„პოლიტიზირებაა მთავარი ნიშანსვეტი და არა თაობების ცვლისა და განახლების სურვილი“ – სიმონ ჯანაშია სკოლის დირექტორების სერტიფიცირების გამოცხადებაზე
„პარტიული ინტერესები, კვალიფიციური კანდიდატების სიმცირის შიში და სკოლებში მიმდინარე პროცესების უფრო მარტივად მართვის სურვილი“ – ასე ხსნის განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია იმ ახალი ჩანაწერის შესაძლო არსს, რომელიც განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დაწერა.
მოგეხსენებათ, არაერთგზის გადადების შემდეგ, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესის დაწყების შესახებ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საზოგადოებას, ბოლოს და ბოლოს, 20 ოქტომბერს ამცნო და იქვე მიუთითა, რომ ამ ყველაფრის ინიციატორები თავადვე არიან.
მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღწერილია პროცედურა და თითოეული ის საფეხური, რომელიც დარეგისტრირების შემდეგ, კანდიდატებმა მიზნის მისაღწევად უნდა გაიარონ. თუმცა, სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში გაჩნდა ერთი საინტერესო აბზაცი:
„აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ“.
ტექსტი არ გვთავაზობს დამატებით განმარტებებს. მათ შორის, არ გვეუბნება არც იმას, რომ სამუშაო გამოცილებაში განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება იგულისხმება.
სიმონ ჯანაშია EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნულ ჩანაწერს აფასებს და იმ ვარიანტებზე მიუთითებს, რომლებიც მისი ტექსტში გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს. იგი სამინისტროს ამ ინიციატივას სამი შესაძლო მოტივით ხსნის და დასძენს, რომ სხვადასხვა ჯგუფს, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობს, სხვადასხვა ინტერესი აქვს. პირველი პარტიული ინტერესია – უფრო მარტივად დაასაქმონ ადამიანები, რომელთაც, შესაძლოა, არანაირი გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ერთგულებად მიიჩნევიან. მეორეა სურვილი გააფართოვონ წრე, საიდანაც შეიძლება დირექტორები შეირჩნენ, რადგან, ჯანაშიას თქმით, წინა არჩევნებზე ცოტა კანდიდატი მონაწილეობდა. მესამე მიზეზი კი, შესაძლოა, ის იყოს, რომ უკმაყოფილოები არიან კანდიდატებით, რომელთაც სკოლაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ და ახალბედა ხალხის მიღებასა და ინოვაციების შეტანას ცდილობენ.
„შეიძლება ეს ინტერესიც იყოს, მაგრამ თუ პოლიტიკას შევხედავთ და ისე დავფიქრდებით რომელია წარმმართველი ამ სამი ინტერესიდან, ვნახავთ, რომ პოლიტიზირებაა მთავარი ნიშანსვეტი იმ გადაწყვეტილებებისა, რომელსაც სახელმწიფო იღებს და არა თაობების ცვლისა და განახლების სურვილი. ჩემი აზრით, რთული იქნება მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანის პოვნა დირექტორის პოზიციაზე. მუშაობა, შეიძლება, გულისხმობდეს რომელიმე ორგანიზაციაში სტაჟიორად მუშაობასაც. იმ სისტემაში, რომელშიც ჩვენ ვართ, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ადამიანები კომპეტენციების კი არა, პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით ინიშნებიან. შეიძლება აქტივისტი დანიშნონ დირექტორად და 10 წლიანი სტაჟის მქონე, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი, სრულიად მარტივი მიზეზის გამო, სკოლიდან გაუშვან. სისტემაში, რომელიც მომხრეებისა და პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანების წახალისებაზეა ორიენტირებული, გასაკვირი არ არის, რომ კომპეტენციასა და გამოცდილებას მაინცადამაინც არ ითხოვდნენ“, – აცხადებს ჯანაშია.
რაც შეეხება იმას, რომ ისედაც მცირე სტაჟის მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრო პრიორიტეტს არ ანიჭებს განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილებას, სფეროს სპეციალისტი ამბობს, რომ ეს გაგრძელებაა იმ მცდარი შეხედულებისა, რაც ბოლო წლებში საქართველოში არსებობს – მთავარია ადამიანი კარგი მენეჯერი იყოს და სფეროს მნიშვნელობა არ აქვს.
„ერთ დღეს იუსტიციის სფეროს ხელმძღვანელობს, მეორე დღეს – კულტურის, დღეს თავდაცვის სფეროშია მენეჯერი, ხვალ განათლების სფეროში და ა.შ. მცდარია შეხედულება, რომ ადამიანი, თუ კარგი მენეჯერია, სამხედრო სფეროდანაც რომ იყოს, შეძლებს, კარგად მართოს უნივერსიტეტი. კარგი მენეჯერი გადაწყვეტილებებს შინაარსიდან გამომდინარე იღებს. თუ მას არ ესმის როგორ ფუნქციონირებს, მაგალითად, სკოლა, მართვასაც ვერ შეძლებს. ასე რომ, კარგი მენეჯერი უნივერსალური ცნება არ არის“, – დასძენს სიმონ ჯანაშია.
როგორც ცნობილია დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 24 ოქტომბრიდან უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
ამავე თემაზე:
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება – ყველა დეტალი
საჯარო სკოლის დირექტორის როლი და ფუნქციები – ახალი სტანდარტი დამტკიცდა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება