სასკოლო ექსკურსიაზე მოზარდის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ორ პედაგოგს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, კერძო სკოლა „ალბიონის“ ორ პედაგოგს, გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება გასულ წელს ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რა დროსაც სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა.
„2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა ,,ალბიონის” XI2 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, ,,ნინოსხევის ჩანჩქერის“ მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს. დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა.
„პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ,,ნინოსხევის“ ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.
„ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
„წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით. ბრალდების მხარე, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს მიმართავს. საქართველოს პროკურატურა მიმართავს სკოლა ,,ალბიონი”-ს ადმინისტრაციას ვ.ქ.-სთვის პედაგოგიური საქმიანობის შეჩერების თაობაზე. რაც შეეხება ნ.ს.-ს, იგი აღარ ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თ.ვ.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE