GE

პროფესიული ტესტირება შესაძლოა ალტერნატიული წესით ჩატარდეს

პროფესიული ტესტირება შესაძლოა ალტერნატიული წესით ჩატარდეს. ამის შესაძლებლობას შესაბამის სამართლებრივ აქტში მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მიერ განხორციელებული ცვლილება იძლევა.

პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც მოხდა გარკვეული ტერმინების დაზუსტება და ასევე აქამდე არსებული წესების ცვლილებაც.

დოკუმენტის ახალი რედაქციის თანახმად, ტერმინი პროფესიული ტესტირება ასეა განმარტებული:

პროფესიული ტესტირება − ამ დებულებით დადგენილი წესით სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში − ცენტრი) მიერ ორგანიზებული ტესტირება (შემდგომში − ტესტირება), ტესტირების ალტერნატიული წესით ჩატარება, ასევე დაწესებულების მიერ ჩატარებული კონკურსი ან შერჩევა;

ბრძანებაში ასევე დაზუსტებულია, რომ აპლიკანტის მიერ, პროფესიული ტესტირების ჩაბარება, ეროვნული უმცირესობების ენაზეც არის შესაძლებელი.

„ტესტირება შესაძლებელია ჩატარდეს ასევე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე, აპლიკანტის მიერ მხოლოდ პროფესიის სტანდარტის/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შემთხვევაში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე ბრძანებაში საუბარია, რომ იმ შემთხვევაში თუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობა მეტია იმ აპლიკანტთა რაოდენობაზე, ვინც აირჩია ეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, აპლიკანტი დაწესებულებაში ირიცხება შერჩევის საფუძველზე, რომელიც ტარდება დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით.

მიმდინარე წელს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე გამოცხადებულია და ის 20 მაისიდან 10 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია პროფესიული ტესტირების ჩატარების თარიღი, რომელიც მინისტრმა ინდვიდუალური სამართლებრივი აქტით უნდა განსაზღვროს.

ცვლილებების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე. 

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური