GE

რა ჩაითვალა სამთავრობო პროგრამიდან შესრულებულად სკოლამდელ და ზოგად განათლებაში – პრემიერის ოპტიმისტური მოხსენება

„მომზადდა 2022 − 2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022 − 2024 წლების სექტორული სამოქმედო გეგმის პროექტები, რომლის დამტკიცებაც იგეგმება უახლოეს მომავალში“, – ასე იწყებს საქართველოს მთავრობის მეთაური სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებას განათლების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია, რომელის თაობაზეც EDU.ARIS.GE გასული ორი წლის განმავლობაში წერს, ჯერაც არ არის დამტკიცებული, ანუ ჯერ არ შესრულებულა.

საკანონმდებლო ორგანოსთვის გადაგზავნილი მოხსენების მრავალგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 6 ივნისს უნდა გაიტანონ, გასული 2021 წლის ივნისი – 2022 წლის მაისის პერიოდს შეეხება. განათლების ყველა საფეხურის შესახებ მთავრობის შეფასებები კი მოქცეულია ქვეთავში: სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

არის თუ არა შესრულებული ან ბოლომდე მიყვანილი სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით დოკუმენტში გაჟღერებული პროექტები, ან რამდენად ესაბამება მათი მოხსენიება დოკუმენტის საანგარიშო პერიოდს (2021 წლის ივნისი – 2022 წლის მაისი), ამას განათლების საკითხებში გარკვეული მკითხველი და საგანმანათლებლო საზოგადოებაც იოლად დაინახავს, EDU.ARIS.GE კი მხოლოდ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დოკუმენტში გაჟღერებულ “შესრულების შესახებ” ჩანაწერებს წარმოგიდგენთ ამჯერად სკოლამდელ და ზოგად განათლებაზე.

განათლება

განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის ზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მომზადდა 2022 − 2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022 − 2024 წლების სექტორული სამოქმედო გეგმის პროექტები, რომლის დამტკიცებაც იგეგმება უახლოეს მომავალში.

ადრეული და სკოლამდელი განათლება

საანგარიშო პერიოდში ( 2021 წლის ივნისი – 2022 წლის მაისი) სკოლამდელი განათლების საყოველთაოდ ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, შემუშავდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის სტრატეგია.

ბაღის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის შეთავაზებული ტრენინგ-მოდულები თემატურად უფრო მრავალფეროვანი გახდა და მოიცვა პანდემიის გავლენის პრევენცია და სტრესის მართვის სეგმენტი ბავშვების სოციალურ-ემოციური სიჯანსაღისთვის.

აქცენტი გაკეთდა საგანმანათლებლო პროცესში მშობელთა ჩართულობაზე და შეიქმნა პოზიტიური მშობლობის კონცეფციაზე დაფუძნებული პროგრამები, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში საპილოტე რეჟიმში ინერგება.

ინკლუზიური სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა ალტერნატიული და მხარდამჭერი მომსახურებების საჭიროებების კვლევა ხარისხიანი და ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველსაყოფად. გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შეიქმნა საგანმანათლებლო რესურსები ინკლუზიური სკოლამდელი განათლების მხარდასაჭერად და პილოტირებას გადის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

სკოლამდელი განათლების დაწესებულებების აღმზრდელების მომზადების მიზნით, შემუშავდა სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამები, რაც შესაძლებელს გახდის, სისტემა შეივსოს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრებით.

პარალელურად, მიმდინარეობს სისტემაში არსებული აღმზრდელების, მეთოდისტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება (ჯამში გადამზადებულია 722 ბაღის თანამშრომელი).

ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების სკოლამდელი დაწესებულებებისთვის შემუშავდა ბილინგვური პროგრამა, რაც საშუალებას აძლევს ეთნიკურ/ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელ ყველა ბავშვს, შეისწავლოს მშობლიური და სახელმწიფო ენები სრულფასოვნად ადრეული ასაკიდანვე, ასევე განივითაროს ყველა ის უნარი, რომელიც საჭიროა სასკოლო მზაობისა და თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის. გადამზადებულია და ინტენსიური მომზადების პროცესში ჩართულნი არიან ორენოვანი აღმზრდელები და ასისტენტები, რომელთაც ქართულ ენაზე მიჰყავთ სააღმზრდელო პროცესი.

2021-2022 სასწავლო წლისთვის პროგრამაში ჩართულია 9 საბავშვო ბაღი, ხოლო 2022-2023 სასწავლო წლიდან დამატებით ერთვება 8 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. პროგრამა ეტაპობრივად განხორციელდება ყველა არაქართულენოვან ბაღში.

2022 წელს დაგეგმილია ადრეული და სკოლამდელი განათლების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნისთვის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ელექტრონული სისტემის კონცეფციის შემუშავება.

საანგარიშო პერიოდში დასრულდა 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება ჯამურად დაახლოებით 1200 ბავშვის მიღება.

ზოგადი განათლება

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მხარდასაჭერად, 2021 წელს შემუშავებული ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების კონცეფციის შესაბამისად, დადგინდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და პროცედურები.

დაიწყო აქტიური მუშაობა საჯარო სკოლების ავტორიზაციის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კულტურის დანერგვასა და განვითარებას. ამ მიზნით, შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ელექტრონული სისტემა, რომლის მიხედვითაც პირველად მოხდება საჯარო სკოლების თვითშეფასება განახლებული სტანდარტების მიხედვით.

ასევე პირველად შეიქმნა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების სისტემა და დღეს უკვე 146 სერტიფიცირებული სპეციალისტია, რომლებიც საჯარო სკოლებს მოამზადებენ ავტორიზაციისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

2022 წლის იანვრის თვიდან გაიზარდა სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარის ოდენობით. ასევე 10%-ით გაიზარდა სკოლის ადმინისტრაციის ტექნიკური პერსონალის ხელფასი.

დამატებით აღსანიშნავია, რომ მომზადებულია დირექტორებისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფციის პირველადი ვერსია, რომელიც აქცენტს აკეთებს სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის, ფუნქციების გაძლიერებაზე.

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სასკოლო კულტურის განვითარების მიზნით, გაგრძელდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაწყებით და საბაზო საფეხურებზე. 2021-2022 სასწავლო წლიდან აღნიშნული პროცესის მხარდამჭერი სერვისები ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.

მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მხარდამჭერი ექსპერტების ქსელი. მომზადდა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდამჭერი საგანმანათლებლო რესურსები. მოხდა სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და ინტერნეტით უზრუნველყოფა. 2021 წლის შემოდგომაზე დამატებით 427 სკოლა აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით.

2021 წელს გადამუშავდა და დამტკიცდა საშუალო საფეხურის საგნობრივი სტანდარტები. გარდა შინაარსობრივი და მეთოდოლოგიური განახლებისა, ეროვნულ სასწავლო გეგმას საშუალო საფეხურზე დაემატა საგანი − საქართველოს ისტორია.

2022-2023 სასწავლო წლიდან, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება ჭადრაკი.

მიმდინარეობს დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სასწავლო გეგმების გადამუშავება. მომზადდა და დამტკიცდა საგნის − „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ − განახლებული სტანდარტი, რომელიც დაწყებით საფეხურზე II, III და IV კლასებში ინერგება.

სკოლებში პილოტირებას გადის ე. წ. „ექიმის საათი“, რომლის ფარგლებშიც, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კვალიფიციური და გადამზადებული სკოლის ექიმები აწვდიან ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზების, ძალადობის ნიშნების ამოცნობის, თანასწორობის, კიბერბულინგისა და უფლება-მოვალეობების შესახებ.

კიბერუსაფრთხოების სფეროში ცოდნის ამაღლების მიზნით, შეიქმნა სატრენინგო მოდულები, რომლითაც აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლება.

აქტიურად მიმდინარეობდა ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი გრიფირების განახლებული პროცედურებით. 2021 წელს დასრულდა საბაზო საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირება და 2022 წლიდან დაიწყო საშუალო საფეხურზე, X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება. შესაბამისად, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები უკვე X კლასის ჩათვლით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან. 2023 წელს დაგეგმილია როგორც XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების, ასევე დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების განახლებული სახელმძღვანელოების გრიფირება.

საანგარიშო პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ინკლუზიური განათლების კომპონენტის დანერგვისა და სსსმ/შშმ პირებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ სოციალიზაციის განსაკუთრებული პროგრამები, გრძელდება სპეციალური საგანმანათლებლო სერვისი − „ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის“ სახით.

სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის შეიქმნა სახელმძღვანელოების აუდიოვერსიები, ასევე განხორციელდა დამხმარე ტექნიკური საშუალებების შეძენა.

2021 წლის 1 სექტემბრიდან გაიზარდა სკოლებისათვის განსაზღვრული დამატებითი დაფინანსების ოდენობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების მხარდაჭერისათვის.

მომზადდა დაწყებითი საფეხურის ქართული ჟესტური ენის სტანდარტი, რომლის მიხედვით სმენის დარღვევის მქონე/ყრუ მოსწავლეებისთვის მოხდება სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზება და სასკოლო კურიკულუმის შექმნა.

დამტკიცდა „დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი“, რომელიც დაეხმარება სკოლებს, საგანმანათლებლო დანაკლისების აღმოფხვრის მიზნით, განახორციელონ დამატებითი ინტერვენციები.

ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება „სურდო-თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა“.

მომზადდა სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი. 2021 წელს პირველად ჩატარდა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა პროფესიულ უნარებში, რის შედეგადაც კვალიფიკაცია დაადასტურა და შესაბამისი სტატუსი მოიპოვა 1302-მა კანდიდატმა.

გრძელდება ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ბილინგვური პროგრამით არაქართულენოვან სკოლებში, დაწყებით საფეხურზე, რომლის ფარგლებშიც, საგნების ერთი ნაწილის სწავლა-სწავლება მშობლიურ ენაზე ხორციელდება, მეორე ნაწილის − სახელმწიფო ენაზე. 2022 წლის სექტემბრიდან დაგეგმილია ბილინგვური სწავლების პროექტში ჩართული სკოლების რაოდენობის გაფართოება.

წელს, პირველად, სომხური და აზერბაიჯანული ენის მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, ჩააბარონ მშობლიური ენის გამოცდა და ჩაერთონ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის 41-ე საჯარო სკოლასა და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში დააფუძნა უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მშობლიურ ენაზე აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებისთვის სრულად არის შეთავაზებული უკრაინული სასწავლო პროგრამა. დამატებით ისინი შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და ასევე − საქართველოს ისტორიას. უკრაინულენოვან სექტორში დასაქმებული არიან უკრაინიდან ლტოლვილი პედაგოგები, ფსიქოლოგები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინულენოვანი მასწავლებლები. ამ ეტაპზე უკრაინულენოვან სექტორზე ბათუმსა და თბილისში 400-ზე მეტი მოზარდი სწავლობს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში ჯამში 1000-მდე უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას.

განათლების მიღმა დარჩენილი პირების სასწავლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით, უწყებათაშორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს განხორციელდა სკოლის მიღმა დარჩენილი 6-იდან 16 წლამდე ასაკის ბავშვების მონაცემების დაზუსტების პირველი ეტაპი. თავდაპირველი 10 404 მონაცემიდან სკოლაში დარეგისტრირდა 1 773 მოსწავლე, დაზუსტდა და დამატებით ღონისძიებებს არ საჭიროებს 3 962 მონაცემი (მუშავდება 2 415 მონაცემი). ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა ბავშვების მოძიების უფრო მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმის შესამუშავებლად.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შეიქმნა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების პროგრამა, სასწავლო რესურსები, სკოლის ადმინისტრატორთა და მასწავლებელთა ტრენინგ-მოდულები, შეფასებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტები.

უცხოეთის 38 ქვეყანაში მცხოვრები 720 ქართველი მოსწავლისთვის ტარდება ქართული ენის ონლაინგაკვეთილები.

სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მიმდინარეობს მანდატურების პერმანენტული გადამზადება ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის, კონფლიქტების მართვისა და პრევენციის თემებზე. ტოლერანტობის საკითხებზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 200-მდე საინფორმაციო შეხვედრა და შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიება სასკოლო საზოგადოების თანამონაწილეობით.

სსიპ − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის შეიქმნა ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმი და სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც ხორციელდება ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა.

სკოლებში შემუშავდა სოციალური მუშაობის მოდელი და დაიწყო საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერება. მზარდია სოციალური მუშაკების რაოდენობა. საანგარიშო პერიოდში დაინიშნა 31 ახალი სოციალური მუშაკი და ასევე გაიზარდა სოციალური მუშაკის შრომის ანაზღაურება 1200 ლარიდან 1500 ლარამდე.

საპილოტედ შერჩეულ სკოლებში დაიწყო სასკოლო მედიაციის პროგრამის განხორციელება და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და აღდგენითი პროცესების დანერგვა. გრძელდება ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის, ძალადობისა და კიბერბულინგის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.

აქტიურად ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 24-საათიანი ცხელი ხაზი. ამოქმედდა ახალი ვებგვერდი − befriend.mes.gov.ge, სადაც ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღება კონფიდენციალური ონლაინჩათის საშუალებითაა შესაძლებელი.

მიმდინარეობს მანდატურთა შერჩევისა და გადამზადების პროგრამა. დამატებით, 2022 წლის სექტემბრისთვის, მანდატური 112 საჯარო სკოლას დაემატება.

2022 − 2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის პროექტით განისაზღვრა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სისტემისა და პროფესიის რეგულირების ახალი წესის შემუშავების ვალდებულება. პროფესიული განვითარების ახალი სისტემის პირველადი ვერსია მომზადებულია მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის მიერ.

მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობისათვის, შეიქმნა 103 სატრენინგო მოდული როგორც საგნობრივი, ასევე გამჭოლი მიმართულებებით და ჯამში გადამზადდა 46 545 მასწავლებელი.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა STEM განათლების მიმართულებით. პირველად STEM ლაბორატორიაში ტრენინგებს ერთად გადიან მასწავლებლები და მოსწავლეები.

სწავლების დისტანციური და ჰიბრიდული მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიზნით, მომზადდა რეკომენდაციები და პუბლიკაციები სკოლის დირექტორებისთვის, მასწავლებლებისთვის, ონლაინსწავლებისა და შემცირებული საგაკვეთილო საათების პირობებში, როგორ დაიგეგმოს და განხორციელდეს სასწავლო პროცესი, ასევე მოსწავლეთა შეფასება. ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სპეციალური საგნობრივი მხარდამჭერი ჯგუფები (მათ შორის, ტექნოლოგიების ექსპერტები) კი რეგიონულ დონეზე, აქტიურად მუშაობდნენ სკოლებთან დისტანციური სწავლების პრაქტიკის დახვეწის კუთხით.

სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში დასრულდა 43 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის მშენებლობა. დასრულდა 44 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მიმდინარეობს 51 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულდა 160-ზე მეტი სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და მიმდინარეობს 100-მდე სკოლის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სენაკის ბაზაზე არსებული რეგიონული ინოვაციური ჰაბის მშენებლობა.

თბილისსა და რეგიონებში აშენდება და რეაბილიტირდება 800 სკოლა. უფრო კონკრეტულად, აშენდება 80 ახალი სკოლა და 220 სკოლა − სრულ, ხოლო 500 − ნაწილობრივ რეაბილიტაციას გაივლის. ამ უპრეცედენტო მასშტაბის მქონე პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ლარს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სიკეთით ისარგებლებს 230 000-ზე მეტი მოსწავლე. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, სამთავრობო გეგმის შესრულების შესახებ ზემოაღნიშნული ანგარიშით ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე 24 ივნისს წარსდგება და მთავრობის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, დეპუტატებს კითხვების დასმის შესაძლებლობაც ექნებათ.

ასევე იხილეთ:

რამდენია განათლების სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი და როგორია მატების დინამიკა – საქსტატის უახლესი მონაცემები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური