GE

განათლების ხარისხის ცენტრის პასუხი ENQA და EQAR-ის წევრობის შესაძლო დაკარგვაზე

დღეს, 6 დეკემბერს, უმაღლესი განათლების ექსპერტების მიერ (ირინე დარჩია, ლიკა ღლონტი, მარინე ჩიტაშვილი, ქეთი ცოტნიაშვილი) გავრცელდა განცხადება, რომლის ავტორთა მტკიცებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზურნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას კარგავს.

განცხადების ავტორებს არ აქვთ წარმოდგენილი აღნიშნული ინფორმაციის არანაირი წყარო. EDU.ARIS.GE  დაუკავშირდა საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საპასუხო განცხადება გააკეთეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის თაობაზე.

მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრი და ასევე დარეგისტრირებულია უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).

ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის განახლების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თბილისში განხორციელდა 2023 წლის ოქტომბრის თვეში. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის მიხედვით (დოკუმენტი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, როგორც ENQA-ს, ასევე ცენტრის ვებგვერდზე).

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) სრულად შესაბამისად შეფასდა 11 სტანდარტში, ხოლო ნაწილობრივ შესაბამისად შეფასდა 2 სტანდარტში.

ENQA-ს ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, ცენტრი არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა როგორც მოთხოვნებთან შეუსაბამო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 5 სტანდარტის შესრულებასთან დაკავშირებით დაუდგინდა საუკეთესო პრაქტიკა.

ENQA-ს ექსპერტების დასკვნის მიღების შემდგომ, ცენტრმა რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართა EQAR-ს, რომლის გადაწყვეტილებაც ცენტრს ამ ეტაპზე არ ჩაბარებია. თუმცა, წინასწარი, არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე.

აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ჩვენ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია.

ამასთან, დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ ყველა ის ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეთ EQAR-ის კომიტეტის წევრებს უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან. აღნიშნული ორგანიზაციების წევრობის მოპოვებამდეც, 2019 წლამდეც საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

რაც შეეხება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ ცენტრის აღიარებას, იგი არანაირად არ უკავშირდება ENQA-ს წევრობას ან EQAR-ში რეგისტრაციას, რადგან ცენტრმა WFME-ის აღიარება მოიპოვა 2018 წელს, ხოლო ENQA-ს სრული წევრის სტატუსი და EQAR-ში რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წელს.

ამასთან, WFME-ის აღიარების მქონე სააგენტოების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს არც ENQA-ს წევრ ორგანიზაციას და არც EQAR-ში არ არიან რეგისტრირებულნი”, – აღნიშნულია EQE-ს განცხადებაში.

აქვე გთავაზობთ ექსპერტების განცხადებას უცვლელად:

უმაღლესი განათლების ექსპერტების განცხადება

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზურნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას კარგავს.

2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანდა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) დარეგისტრირდა. შედეგად, შესრულდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულება საქართველოს უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებთან სინქრონიზაციასთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა და აღიარება რომ საქართველოში მოქმედი განათლების ხარისხის განვითარების სტანდარტები და პროცედურები ევროპული სტანდარტის შესაბამისია.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასებისას, 2024 წლის აპრილში, ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევა. კერძოდ, აღინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დამოუკიდებლად და ავტონომიურად ფუნქციონირებაში პოლიტიკური გავლენის არსებობა, რომლის პირობებშიც ხარისხის უზუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზურნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ) ნიშნავს, რომ:

  • საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ არის შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი განათლების სისტემის რეპუტაციაზე, მის მიმართ არსებულ ნდობაზე და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე;
  • ეჭვქვეშ დადგება საქართველოს უსდ-ების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სანდოობა და პრობლემური გახდება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტების და დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება, განსაკუთრებით, ევროკავშირისა და ბოლონიის პროცესის/ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წევრ ქვეყნებში;
  •  საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს უსდ-ს მიერ განხორციელებული როგორც მოქმედი, ისე დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს ე.წ. ორმაგ აკადემიურ ხარისხს;
  • მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო მობილობისა და სხვა ტიპის თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები. ეს კი, უარყოფითად აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ისე უსდ-ების შემოსავლებზე.

ENQA-ს წევრობის და EQAR-ში რეგისტრაციის დაკარგვას, შესაძლოა, მოყვეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების დაკარგვაც, რაც გამოიწვევს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემას საერთაშორისო დონეზე. ასევე, ეს ცალსახად გამოიწვევს ჩვენი უსდ-ების მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების რაოდენობის არსებითად შემცირებას, რაც სერიოზულ და აუნაზღაურებელ ფინანსურ ზიანს მიაყენებს უმაღლესი განათლების საჯარო და კერძო სექტორს.

მეტ დეტალს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ ENQA-ს წევრობისა და EQAR -ის რეგისტრაციის დაკარგვის შესახებ, უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას, მას შემდეგ რაც ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მართვაში ცვლილებები შევა – კანონპროექტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური