სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.
დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამა, 2016 წელს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით უკვე 600-ზე მეტი დევნილი სტუდენტი დაფინანსდა.
განაცხადების შევსება დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში მიმდინარეობს.
განაცხადს უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით; განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; განაცხადის მიღების თვეში აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია); კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი მაგალითად, შეზღუდვის დამადასტურებელი ცნობა, ფორმა N100 და ა.შ.
აგრეთვე, სააგენტოს ცნობით, პროგრამაში მონაწილეობისათვის ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: რეგისტრირებული უნდა იყოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და ჰქონდეს დევნილის სტატუსი; სწავლობდეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში; სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2017-2019 წლებში; განმცხადებლის მისამართსა და იმ სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, სადაც იგი ჩაირიცხა, მანძილი კი, ორ კილომეტრზე მეტი უნდა იყოს.
წყარო: 1tv
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები