GE

რა ვადებში უნდა აირჩიონ საჯარო სკოლებმა VIII კლასის, ასევე V-VII კლასის ზოგიერთი საგნის გრიფირებული სახელმძღვანელოები

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა სკოლებს 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ექნებათ, რის შემდეგაც ახალი სახელმძღვანელოები დაიბეჭდება, ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება და თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით.

იხილეთ რომელმა სახელმძღვანელოებმა გაიარა გრიფირება წარმატებით და რომელმა ვერა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოებს აფასებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები; შემფასებელთა ჯგუფში შედიოდნენ როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, კურიკულუმის ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით. სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობით, გრიფირების პროცესში სახალხო დამცველის რეკომენდაციით ჩაერთვნენ სპეციალისტები, რომლებმაც სახელმძღვანელოები შეაფასეს სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, რამდენადაა დაცული გენდერული ბალანსი ტექსტებსა და ილუსტრაციებში; რამდენად თავისუფალია სახელმძღვანელო სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული ელემენტებისგან; რამდენადაა გათვალისწინებულია მდგრადი განვითარების პრინციპები და სხვა.

ინფორმაციისთვის, სხვადასხვა საგანზე გაკეთებული 58 განაცხადიდან საბოლოოდ გრიფი 30-მა სახელმძღვანელომ მიიღო.

გრიფირებული სახელმძღვანელოები ვერ შეირჩა შემდეგ საგნებში: გეოგრაფია (VIII კლასი); რუსული (VIII კლასი); ქართული, როგორც მეორე ენა (VII კლასი).

იმ საგნებში, რომელზეც განაცხადები არ შემოსულა, ან ვერ შეირჩა IX კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად გრიფირება მომავალ წელს თავიდან გამოცხადდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური