ბაღში ბავშვის მიყვანისა და გამოყვანის, ასევე თამაშის წესი შეიცვალა, მშობლებს კი შვილის დასტრესვის შიში აქვთ
საბავშვო ბაღების ამუშავება 1-ლი ოქტომბრიდან იგეგემება. დაწესებულებებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკვე შემუშავებულია მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მათ ახალი სააღმზრდელო წლიდან მოუწევთ.
იმ რეკომენდაციების გარდა, რომელიც ზოგადად პანდემიის გამო მოქმედებს, რაც საჯარო სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარებასა და თერმოსკრინინგს გულისხმობს, საბავშვო ბაგა-ბაღებში სხვა შეზღუდვებიც იმოქმედებს.
პერსონალის გარდა, წესების გათვალისწინება მშობლებსაც მოუწევთ. მშობლებს ბაღის შენობაში შესვლის საშუალება არ ექნებათ. ასევე მშობელს მოუწევს ბაღის პერსონალის მიერ დროში შემუშავებული გრაფიკის დაცვაც, რაიმე მიზეზით გრაფიკის დარღვევის აუცილებლობის შემთხვევაში მშობელმა ბაღში მისვლამდე არანაკლებ 10 წუთით ადრე უნდა აცნობოს ტელეფონით ჯგუფის ხელმძღვანელს, რათა საკმარისი დრო იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მოამზადონ სახლში წასასვლელად.
ის ფაქტი, რომ ბაღის შენობაში შესვლას ვერ შეძლებენ, მშობლების უმრავლესობას აფიქრებს. ზოგიერთისთვის კი ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს.
„ჩემი შვილი პირველად მიდის ბაღში, ჯერ სამი წლისაც არაა, ეს პროცესი გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის. ბავშვებს უჭირთ მშობლებთან დაშორება, ამიტომ, ადრე ხდებოდა რომ ბაღში მისვლის შემდეგ მშობელი გარკვეული დრო შენობაშივე ელოდებოდა, ან ცოტა ხნით რჩებოდა მოსაცდელ ოთახში შვილთან ერთად, რომ ბავშვი თანდათან შეჩვეოდა უცხო გარემოს და ადამიანებს. ახლა კი ძალიან ვნერვიულობ, რომ ამ წინაპირობების გარეშე პირდაპირ უცხო გარემოში, ბავშვისთვის უცნობ ადამიანთან კონტაქტი პროტესტს გამოიწვევს ჩემს შვილში და ამის გამო მისი ბაღში მიყვანა ორივესთვის ნერვიულობასთან იქნება დაკავშირებული. ამ ნიუანსების გათვალისწინება უფრო მისაღები იქნებოდა, ვიცი, რომ ბევრი მშობელია ამ პრობლემის წინაშე“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან ერთერთი მშობელი.
კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ ბაღებმა გამოიყენონ ე.წ. „ჩეკლისტები“ იმისთვის, რომ დაეხმარონ ოჯახებს სწორად იქნეს დაგეგმილი მათ მიერ ბავშვის ბაღში მიყვანის და გაყვანის დროები, რათა თავიდან იყოს აცილებული მშობლებისა და ბავშვების ერთდროული თავშეყრა დაწესებულების შესასვლელში.
ამასთან ერთად, უნდა შეიმუშავონ საერთო სივრცეში (ეზო, დარბაზი და ა.შ.) ბავშვების გაყვანის გრაფიკი იმგვარად, რომ კონკრეტულ დროის მონაკვეთში სათამაშო მოედანზე ან სხვა საერთო სივრცეში ბავშვების მცირე ჯგუფმა ითამაშოს/დაისვენოს;
გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებისთვის იკრძალება სახლიდან სათამაშოების მიტანა, ხოლო ხმარებიდან ამოიღება ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება. ასევე ბავშვებისთვის უნდა შეიქმნას ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთები ისე, რომ სახელოვნებო და გასართობი საქმიანობის დროს თითოეულმა გამოიყენოს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყუთი. თამაშისას დაცული უნდა იყოს დისტანცია და ბავშვებს ყოველდღიურად უნდა მიეცეთ ღია სივრცეში თამაშის შესაძლებლობა.
ბაღში მისვლის და თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ აუცილებელია:
37°С ან 37°С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:
- მასწავლებელი/აღმზრდელი/ძიძა/ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დაიშვება დაწესებულებაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
- აღსაზრდელი განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია ბავშვის დაწესებულებიდან დროულად გაყვანაზე;
- მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს, შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად ბავშვის გადამისამართების მიზნით;
- საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა 6 წელზე მეტი ასაკის პირს უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1-მეტრიანი დისტანცია და ბავშვები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება