როდის დასრულდება 2020-2021 სასწავლო წელი და როგორ ანაზღაურდება სააღდგომო დასვენების დღეები სკოლებში
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საჯარო სკოლებში სასწავლო წელი ტრადიციულად 15 ივნისს დასრულდება. მთავრობის მიერ გამოცხადებულ დასვენების დღეებს კი სკოლები ინდივიდუალური გრაფიკით აანაზღაურებენ.
„მოგეხსენებათ, ახლა ხანგრძლივი პერიოდით დასვენების დღეები გამოცხადდა. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ გარკვეულ რეკომენდაციებზე. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს, რომ სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს, იმ დღეს, რა დღესაც ტრადიციულად სრულდება ხოლმე. შესაბამისად, სწორედ იმ 6 სასწავლო დღესთან დაკავშირებით, რომელიც დასვენების დღედ გამოცხადდა, უკვე მომზადებული რეკომენდაციები დაეგზავნათ სკოლებს. იქ საუბარია, როგორ უნდა მოახდინონ იმ მიზნებს მიღწევა, რაც დაგეგმილი ჰქონდა თითოეულ სკოლას. მათ ინდივიდუალურად შეუძლიათ ორგანიზება გაუწიონ ამ პროცესს – საგაკვეთილო პროცესი გამოიყენონ, რამდენიმე საათის დამატებით; შაბათი დღე. სასწავლო დღეების და საათების გამოყენებით როგორ შეძლონ მიაღწიონ იმ შედეგს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, ყველა ეს რეკომენდაცია დეტალურად არის გაწერილი. ყველა სკოლას აქვს მიწოდებული და დარწმუნებული ვარ, ისინი, ინდივიდუალურად იმუშავებენ სასწავლო გეგმის გარშემო და 15 ივნისს ყველა სკოლა ჩვეულ რეჟიმში დაასრულებს სასწავლო პროცესს“, – აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.
მისივე თქმით, დღემდე არსებული სტატისტიკით სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები ზრდადია. თუმცა იმ ნიშნულზე არ არის, რომ მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდეს.
„ინფიცირების მაჩვენებელი მასწავლებლების შემთხვევაში 0,1%-ია, მოსწავლეების შემთხვევაში – 0,3%, რაც იმაზე მაღალია, ვიდრე გუშინ იყო, მაგრამ ეს არ არის ის სტატისტიკა, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ სკოლებთან მიმართებაში გარკვეული მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ. თუმცა ჩვენ ვართ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები და რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მის გადაწყვეტილებებს“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.
სასწავლო წლის დაწყების და დასრულების ვადები განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანებითაა განსაზღვრული. დღეს მოქმედი დოკუმენტით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განსაზღვრულია 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად – 15 ივნისი.
იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრება 15 ივნისის წინა პარასკევი.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი სრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის – 20 მაისს.
თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.
„ვეცდებით დიდხანს შევინარჩუნოთ“ – თამარ გაბუნია სკოლებისა და ბაღების დახურვაზე
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება