პროფესიული სასწავლებლები 6 ივლისიდან გაიხსნება
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები მომდევნო ორშაბათიდან მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სექტორის შემოწმება მიმდინარეობს და პროცესის დასრულებისთანავე შესაბამისი ნებართვების გაცემა მოხდება.
„მომდევნო ორშაბათიდან ნებადართული ხდება პროფესიული სასწავლებლების ფუნქციონირება, რომლებმაც გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება და მიიღეს დადებითი დასკვნა. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სექტორის შემოწმება და შესაბამისად, მომდევნო ორშაბათამდე ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი სრულად დასრულდება და ნებადართული იქნება მათი ფუნქციონირება“, – განაცხადა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
პროფესიული სწავლება, განათლების სფეროში, კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, განსხვავებით ზოგადი და უმაღლესი განათლებით მოსარგებელეთაგან, ვერაფერი შესთავაზეს. სწავლება, რომლის 90 პროცენტიც პრაქტიკისგან შედგება, მარტიდან სრულიად შეწყვეტილია.
მიმდინარე წელს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე გამოცხადებულია და ის 20 მაისიდან 10 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია პროფესიული ტესტირების ჩატარების თარიღი, რომელიც მინისტრმა ინდვიდუალური სამართლებრივი აქტით უნდა განსაზღვროს.
მთავრობის ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ მომდევნო ორშაბათიდან ყველა ტიპის ტრენინგი და კონფერენცია, მათ შორის დახურულ სივრცეში, ნებადართული იქნება. პროტოკოლი ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნდება.
„რაც შეეხება მოთხოვნებს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს კონფერენცია-ტრენინგი დახურულ სივრცეში, ეს არის ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვება, თუ ვერ მოხერხდება დისტანციის დაცვა, აუცილებელი იქნება ნიღბის გამოყენება და ჯგუფური ვარჯიშისას სახის ფარი იქნება სავალდებულო, სხვა ძირითადი მოთხოვნა ასევე რჩება ძალაში“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები