რატომ ვერ განახლდა შიდა ქართლის ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი
შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების ნაწილში სწავლა დღეიდან განახლდა. წელს ტრადიცია დაირღვა და პირველი გაკვეთილი თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში კორონავირუსს დაეთმო. სწორედ COVOD-19 -ის პრევენციის მიზნით, ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების ნაწილი დღეს საკლასო ოთახებში ვერ დაბრუნდა. მუნიციპალიტეტის 6 საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ისევ ჰიბრიდულ რეჟიმში ხორციელდება.
როგორც ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დისტანციურ რეჟიმზე ხაშურის I, III, IV, VI და სურამის III, II სკოლაა გადასული.
,,ხაშურის 4 და სურამის ორი სკოლის გარდა, მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში, ყველა კლასისთვის განახლდა სასწავლო პროცესი“, – აცხადებს, ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე.
სასწავლო პროცესი არ განახლდა გორის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში. შავშვების სკოლაში სწავლა კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევის გამო შეჩერდა, ხოლო რაც შეეხება მე-4 საჯარო სკოლას, აქ სწავლა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
,,მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სკოლების ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ ორი სკოლა გვაქვს – სასწავლო პროცესი არ განახლდა შავშვების სკოლაში, სადაც კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევის გამო შეჩერდა სწავლა და ასევე, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება გორის მე-4 საჯარო სკოლაში“, – განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
გაცილები უკეთესი მდგომარეობაა კასპის მუნიციპალიტეტში. აქ საჯარო სკოლების ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სკოლებში განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ ერთი, ქვემო გომის საჯარო სკოლაა, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მიმდინარეობს.
,,ჩენ სკოლებში ყველგან შეფერხების გარეშე დაიწყო საწავლა-სწავლების პროცესი. მხოლოდ ერთ სკოლაში გვიწევს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ქვემო გომის სკოლის პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეები მეზობელი სოფლის სკოლაში სწავლობენ, ხოლო მაღალი კლასების მოსწავლეებს უტარდებათ გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში“, – გვითხრა კასპის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნათია ილურიძემ.
რაც შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტს, აქ სწავლა ყველა კლასისთვის 15 სექტემბერს განახლდა.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
- XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის შემადგენლობა – სია by ARIS.GE-განათლება
- XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს by ARIS.GE-განათლება
- „ათეისტი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი