როგორ სწავლობენ მე-4 და მე-8 კლასებში მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას საქართველოში-რა წერია TIMSS-ის უახლესი კვლევის ანგარიშში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების 2019 წლის საერთაშორისო კვლევის (TIMSS) ფარგლებში, საქართველოს შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ეს არის პირველადი ანგარიში და რაც შეეხება დეტალურ ეროვნულ ანგარიშს, ის მომდევნო წლის დეკემბერში გამოქვეყნდება.
სხვადასხვა ტენდენციები მე-4 და მე-8 კლასების მოსწავლეების მიღწევებთან მიმართებაში ჩანს პირველად ანგარიშშიც.
TIMSS 2019-ის მეოთხე კლასის შეფასებაში მონაწილეობა 58 ქვეყანამ მიიღო, საქართველომ მე-4 კლასის მათემატიკის მიღწევებში 482 ქულით 42-ე ადგილი, ხოლო ბუნებისმეტყველებაში მიღწევებით (454 ქულა) 45-ე ადგილი დაიკავა.
2019 წლის ციკლში საქართველოს მეოთხე კლასელების მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ასევე საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც 2015 წლის ციკლთან შედარებით ყველაზე მეტად გაზარდეს მიღწევა.
რაც შეეხება მე-8 კლასის მიღწევებს, კვლევაში მონაწილეობა 39 ქვეყანამ მიიღო. საქართველომ მე-8 კლასის მათემატიკის მიღწევებში 461 ქულით 27-ე ადგილი, ბუნებისმეტყველებაში კი 447 ქულით 33-ე ადგილი დაიკავა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ 6 ქვეყანაზე (ქუვეითი, საუდის არაბეთი, მაროკო, ლიბანი, ეგვიპტე და სამხრეთ აფრიკა) უკეთესი შედეგი აჩვენა.
ანგარიშის თანახმად, 2019 წლის მონაცემებით, მე-4 კლასელი ბიჭების მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აღემატება გოგონების მიღწევებს, თუმცა საქართველო იმ 3 ქვეყანას შორის მოხვდა (სამხრეთ კორეა, მალტა, საქართველო), სადაც ეს განსხვავება ყველაზე მცირეა.
ასევე კვლევის წინა ციკლების მსგავსად, 2019 წლის მონაცემებით მათემატიკაში კერძო სკოლების მიღწევები კვლავ აღემატება საჯარო სკოლების შედეგებს. მაგალითად თუ შევადარებთ 2015 წლისა და 2019 წლის შედეგებს ვნახავთ, რომ 2015 წელს მათემატიკის მაჩვენებელი მე-4 კლასისთვის, კერძო სკოლებში 521 ქულა იყო, ხოლო საჯაროში 456, 2019 წლის ანგარიშით კი კერძო სკოლების მაჩვენებელი 515, ხოლო საჯარო სკოლების მაჩვენებელი 478 ქულაა.
რაც შეეხება საბუნებისმეტყველო საგნებს, იმავე კვლევის თანახმად 2019 წლის შედეგებით კერძო სკოლების მიღწევები საბუნებისმეტყველო საგნებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია/დედამიწათმცოდნეობა) კვლავ აღემატება საჯარო სკოლების მიღწევებს, თუმცა კერძო და საჯარო სკოლებს შორის მიღწევებში სხვაობა მცირდება.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის მონაცემებით, სოფლად მცხოვრებმა მეოთხე კლასელებმა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს მიღწევები. 2007 წლის შემდეგ პირველად, 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის არსებული განსხვავებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის და ეს სხვაობა მცირდება. როგორც მე-4, ასევე მე-8 კლასში სოფლად მცხოვრებმა მოსწავლეებმა გააუმჯობესეს მიღწევები ქალაქის სკოლებისგან განსხვავებით. ეს ზრდა მე-4 კლასში სტატისტიკურად მნიშვნელოვანია.
TIMSS 2019 წლის ციკლში საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 226-მა სკოლამ თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. სულ 154 მეოთხე (6 002 მოსწავლე) და 145 მერვე კლასი (5698 მოსწავლე) მონაწილეობდა.
სპეციალურად განკუთვნილი კითხვარები შეავსეს ასევე სკოლების დირექტორებმა, მასწავლებლებმა და მეოთხე კლასის მოსწავლეების მშობლებმა/მეურვეებმა.
„გამოწვევად რჩება მიღწევები მერვე კლასის მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში“
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება