განათლების სამინისტრო: 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლების მედალოსნები კუთვნილ ჯილდოს ერთდროულად მიიღებენ
2021-2022 სასწავლო წელი მიიწურა და სკოლები მალე წარჩინებული მოსწავლეების – ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების რაოდენობას გამოავლენენ, თუმცა როდის გადაეცემათ მათ ეს ჯილდოები, არავინ იცის, რადგან იგივე ჯილდოს გადაცემას ჯერ კიდევ ელიან გასული წლის კურსდამთავრებულები, რომელთა რაოდენობა 4 973-ია, საიდანაც 3 833 ოქროს მედალოსანია და 1 140 – ვერცხლის.
რაც შეეხება 2020-2021 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულებს, როგორც EDU.ARIS.GE-ს 2 ივნისს, განათლების სამინისტროში განუცხადეს, მათთვის გადასაცემი მედლების შესყიდვის მიზნით ტენდერიც იყო გამოცხადებული, თუმცა გამარჯვებულმა კომპანიამ სამინისტროს მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც ახალი ტენდერის გამოცხადებაა დაგეგმილი.
„2020-2021 და 2021-2022 წლის კურსდამთავრებულები მედლებს ერთდროულად აიღებენ, რადგან მათთვის გადასაცემი ოქროს მედლების შესასყიდი ტენდერი ერთად გამოცხადდება და ამის შესახებ საზოგადოებაც შეიტყობს“, – გვიპასუხეს სამინისტროში.
სამინისტროს არამხოლოდ სკოლადამთავრებულების, არამედ იმ წარჩინებული მოსწავლეების ვალიც აქვს, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ. დღემდე არ მიუღიათ კუთვნილი კომპიუტერები მათ, ვინც 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლებში წარჩინებით დაამთავრა ცხრა კლასი.
საგულისხმოა, რომ საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშში, რომელიც პარლამენტს მაისის ბოლოს წარედგინა, ვკითხულობთ რომ 2021 წლისთვის სახელმწიფომ ათასობით ოქროსა და ვერცხლის მედალი შეისყიდა და მთავრობა თავს იწონებს, რომ აღნიშნული მედლები 2018-2019 და 2019-2020 წლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ, თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვანი დაგვიანებით განხორციელდა.
მთავრობის ანგარიშში საუბარია წარჩინებულ მოსწავლეთა კუთვნილ კომპიუტერებზეც და ნათქვამია, რომ 9 ათასამდე მოსწავლისთვის ის უკვე შესყიდულია. სამინისტროში კი კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ამ კომპიუტერების დარიგება მომავალი სასწავლო წლიდან, სექტემბრის თვეში დაიწყება და შესაბამისად, ისინი, ვისი კუთვნილებაც კომპიუტერები გახდება, ამ დროისთვის უკვე XI და XII კლასის მოსწავლეები იქნებიან. რაც შეეხება მათ, ვინც 2021-2022 წელს IX კლასის საფეხურს წარჩინებით ამთავრებენ, როგორც ასევე სამინისტროში გვითხრეს, კომპიუტერს სახელმწიფოსგან ერთი წლის შემდეგ მიიღებენ, თუ რა თქმა უნდა, მოხერხდება ტენდერის ჩატარება, შესყიდვა და გადაცემის პროცესიც ისე არ გაიწელება, როგორც წინა შემთხვევაში.
ერთადერთი, რომელი მოსწავლეების ვალიც ამ ეტაპზე სახელმწიფოს არ აქვს, პირველკლასელებია. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიში წერია, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის’’ ფარგლებში იმ პირველკლასელთათვის და მათი დამრიგებლებისთვის, ვინც სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელს შევიდა, უკვე დარიგდა კომპიუტერები (ბუქები). უფრო მეტიც, სახელმწიფოს უკვე შესყიდული აქვს 60 000 ერთეული პორტაბელური კომპიუტერი იმ პირველკლასელებისა და მათი მასწავლებლებისთვის, ვინც 2022-2023 სასწავლო წელს შედის სკოლაში. როგორც EDU.ARIS.GE-ს ცოტა ხნის წინ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, 2022-2023 სასწავლო წლისთვის დაახლოებით 55 000-მდე პირველკლასელს ელოდებიან.
ასევე იხილეთ:
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება