რა შემთხვევაში გამოიყენებენ სასწავლო დღედ სკოლები შაბათს
სასწავლო პროცესში შესაძლოა, შაბათი დღეც გამოიყენონ, მაგრამ, როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის განახლების შემდეგ, შაბათის დღის გამოყენება სავალდებულო არ იქნება.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, რა შემთხვევაში შეეძლებათ სკოლებს შაბათი დღის სასწავლო დღედ შემოღება.
„შაბათი დღის გამოყენება არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, ეს არ არის სავალდებულო. იმ შემთხვევაში თუ სკოლა ჩათვლის, რომ დღეების რაოდენობიდან გამომდინარე, საათების რაოდენობა რომელსაც ის დააორგანიზებს, აკლია ან სჭირდება დამატებითი დღე და საათები, მას შეუძლია გამოიყენოს შაბათი დღეც“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
„არის სკოლები, სადაც 1-დან 50 ბავშვამდე სწავლობს და არის სკოლები სადაც 2000-ზე მეტი მოსწავლეა. ასევე, გვაქვს1800-ზე მეტი ერთცვლიანი სკოლა და 200-ზე მეტი ორცვლიანი. რა თქმა უნდა, რეკომენდაციებში გათვალისწინებულია მათი საჭიროებები.სკოლებისთვის სავალდებულოდ არის განსაზღვრული I-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილი საკლასო ოთახში ჩატარდეს და საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს ცვლები სხვადასხვა მოდელის მიხედვით. ასევე, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება გამოყენებულ იქნას შაბათი დღე, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განიტვირთოს შენობები. მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ პირს, რომლებიც ამ რეკომენდაციების მომზადებაში იყვნენ ჩართული. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის დირექტორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, UNICEF-თან,“-დასძენს ეკატერინე დგებუაძე.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.
სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.
რა რეგულაციებით დაიწყება საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან – ინსტრუქცია სკოლებს!
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება