რომელი სკოლები მიიღებენ კომპიუტერებს და ვისთვის იყიდიან 5 567 ლეპტოპს
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 5 567 ლეპტოპის, 2 498 პერსონალური კომპიუტერის და 470 პრინტერის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ განათლების სამინისტროს ქვეუწყებამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა 25 მარტს მიმართა. ტენდერის გამოცხადებამდე კი ჯერ ბაზრის კვლევა მიმდინარეობს.
როგორც EDU.ARIS.GE-იმ 30 მარტს გაარკვია, 5 567 ლეპტოპი წარჩინებული მოსწავლეებისათვის გადასაცემად არის საჭირო. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე მესამე წელია, რაც წარჩინებული მოსწავლეები კუთვნილი კომპიუტერების გადაცემას ელიან და განათლების სამინისტროს განმარტებით, მათთვის უკვე შეძენილია ლეპტოპები, ბუნებრივად იბადება კითხვა, ვისთვის ხდება ამ კომპიუტერების შეძენა და ხომ არ ჩაიშალა წინა ტენდერი.
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი, ნინო გოგიჩაშვილი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა და ლეპტოპების შესაძენად სატენდერო მზადებაც ამის გამოა. ანუ დღის წესრიგში დადგა წარჩინებულთათვის კომპიუტერების დამატებით შეძენის საჭიროება.
„როგორც მითხრეს, დაემატა წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა და ამ რაოდენობაზე გათვლილი გაერთიანებული ტენდერი ჩატარდება ახლა ლეპტოპების შესაძენად. პერსონალური კომპიუტერები და პრინტერები კი სასწავლო დაწესებულებებისთვის იქნება განკუთვნილი. ბაზრის კვლევა რომ დამთავრდება, ამ კვლევის საფუძველზე გამოცხადდება ტენდერი“, – გვითხრა ნინო გოგიჩაშვილმა.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სატენდერო დოკუმენტაციაში არაფერი წერია იმის შესახებ, თუ ვისთვის არის ლეპტოპები განკუთვნილი, თუმცა დეტალური ჩამონათვალია იმ სკოლებისა, რომლებიც პერსონალურ კომპიუტერებს და პრინტერებს მიიღებენ.
რაც შეეხება წარჩინებული მოსწავლეებისათვის დაუსრულებლად დროში გაწელილი კომპიუტერების გადაცემის ამბავს, განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ უკვე გამოცხადებულ ტენდერში შპს „ალტამ“ გაიმარჯვა და მასთან სამინისტროს უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რის მიხედვითაც, „ალტამ“, 9 ათასამდე კომპიუტერი განათლების სამინისტროს ივლისი-აგვისტოს თვის ბოლომდე უნდა მიაწოდოს. შესაბამისად, წარჩინებულთათვის კომპიუტერების გადაცემა სექტემბრის თვიდან დაიწყება, თუმცა უკვე შესყიდულ კომპიუტერები არ არის გათვალისწინებული მათთვის, ვინც IX კლასს წელს, 2022 წელს ამთავრებს წარჩინებით.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს, რომელთა მე-7, მე-8 და მე-9 საფეხურის ნიშანია 10, ლეპტოპები გადაეცემათ.
ასევე იხილეთ:
მორიგი ახალი თარიღი სამინისტროსგან – როდის მიიღებენ წარჩინებული მოსწავლეები კუთვნილ კომპიუტერებს?
საზღვარგარეთ მყოფი მშობლები მოსწავლის ონლაინ ჟურნალს ვერ ამოწმებენ – EMIS-ის განმარტება
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება