საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი 3000-ზე მეტმა პირმა გამოთქვა – როდის ჩატარდება ელექტრონული ტესტირება?
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებისთვის რეგისტრაცია 16 დეკემბერს დასრულდა. განათლების სამინისტროს ვადის გახანგრძლივება მოუწია და 4 დეკემბრის ნაცვლად, პროცესი 16 დეკემბერს დაასრულეს.
EDU.ARIS.GE-ს მიერ სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად, 19 დეკემბერს გავიგეთ, რომ რეგისტრირებულთა რაოდენობა სამი ათასს აჭარბებს და მათში მოიაზრებიან ის პირები, ვინც 2020 წელს დარეგისტრირდა.
„2022 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით დირექტორობის მსურველთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრირებულია 3046 პირი, ამათგან 2020 წელს რეგისტრირებულია – 2049, ხოლო 2022 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით – 997 პირი“, – განმარტავს მიხეილ ჩხენკელის უწყება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო EDU.ARIS.GE-ს ვერ პასუხობს როდის ჩატარდება საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება და განმარტებად იშველიებს განათლების მინისტრის ბრძანებას, სადაც ასეთი ჩანაწერია: „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვალი N25/ნ ბრძანების მეშვიდე მუხლის საფუძველზე ტესტირება ტარდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუადრეს 10 დღისა. ტესტირების ჩატარების თარიღს, ადგილს, დროს და ხანგრძლივობას, მართვის სისტემის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს მინისტრი, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე“, – ვკითხულობთ მოწოდებულ საპასუხო წერილში.
ნიშნავს თუ არა ეს განმარტება, რომ ტესტირება წელს ვეღარ მოესწრება, როგორც ეს დაანონსებული იყო, დრო გვიჩვენებს.
გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან შევიტყვეთ, რომ ტესტირება ჩატარდება ელექტრონულად, მართვის სისტემის სათანადოდ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
EDU.ARIS.GE-ს ასევე აინტერესებდა, რა შემადგენლობის ჯგუფმა იმუშავა ტესტებზე, რომლის მიხედვითაც მომავალ დირექტორებს გამოცდიან, თუმცა, სამინისტრომ აღნიშნულზე ვერ გვიპასუხა.
რაც შეეხება სერტიფიცირების პროცესის მეორე ნაწილს, რომელიც მოიცავს კანდიდატის გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან, სამინისტრო ამბობს, რომ კომისიის შემადგენლობას ვერ დაგვისახელებს და „პროცესი მიმდინარეა“.
ასევე იხილეთ:
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამა
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოქვეყნდა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება