საბავშვო ბაღებში ე. წ. ზეიმები ვეღარ ჩატარდება
რეკომენდაციებში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ბაგა-ბაღებისთვის შეიმუშავა ვკითხულობთ, რომ ბაღებმა უნდა აკრძალონ ისეთი გასართობი ღონისძიებების გამართვა, რომელიც ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას ითვალისწინებს.
ასევე აღმზრდელებმა ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარება-ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის უნდა დანერგონ იმგვარი თამაშები, როგორიცაა მაგალითად:
- შეჯიბრი ხელების დაბანაში;
- მეგობრებთან შეხვედრის, მისალმების და ურთიერთობის ახალი უნარების სწავლა;
- სახალისო თამაშები სახეზე ხელის შეხებისგან თავშეკავებაზე;
- როგორ უნდა დავაცემინოთ და დავახველოთ ისე, რომ სხვა არ დავაზიანოთ;
- უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის მაგალითად, მისალმება ჟესტებით, მშვიდობის ნიშნის ჩვენება, ხელის დაქნევა, თვალის ჩაკვრა და ა.შ.;
ასევე რეკომენდაციების მიხედვით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს:
- ბავშვებმა საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლისა და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალონ ერთჯერადი ხელის გასამშრალებელი საშუალებებით;
- ბავშვებს დაეხმარეთ/ასწავლეთ/გამოუმუშავეთ ჩვევა, რომ დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარონ სახეზე სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ქცევების დემონსტრირებისთვის გამოიყენეთ სათამაშოები/თოჯინები;
- თუ რომელიმე ბავშვი თავს შეუძლოდ იგრძნობს (მაგ. ექნება მუცლის ტკივილი, დაუფიქსირდება ტემპერატურის მატება) დაუყოვნებლივ უზრუნველყავით მისი გადაყვანა საიზოლაციო ოთახში.
აღმზრდელებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ალერგიულია თუ არა ბავშვი რომელიმე ნივთირებაზე, რასაც სადეზინფექციო საშუალებები შეიცავს, ასევე ეს საშუალებები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის. ბავშვებისთვის ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების წესები ახსნილ უნდა იყოს მათთვის გასაგებ ენაზე და ამ ტიპის ნივთიერებების (მათ შორის ხელის სადეზინფექციო სითხე) გამოყენება უნდა ხდებოდეს სათანადო ზედამხედველობის ქვეშ.
საბავშვო ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს 1-ლი ოქტომბრიდან განაახლებენ, მშობლებისა და პერსონალისთვის კი გარკვეული შეზღუდვები და რეკომენდაციები იმოქმედებს.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება