GE

რა ფერის ტუშიანი კალმები უნდა მიიტანონ აბიტურიენტებმა 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურენტებს როგორც შავი, ისე ლურჯი ტუშის კალმის შეტანის უფლება ექნებათ. ამასთან, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, აბიტურიენტებისთვის უცვლელი რჩება მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობაც.

როგორც ცნობილია, წელს, მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტის მიერ საკუთარი ე.წ. ტუშიანი კალმის მიტანის უფლების მინიჭება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაით განისაზღვრა.

„კალმის ფერს ასეთი დრამატული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ნუ იქნება მწვანე და წითელი. აბიტურიენტებს გამოცდაზე შეეძლებათ როგორც შავი, ისე ლურჯი კალამი შეიტანონ. კალამს შემოატანინებენ სექტორში და შემდეგ მეთვალყურე ერთხელ კიდევ ნახავს როგორი კალამი შემოიტანა აპლიკანტმა, თუ მიხვდება რომ ეს არ არის ტუშიანი კალამი ეტყვის, რომ ამით არ დაწეროს და მას ჩვენს კალამს მისცემს. ჩვენ ყველა აბიტურიენტს დავახვედრებთ ჩვენს მიერ შეტანილ კალმებს და ამის პრობლემა არ გვექნება“, – გვითხრა მაია მიმინოშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ უცვლელი რჩება საგამოცდო საგნებისთვის დაწესებული მინიმალური ბარიერი და საგამოცდო დროები.

დღეს მაია მიმინოშვილმა გამოცდების ცენტრის პროექტზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, პირველი მარტიდან ყოველ ხუთშაბათს ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ვიდეომასალა რუბრიკით – “ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად”. რუბრიკა აბიტურიენტებს შესაძლებლობას მისცემს ზოგადი უნარების გამოცდასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ ტესტის შემქმნელებისგან მიიღონ.

ამავე თემაზე:

მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური