რა ვალდებულებები განუსაზღვრა სამინისტრომ სკოლებს აკადემიური გეგმის წარმოდგენამდე
განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ უკვე არსებობს აკადემიური გეგმა თუ როგორ უნდა იმოქმედონ სასწავლო დაწესებულებებმა კორონავირუსის გამო არდადეგების გახანგრძლივების ფონზე იმისთვის, რომ სასწავლო და აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშალოს. თუმცა, EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, აკადემიურ გეგმაზე მუშაობა ჯერ ახლა მიმდინარეობს და მისი გამოქვეყნებაც, დღეს ვერ მოხერხდება.
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემერმა განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობის 24 საათიან საგანგებო რეჟიმზე გადადის და აღნიშნული რეჟიმი განსაკუთრებით ეხება განათლების სამინისტროსაც.
“მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ეს განსაკუთრებით ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს და რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც საზღვრებზე ფუნქციონირებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.
გეგმის წარმოდგენამდე კი სამინისტრომ რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია გამოაქვეყნა:
“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იმისთვის რომ, მოსწავლეებმა დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი და შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა მომდევნო სასწავლო წლიდან, მუშაობს ინსტრუქციებზე, რომლებიც სკოლებს, მოქნილ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, მისცემს საშუალებას დაგეგმონ სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული.
სასწავლო პროცესის ამგვარი მოდიფიცირება მოგვცემს შესაძლებლობას სწავლა აქამდე დადგენილ ვადებში დასრულდეს.
სამინისტრო ასევე ამზადებს რეკომენდაციებს სკოლებისთვის, თუ როგორ იმუშაონ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან არდადეგების პერიოდში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ორი კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ მოსწავლეებისთვის სხვადასხვა რესურსისა და კლასგარეშე დავალებების მიწოდებას.
აღნიშნული რეკომენდაციების პაკეტი 16 მარტამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დაეგზავნება.
აღსანიშნავია, რომ არდადეგების პერიოდში სკოლის მასწავლებლები, ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი შრომის ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებენ”, – აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
„პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახლა არ არის პანიკის დრო. ახლა ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დროა. ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ერთი თვით გადაიდო (იგულისხმება მირველ აპრილამდე) სასკოლო დაწესებულებებში სწავლა, ასევე 13 აპრილამდე გადავადდა საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს ჯარში“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება