.შ. ვცდილობ ბევრი რამით დავაინტერესო, იმაზე მეტი ცოდნა მივცე, ვიდრე პროგრამაშია ჩადებული, რადგან მზარეულის წარმატება ამითაა განპირობებული. ყველას ვეუბნები, რომ აქვთ ორი არჩევანი – იყვნენ ხელოსნები, ან ხელოვანები. ორივე საჭირო პროფესიაა და რომელ გზას დაადგებიან ეს მათზეა დამოკიდებული.
იხილეთ პროფესიული კოლეჯი “იკაროსის” საგანმანათლებლო პროგრამები
–ისწავლება თუ არა უცხო ენაც?
–დიახ, გერმანული, ინგლისური და რუსული. ენების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია.
–უკვე წლებია პროფესიული განათლების სფეროში მოღვაწეობთ. თქვენი დაკვირვებით, შესუსტდა თუ არა ის სტერეოტიპები, რომლებიც ხალხში პროფესიული განათლების შესახებ არსებობდა?
–რა თქმა უნდა, თუნდაც მზარეულის პროფესიის პრესტიჟი იზრდება. ამაში ტელევიზიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა. ძალიან მზარდი ტემპით ხდება სულ უფრო და უფრო პოპულარული, რადგან ყველა უყურებს სხვადასხვა შოუს მზარეულების შესახებ.
ისიც უნდა ითქვას, რომ პროფესიული განათლება ზოგადი განათლების სფეროში პრიორიტეტული მიმართულებაა. უმაღლეს განათლებას არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ, მაგრამ პროფესიული განათლება იმით გამოირჩევა, რომ შედეგი უფრო სწრაფად მიიღება. პროფესიული განათლება არაა მხოლოდ განათლება. ესაა ამავდროულად აღზრდა, ადამიანის ჩამოყალიბება და ეს მხოლოდ მრავალფარდოვანი სიტყვები არ გახლავთ. ასე რომ, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. კარგია, რომ პროფესიულ განათლებას ყურადღება ექცევა. ეს ქვეყნის განვითარებისათვის ნამდვილად საჭიროა.