„გამოწვევად რჩება მიღწევები მერვე კლასის მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების 2019 წლის საერთაშორისო კვლევის (TIMSS) ფარგლებში, საქართველოს შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევის შედეგებიდან დადგინდა, რომ 2019 წლის ციკლში საქართველოს მეოთხე კლასელებმა მათემატიკაში მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. ასევე საქართველო დასახელდა იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებმაც 2015 წელთან შედარებით მიღწევები ყველაზე მეტად გაზარდეს.
„კვლევის ეს შედეგები აჩვენებს როგორც პროგრესს, ასევე დღეს არსებულ გამოწვევებსაც. წინსვლა ნამდვილად შეიმჩნევა. ნათელია, რომ მეოთხეკლასელთა შედეგები მათემატიკაში გაუმჯობესდა, ხოლო ერთი მიმართულებით (მიმართულება-რიცხვები) პირველად 2007 წლის შემდეგ საერთაშორისო საშუალოს გადააჭარბა. გამოწვევად რჩება მიღწევები მერვე კლასის მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ორივე საფეხურზე, სადაც მხოლოდ მცირედი გაუმჯობესებაა, რომელიც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის; თუმცა იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ თუ მონაცემებს სოფლისა და ქალაქის ჭრილში შევხედავთ, ჩანს, რომ სოფლად მცხოვრებმა მეოთხეკლასელებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს შედეგები ბუნებისმეტყველებაში. ასევე, არსებული მონაცემებით, სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მიღწევებში განსხვავებები მცირდება და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის აღმოფხვრილია“, – აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე.
აღნიშნულ საგნებში საერთაშორისო საშუალო ქულაა 500, 2019 წელს საქართველოს მაჩვენებელი კი ასეთია:
- მათემატიკაში (მე-4 კლასი) – 482 ქულა; მათემატიკაში (მე-8 კლასი) – 461;
- ბუნებისმეტყველებაში (მე-4 კლასი) – 454; საბუნებისმეტყველო საგნებში (მე-8 კლასი) – 447.
TIMSS 2019 წლის ციკლში საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 226-მა სკოლამ თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. სულ 154 მეოთხე (6 002 მოსწავლე) და 145 მერვე კლასი (5698 მოსწავლე) მონაწილეობდა.
სპეციალურად განკუთვნილი კითხვარები შეავსეს ასევე სკოლების დირექტორებმა, მასწავლებლებმა და მეოთხე კლასის მოსწავლეების მშობლებმა/მეურვეებმა.
TIMSS 2019-ის ფარგლებში საქართველოს შედეგების პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, ასევე შესაძლებელია ნახოთ პირველადი ანგარიში სრულად. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, შევიდნენ TIMSS-ის ვებგვერდზე და ქართულ ენაზე მიიღონ ინფორმაცია 2019 წლის კვლევის ძირითადი მონაცემების შესახებ.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება