როგორ უნდა მოიქცეს მშობელი თუ ბავშვი ბაგა-ბაღში ვერ დაარეგისტრირა – ინსტრუქცია
დღეს თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო. მშობლების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ რთული იყო. ნაწილმა რეგისტრაციის გავლა მოახერხა, ნაწილმა კი – ვერ შეძლო.
„12 საათზე კომპიუტერთან ვიჯექი, მაგრამ საიტი მაშინვე გაითიშა, მერე როგორც იქნა ვებ-გვერდი გამოჩნდა, მაგრამ თითქმის ნახევარი საათი ტრიალებდა და იყო წარწერა, რომ რეგისტრაციის ბმული 12 საათზე გაიხსნებოდა არადა უკვე 12 და 30 წუთი იყო. ბოლოს და ბოლოს შევედი სისტემაში, მაგრამ სასურველ ბაღში ადგილი აღარ იყო, მოშორებით მდებარე ბაღში იყო 16 ადგილი და იქ დავარეგისტრირე, მაგრამ არ ვიცი როგორი ბაღია ან ამდენი ადგილი რატომ იყო თავისუფალი. ძალიან ცუდი წესია, ხომ შეიძლება ბავშვი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიიღონ ბაღში? თბილისის კონკრეტულ უბანშია რეგისტრირებული ბავშვი, იქ ცხოვრობს და სხვა უბანში რატომ უნდა ვიაროთ?“, – ამბობს ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი თამარ რამიშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
„12 საათიდან ვცდილობდი რეგისტრაციის გავლას, ნახევარ საათზე მეტი დამჭირდა ბმული რომ გაეხსნა, მიხარია, რომ სასურველ ბაღში მოვახვედრე ბავშვი, არც კი მჯერა“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი.
აღსაზრდელების რეგისტრაციასთან დაკავშირებით თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო განცხადებას ავრცელებს და მშობლებს მოუწოდებს, თუ რეგისტრაციის გარეშე დარჩნენ, სასურველ ბაღებს მიაკითხონ და სარეზერვო სიებში ჩაწერა მოითხოვონ.
„ძვირფასო მშობლებო, თუ ვერ მოახერხეთ ბავშვის რეგისტრაცია სასურველ ბაღში, 22 ივნისიდან მიმართეთ კონკრეტულ სააღმზრდელო დაწესებულებას და დატოვეთ განაცხადი ბავშვის სარეზერვო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით.
თუ ოჯახს აქვს კონკრეტული სოციალური სტატუსი, უნდა წარადგინოთ ამის დამადასტურებელი საბუთი. ადგილობრივი მცხოვრებლების შემთვევაში, ოჯახმა სარეზერვო განცხადებას თან უნდა დაურთოს არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი.
გაითვალისწინეთ, რომ სარეზერვო სიაში, ისევე როგორც პირველი ეტაპის რეგისტრაციისას, განსაზღვრულია კონკრეტული პრიორიტეტული კატეგორიები. სააღმზრდელო დაწესებულებაში მისვლისას, სავალდებულოა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის არსებული რეკომენდაციების დაცვა“, – აცხადებენ ბაგა-ბაღების სააგენტოში.
14:00 საათის მონაცემებით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 6 400-მა მომხმარებელმა გაიარა რეგისტრაცია (ამ რიცხვში არ შედის ის 3000 აღსაზრდელი, რომელიც ბაღებში პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა). სააგენტოს ინფორმაციით ბაგა -ბაღებში ამ ეტაპზე დარჩენილია 5 340 თავისუფალი ადგილი, თუმცა მონაცემები იცვლება და დღის ბოლოს სხვა სტატისტიკა იქნება.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება