პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები გადაიხედება
პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები გადაიხედება, ამის საჭიროება კი, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
“ერთი მხრივ, საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკვე დაუგროვდათ ახალი, მოდულური პროგრამების განხორციელების გარკვეული გამოცდილება და ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების გამოყენების კვალდაკვალ მოხდა საგანმანათლებლო სტანდარტებში ცვლილებების შეტანის საჭიროებების იდენტიფიცირება.
გარდა ამისა, გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობა დგება შეფასების ინსტრუმენტების ცენტრალიზებულად შექმნის პროცესის პარალელურად. ასევე, ცვლილებების საჭიროება გამოიწვია დუალური სწავლების ფართოდ დანერგვამ, პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის დანერგვის პროცესმა, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ზოგიერთი რეკომენდაციის ცვლილებამ, რომლებთან შესაბამისობაც ქვეყნის ვალდებულებაა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში”, – ნათქვამია ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცენტრში ამბობენ, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების გადახედვის წინა პირობა ასევე ქვეყნის დონეზე არსებული სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტების მოთხოვნები და ბოლო დროს, პანდემიის გავრცელების ფონზე, პროფესიული განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევები გახდა.
ცენტრის დირექტორის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, ცენტრი კოორდინაციას გაუწევს საგანმანათლებლო სტანდარტების ეტაპობრივ გადახედვას, რომელიც ღია, გამჭვირვალე და ჩართულობითი პროცესი იქნება.
„საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შევა სწავლის სფეროების კლასიფიკატორშიც, რომელიც, ერთი მხრივ, შესაბამისობაში უნდა იყოს ევროპულ რეგულაციებთან, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებდეს ეროვნული საგანმანათლებლო სივრცის სპეციფიკას, რომლის მთავარი ორიენტირი შრომის ბაზრის არსებული მოთხოვნებია“, – აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები