რაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა ENQA-ის და EQAR-ის პრეზიდენტებთან შეხვედრაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU) წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ცნობილია, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR) საქართველოს რეგისტრაცია შეუჩერა. ხოლო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) პოზიციაა, რომ საქართველოს განათლების ხარისხსის განვითარების ეროვნული ცენტრი მთლიანობაში არ შეესაბამება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში და ხარისხის ცენტრის სტატუსი ამჟამად არის – „ENQA-ს წევრი გადახედვის ქვეშ“.
საგულისხმოა, რომ როგორც მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, არ არის დაკონკრეტებული იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან საკითხებზე.
ამის სანაცვლოდ აღნიშნულია, რომ: “ENQA და EQAR-ის პრეზიდენტებმა დადებითად შეაფასეს
საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით და გივი მიქანაძეს სამომავლო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა დაუდასტურეს”.
განათლების ხარისხის ცენტრის პასუხი ENQA და EQAR-ის წევრობის შესაძლო დაკარგვაზე
როგორც მთავრობის ადმინისტრაცია 24 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში განმარტავს, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა განათლების სფეროში დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივ გარდაქმნას ისახავს მიზნად. ხაზი გაესვა საქართველოს განათლების სისტემის შემდგომი განვითარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას.
“ყურადღება გამახვილდა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაზე, სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო და სამეცნიერო პროცესების განხორციელებაზე, უმაღლეს განათლებაში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) პრეზიდენტი დუგლას ბლექსტოკი, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) პრეზიდენტი სტეფანე ლაუვიკი, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) დირექტორი ალექსანდარ სუსნიარი, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტი რიკარდო ლეონ-ბორკეზი, ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტი ჰარმ პიტერსი, ცენტრალური და ღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის პრეზიდენტი (CEENQA) ვესნა დოდიკოვიჩ-ჯურკოვიჩი და ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) წევრი მაურიციო ტირა. საქართველოს მხრიდან კი შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
გარდა ამისა, დამატებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) პრეზიდენტ დუგლას ბლექსტოკთან და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) პრეზიდენტ სტეფან ლაოუვიკთან სამუშაო შეხვედრა გამართა. არც ამ შემთხვევაში, განათლების სამინისტრო საკუთარ რელიზში არ უთითებს, ისაუბრეს თუ არა საქართველოს ამჟამინდელ პოზიციებზე როგორც ENQA-ში, ასევე EQAR-ში.
განათლების საერთაშორისო ასოციაციებისა და ქსელების წარმომადგენლები თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება