საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში განათლების სამინისტრო გარკვეულ პირობებს შესთავაზებს – მინისტრის ბრიფინგი
განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტროში ბრიფინგი იწყება, სადაც მინისტრი განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე ისაუბრებს.
EDU.ARIS.GE– სთვის ცნობილი გახდა, რომ საუბარი იქნება მასწავლებელთა სქემის შესახებაც. წინასწარი ინფორმაციით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებს, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში გარკვეულ პირობებს შესთავაზებს.
კონკრეტულად: საპენსიო ასაკის მასწავლებლები, რომლებიც არ იქნებიან სტატუსის ამაღლების მსურველები, 2019 წელს პროგრამიდან გასვლის შემთხვევაში მიიღებენ ფულად ჯილდოს ორი წლის ჯამური ხელფასის ოდენობით ერთიანად და ამასთან, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს სიცოცხლის ბოლომდე. თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი სტატუსის ამაღლების 2 წარუმატებელი მცდელობის შემდეგაც ვერ აიმაღლებს სტატუსს, მას რჩება შესაძლებლობა, სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, დროებით ხელშეკრულების საფუძველზე განაგრძოს პროფესიული საქმიანობა. პრაქტიკოსი, საპენსიო ასაკის მასწავლებელი, სტატუსის ამღლების 2 წარუმატებელი მცდელობის შემდეგაც, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, ისარგებლებს პრივილეგიით, მიიღებს ფულად ჯილდოს და დაზღვევას.
მინისტრის კომენტარი ბრიფინგზე საკითხთან დაკავშირებით:
“საჭიროებიდან გამომდინარე, მასწავლებლის სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო იზრუნებს პრაქტიკოსი საფეხურის პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. შესაბამისი გადამზადების პროგრამებით და ამის შემდგომ კიდევ ერთხელ, განმეორებით მისცემს მათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობას 2019 წლის შემოდგომაზე.
“მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, იმ ღვაწლმოსილ მასწავლებლებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების, სტატუსის ამაღლების შესაბამისად პროფესიული საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია. კერძოდ, 2019 წელს, სახელმწიფო მათ სთავაზობს ერთჯერად ფულად ჯილდოს ერთიანად ორი წლის ჯამური ხელფასის სახით. ასევე მათ შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. პრაქტიკოს საპენსიო ასაკის პედაგოგებს ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლონ სტატუსი. ორი წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, მათ შეეძლებათ ისარგებლონ მინიჭებული პრივილეგიით და მიიღონ სახელმწიფო ჯილდო 2019 წლის შემოდგომაზე.
“თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 2019 წლის ბოლომდე ვერცერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ აიმაღლებს სტატუსს, ის შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით”, – განაცხადა მინისტრმა.
ამავე თემაზე:
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება