GE

საუკეთესოდ აღიარებული საგანმანათლებლო აპლიკაციები ნებისმიერი ასაკისთვის

ინტერნეტის წყალობით განათლების სფეროს შესაძლებლობები წარმოუდგენელ დონემდე გაიზარდა. ახლა ქსელში როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის განკუთვნილი ტრენინგებია ხელმისაწვდომი. ისინი სხვადასხვა სფეროს, მათ შორის უცხო ენებს, პროგრამირებას, ქიმიას, მედიცინას, დიზაინს, ფოტოხელოვნებას, მუსიკას და სხვ. ეხება. ციფრულ საუკუნეში თვითგანათლება ძალიან მარტივი გახდა. ეს შესაძლებლობები განსაკუთრებულად აქტუალური იმ მშობლებისთვისაა, რომელთაც შვილებისთვის სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულზე მეტი ცოდნის მიცემა უნდათ. დღეს ჩვენ საუკეთესო საგანმანათლებლო აპლიკაციებს განვიხილავთ.

Duolingo: ისწავლე ენები უფასოდ

Duolingo არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული უცხო ენების შესასწავლი უფასო პლატფორმა. ის პირველ რიგში მოყვარულებისთვის არის შემუშავებული. აქ საწყის ეტაპზე ენაში არსებული ძირითადი სიტყვების შესწავლა, შემდეგ კი მათი წინადადებებში გამოყენება ხდება. აპლიკაციაში ენების შესასწავლი საინტერესო მეთოდებია გამოყენებული. ადამიანი მარტივი, პრაქტიკული და ლაკონიური სავარჯიშოების საშუალებით ახალ ენას უპრობლემოდ ითვისებს. აპლიკაცია ხელმისაწვდომია IOS, Android და Windows ფორმატში. აღსანიშნავია, რომ Duolingo ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ რეკომენდირებული, ინგლისური ენის შესასწავლი საუკეთესო პროგრამების სიაშია შესული.

Memrise: უცხო ენების შესწავლაში თამაშები დაგეხმარებათ

Memrise არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხო ენების შესასწავლი უფასო პლატფორმა. დამხმარე საშუალებად აქ თამაშები და საგანმანათლებლო სურათები გამოიყენება. აპლიკაციაში 25 ენის, მათ შორის ფრანგულის, ინგლისურის, ესპანურის, იაპონურისა და ჩინურის შესწავლაა შესაძლებელი. ისევე როგორც Duolingo, Memrise სასწავლო პროცესის გასამარტივებლად რამდენიმე ტაქტიკას იყენებს. აქ თქვენ ინტერაქტიულ თამაშებსა და ვიდეოგაკვეთილების უზარმაზარ ბაზას შეხვდებით. ამ ყველაფრის დახმარებით სასწავლო პროცესის მართვა მარტივი ხდება. ვინაიდან აპლიკაციაში ბევრ სავარჯიშოს თამაშის ფორმა აქვს, ის განსაკუთრებულად საინტერესოა ბავშვებისთვის.

Udemy: ვიძენთ მომავალი კარიერისთვის საჭირო ახალ უნარებს

Udemy არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია, რომელიც ონლაინ სწავლების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს. აქ 80 ენაზე სხვადასხვა თემის, მათ შორის პროგრამირების, თვითგანვითარებასა და პიროვნულ ზრდას, დიზაინის, ხატვის, იოგას, ანიმაციის, ვებ-დიზაინისა და ფოტოგრაფიის შესწავლას შეძლებთ. აპლიკაცია მომხმარებელს როგორც ფასიან, ისე უფასო კურსებს სთავაზობს. ეს არის ძალიან კარგი აპლიკაცია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულზე მეტი ცოდნის მიღება სურს.

Edx: ისწავლეთ უდიდესი უნივერსიტეტების პროფესორებთან

Edx არის უფასო ონლაინ კურსების უმსხვილესი პროვაიდერი. ის მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების (ჰარვარდის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი და სხვა) 2000-ზე მეტ კურსს აერთიანებს. ყველა მათგანი უფასოა, თუმცა კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მისაღებად, განსაზღვრული თანხის გადახდა არის საჭირო. შთამბეჭდავი ვიდეოგაკვეთილების დახმარებით Edx სასწავლო პროცესს სასიამოვნოსა და საინტერესოს ხდის.

Coursera: ისწავლეთ საუკეთესო ექსპერტებთან

Coursera სტენფორდის ორმა პროფესორმა შექმნა. აპლიაკციაში 140 წამყვანი უნივერსიტეტისა და კომპანიის კურსები არის თავმოყრილი. თემატიკა საინტერესო და მრავალფეროვანია. აპლიკაცია მომხმარებელს როგორც ფასიან, ისე უფასო კურსებს სთავაზობს. მათი უმრავლესობა ინგლისურ ენაზეა.

TED: ინტელექტუალური ელიტისთვის

TED არის ადგილი, სადაც ყველაზე გენიალური სამეცნიერო აღმოჩენები და პლანეტის ყველაზე ჭკვიანი ადამიანების ლექციებია თავმოყრილი. აქ თავმოყრილია ვიდეოები კონფერენციებიდან, სადაც ინტელექტუალური ელიტა თავისი კვლევის შედეგებზე ყვება. აპლიკაციაში ლექციები თემატიკის მიხედვით არის დახარისხებული.

Anatomy 4D: ანატომიის მოყვარულთათვის

Anatomy 4D იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვინც სკოლაში ანატომიით იყო დაინტერესებული, მაგრამ სამედიცინო სასწავლებელში არ ჩაუბარებია. მისი საშუალებით ადამიანის აგებულების დეტალური შესწავლა, კუნთების, სისხლძარღვთა სისტემისა და შინაგანი ორგანოების დონეზე არის შესაძლებელი. აპლიკაციაში ყველა გამოსახულება სამგანზომილებიანია, ასე რომ, ადმიანის აგებულების შესწავლა ყველა მხრიდან შეგიძლიათ. აპლიკაციას ასაკობრივი შეზღუდვა (17+) აქვს.

Artsy: ხელოვნებათმცოდნეებისთვის

ამ აპლიკაციის საშუალებით ხელოვნების ნამდვილი მცოდნე შეგიძლიათ გახდეთ. მისი ათვისების შემდეგ, ამ სფეროზე მსჯელობას, სამუზეუმო გიდების დონეზე შეძლებთ. აპლიკაციის საშუალებით მსოფლიოს მთავარ გალერეებსა და მუზეუმებში წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების შესწავლა შეგიძლიათ. კოლექცია, როგორც აღიარებული კლასიკოსების, ისე თანამედროვეობის საუკეთესო მხატვრების, 100 000-ზე მეტ ექსპონატს აერთიანებს.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური