საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებისთვის ცხრა ახალი პროექტი იწყება
პროფესიული განათლების კვირეულის (Skills Week Georgia) ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის განათლებისა და დასაქმების პროგრამა-ახალი შესაძლებლობები“ გახსნა. კონფერენციის მთავარ მიზანს ევროკავშირის „შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული უნარების განვითარების პროგრამის“ (skill4jobs) მეორე ფაზის განხილვა და ევროკავშირის პროგრამის მიერ დაფინანსებული ცხრა ახალი საგრანტო პროექტის გაცნობა წარმოადგენდა. ევროკავშირის მიმდინარე პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი პოტენციალის აქტუალიზაციაში, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაძლიერების, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის გზით.
განათლების სამინისტროს ცნობით, ცხრა პროექტი, რომლებზეც ევროკავშირმა ჯამში 7 მილიონი ევრო გამოყო, მიმართული იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანთა მიერ პროფესიული განათლებისა და მეწარმეობაში ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები შეესატყვისებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნას და უწყვეტი განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და სოციალურად დაუცველი პირებისთვის.
მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მხარდაჭერის როლზე პროფესიული განათლების რეფორმის საქმეში. მისი თქმით, პირველივე პროგრამიდან, ევროკავშირთან პარტნიორობა გახდა მნიშვნელოვანი ასპექტი, რამაც საფუძველი ჩაუყარა რეფორმის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებას.
„განუზომელია ევროკავშირის როლი ჩვენს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებაში. ის მხარდაჭერა, რასაც ბოლო დეკადის განმავლობაში ვიღებთ, მიმართულია დარგის კომპლექსური განვითარებისკენ, რომელშიც მოიაზრება ახალგაზრდული ფონდისა და სამეწარმეო პოტენციალის გააქტიურება, მოქალაქეებზე მორგებული სერვისების განვითარება, მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ევროკავშირის მხარდაჭერით, პროფესიული განათლების სფეროში ჩვენ დღეს გვაქვს თანამედროვე კვალიფიკაციები, რომლებიც ჰარმონიზებულია ევროკავშირის ჩარჩოსთან და ამით ჩვენ მოქალაქეებს აქვთ გლობალურ ბაზარზე გასვლისა და ასპარეზობის შესაძლებლობა. ახლა დავიწყეთ რეფორმის მომდევნო ეტაპი, რომელიც იმედს ვიტოვებ, რომ იქნება კიდევ უფრო ნაყოფიერი და სწრაფი პროგრესის მომტანი. ჩვენი სისტემა და დაინტერესებული მხარეები დღეს ბევრად უფრო მომწიფებულები და მომზადებულები არიან რეფორმის მეორე ეტაპის განხორციელებისთვის. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მეტი პროგრესის ჩვენებას,“ – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
კვირეულის ფარგლებში, ონლაინ კონფერენციები უკვე მესამე დღეა იმართება. კონფერენციის მეორე დღე დაეთმო უნარების განვითარების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის შესახებ მსჯელობასა და ადგილობრივ ბაზარზე არსებული გამოწვევების განხილვას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე, როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ ბაზარზე. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატის, დამსაქმებელთა ასოციაციის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის, აწარმოე საქართველოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ადამიანური რესურსების ეროვნული ასოციაციების წევრებმა, რომელებმაც წარმოადგინეს ქართულ ეკონომიკაში არსებული ძირითადი გამოწვევები და მათი სამომავლო გადაჭრის გზები, ყურადღება გაამახვილეს დიგიტალიზაციისა და ინოვაციების მასიური ინტეგრირების მნიშვნელობაზე როგორც საგანმანათლებლო, ისე ბიზნეს სექტორში, ასევე, სახელმწიფოს როლზე კერძო სექტორსა და პროფესიულ განათლებას შორის აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის.
პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროგრამის Skills4Jobs მხარდაჭერით წელს დისტანციურ ფორმატში – ონლაინ კონფერენციების სახით 7-10 დეკემბერს იმართება. იგი ევროკომისიის ევროპული პროფესიული განათლების კვირეულის (European Skills Week) ფარგლებში ტარდება, რომელსაც საქართველო უკვე რამდენიმე წელია უერთდება.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები